სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შეძლებს თუ არა კასანო-პაცინის წყვილი გენუელთათვის წარსული საფეხბურთო დიდების დაბრუნებას
    მამუკა ნაცვალაძე
    26.09.2009

    "სამპდორია" ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებდა და "იუვენტუსს" მხოლოდ ბურთების სხვაობით უსწრებდა.
    ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელი ჯან ლუკა ვიალი აღიარებს, რომ სასიამოვნოდაა გაკვირვებული თავისი ყოფილი გუნდის წარმატებული თამაშით.
    შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურას" ერთ-ერთმა გამორჩეულმა თავდამსხმელმა თავისი კარიერა სწორედ გუნელთა რიგებში დაიწყო. ვიალი რვა წლის განმავლობაში თამაშოდა აქ, შედეგებიც საკმაოდ წარმატებული და შთამბეჭდავი ჰქონდა. მოიგო სერია "ა" (1990-91 წწ.), სამჯერ იტალიის თასი (1985, 1988 და 1989 წლებში), 1990 წელს ევროპულ ასპარეზზეც გამოიჩინა თავი და მოიპოვა თასების მფლობელთა თასი.
    "სამპდორიას" წარმატებების ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ ჯან ლუკა ვიალი გახლდათ. ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, როცა 1992 წლის ზაფხულში გუნელთა კლუბმა "იუვენტუსთან" გააფორმა იმ პერიოდისათვის სარეკორდო 12,5 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ტრანსფერი, რომლის შედეგადაც ვიალი "ბებერი ქალბატონის" საკუთრება გახდა.
    "ჩემს დროს ბევრი ამბობდა, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა "სამპდორიას" ოდესმე კიდევ დაეჩნია იტალიურ ფეხბურთში ასეთი გამორჩეული კვალი, - ამბობს ვიალი, - თუმცა, ვხედავ, რომ ბიჭები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და პირველი შედეგიც თვალსაჩინოა. ოთხ მატჩში ოთხი მოგება, ეს მართლაც შესანიშნავი შედეგია. "სამპდორიას" ასეთ შედეგზე მეგონა, რომ არც კი შეეძლო ოდესმე ოცნება."
    როგორც გაირკვა, ვიალის აქვს თავისი მოსაზრება გუნდის წარმატებულ სტარტთან დაკავშირებით.
    "ეს კლუბი ბოლო ხანებში აწარმოებდა ერთგვარად დაფარულ პოლიტიკას, რაც ხელისგულზე არ ჩანდა. თანაც ისე, რომ მაინცდამაინც არავინ ფიქრობდა მალევე შედეგის მიღებას და სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევას.
    ეს პროცესი გარკვეული წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლა სწორედ ამან გამოიღო შედეგი. ფანების ხელშეწყობითა და მოწადინებით ერთი მთლიანი ორგანიზმი შეიქმნა. როცა გულშემატკივრებთან ასეთი ერთობაა, ეს მართლაც დიდი კოზირია ნებისმიერი გუნდისთვის, რაც თავის მხრივ საკმაოდ სერიოზული შედეგების წინაპირობა გახლავთ.
    პირველ რიგში "სამპდორია" ის კლუბია, რომელიც თავისი პატიოსანი დამოკიდებულებით გამოირჩევა საქმისადმი. აქ საკმაოდ კარგ ერთობლიობას ქმნიან ერთი მხრივ თავმოყვარე ახალგაზრდა ფეხბურთელები და მეორე მხრივ გამოცდილი მოთამაშეები.
    კასანო და პაცინი გუნდის გამორჩეული ლიდერები არიან და საყოველთაო სიმპათიითა და სიყვარულით სარგებლობენ. ამ ორ მოთამაშეს განუზომელი სურვილი აქვს დაამტკიცოს, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან", - ამბობს ვიალი.
    იტალიელი ჟურნალისტები ვიალისთან საუბრისას ჩაუღრმავდნენ ისტორიას და დაინტერესდნენ, რამდენად იწვევს იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავში ასოციაციას კასანო-პაცინის თავდამსხმელთა წყვილი ერთ დროს გამორჩეულ თავდასხმის დუეტთან, რომელსაც ვიალი და მანჩინი შეადგენდნენ.
    "მომწონს, რომ ასეთი პარალელის ასოცირება ხდება. ეს ორი წყვილი თავისი არსით მართლაც საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ მე და რობერტოს დამატებითი იარაღი გაგვაჩნდა - ჩვენი წარმომავლობაა.
    ჩვენ ხომ სწორედ გენუელები ვართ. ეს ფაქტორი არ თამაშოდა მეორეხარისხოვან როლს მოედანზე მაქსიმალურად თავდადებისას. მე უფრო სიღრმიდან ვთამაშობდი, მანჩინი კი წინ იყო წაწეული. ნებისმიერ შემთხვევაში ვიტყვი, რომ კასანო და პაცინი ორი შესანიშნავი ფორვარდია, პირველ რიგში თვალში მხვდება ის, რომ ერთმანეთს კარგად ავსებენ.
    გულშემატკივრებმა მადლობა უნდა უთხრან იმ გუნდს, როლემაც მაქსიმალურად მისცა საშუალება ამ ორ თავდამსმელს თავისი კლასი ეჩვენებინა." - ამბობს ვიალი.
    ცნობილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ასევე შეადარა თავისი ყოფილი კლუბი სერია "ა"-ს ერთ-ერთ ფავორიტს, მისთვის ასევე მშობლიურ "იუვენტუსს".
    "როცა "სამპდორიაში" თამაშობ, ერთი საერთო ოჯახის ნაწილი ხდები, "იუვენტუსში" თამაშისას კი ხდები დიდი ბიზნესის ნაწილი. მეორე მხრივ, "სამპდორია" საკმაოდ კარგი ადგილია იმისათვის, რომ შედეგები მოიპოვო.
    მაშინ როცა "იუვენტუსი" უდიდესი კლუბია, სადაც გარკვეული გარემოცვა იმის საშუალებას მოგცემს, რომ თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. "იუვენტუსი" მართლაც განსაკუთრებული კლუბია, ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ამ გუნდის მაისურს ატარებს, გარკვეულ წნეხშია მოქცეული და ზეწოლას განიცდის.
    ტურინში თვლიან, რომ მხოლოდ უნდა მოიგო, სხვა შედეგი არც კი განიხილება. ასეთია გულშემატკივართა მოთხოვნა და ნებისმიერი მოთამაშე ამ მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს." - ამბობს ვიალი.
    იტალიურმა პრესამ ასევე სთხოვა ვიალის თავისი ვარაუდი გამოეთქვა იმასთან დაკავშირებით, რა შანსი აქვს "იუვენტუსს" "ინტერთან" მიმართებაში და რამდენად შეუძლია მას მოურინიოს გუნდს დაატოვებინოს იტალიის ჩემპიონის ტიტული.
    "იუვენტუსს" საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს, იმისათვის რომ სკუდეტო მოიგოს, - ამბობს ვიალი, - ისინი მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ მიმდინარე ზაფხულში. რაც შეეხება "ინტერს", მათ იბრაგიმოვიჩი დაკარგეს, მაგრამ ამასთან ხუთ საკმაოდ კარგ ფეხბურთელთან გააფორმეს კონტრაქტი.
    ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე ამ ორიდან რომელი გუნდია უფრო ძლიერი. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია - გუნდი, რომელიც ბოლო ოთხი წელი ზედიზელ იგებს სკუდეტოს, ბუნებრივია, მიმდინარე გათამაშებისას ფავორიტად რჩება."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter