სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თუ დავამტკიცებ რომ ღირსი ვარ პრეზიდენტობისა, დავრჩები, თუ არადა თავად დავტოვებ ამ პოსტს"
    მარი მგალობლიშვილი
    25.09.2009

    ოფიციალურად წარადგინა სფფ-ს სამდივნოში თავისი კანდიდატურა საფეხბურთო კლუბ "ბაიას" პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. სიჭინავა ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და საფეხბურთო კლუბ "ბაიამ" წარადგინა. სიჭინავას ფედერაციაში თან ახლდნენ ყოფილი ფეხბურთელები ალექსანდრე ჩივაძე და რევაზ ჩელებაძე.
    სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე შეხვდა მსაჯებს, კლუბების პრეზიდენტებს და მათ წარუდგინა თავისი საპროგრამო გეგმა. სიჭინავას საპროგრამო გეგმა 11 პუნქტისაგან შედგა. კლუბების პრეზიდენტებთან შეხვედრისას "დინამოსა" და "ზესტაფონის" წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.
    იმ შემთხვევაში, თუ ზვიად სიჭინავა გახდება პრეზიდენტი, მას სურვილი აქვს ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც ფეხბურთზე შესტკივა გული, მათ შორის დღევანდელი ფედერაციის ხელმძღვანელობასთანაც კი.
    თუმცა ჩვენთან საუბარში კითხვაზე, თუ ვინ იქნება მისი გუნდის წევრები, სიჭინავამ ასე გვიპასუხა, ისინი იქნებიან ჩემი დამკვირვებლები ამ წელიწადნახევრის განმავლობაშიო.
    "რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ნოდარ ახალკაცის და მისი გუნდის მუშაობას?
    ზვიად სიჭინავა: შეფასებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან არ ვიცი, ფედერაციაში რა კეთდებოდა, ამიტომაც ჩემი მხრიდან არასწორია შევაფასო ის საქმე, რაც არ ვიცი.
    "რ": ოფიციალურად უკვე საპრეზიდენტო კანდიდატი ბრძანდებით. თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ფედერაციის შიდა სამზარეულოსთან დაკავშირებით...
    ზ.ს: მე არ მაქვს უფლება მოვითხოვო რაიმე ფედერაციაში. ამასთანავე არავინ მეტყვის რა ხდება შიგნით, თან არა მგონია, რაიმე დარღვევები იყოს. თუ გავიმარჯვებ და თუ რაიმე დარღვევები აღმოვაჩინე, მედიის საშუალებით ვიტყვი ყველაფერს. საერთოდ არასწორია იმაზე საუბარი, რაც არ იცი.
    "რ": ნოდარ ახალკაცმა გადადგომის მიზეზად ნაკრების ცუდი შედეგი დაასახელა...
    ზ.ს: ყველას თავისი აზრი აქვს. დიდ პატივს ვცემ ნოდარ ახალკაცს, ის არის ძალიან კარგი მენეჯერი. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მან გააკეთა ის არჩევანი, რომელიც თავად სურდა. ძალით ასეთ არჩევანს არავინ გააკეთებინებდა.
    "რ": როგორ ფიქრობთ, დღეს ქართული ფეხბურთი რა მდგომარეობაშია?
    ზ.ს: ქართული ფეხბურთი მშვენიერ მდგომარეობაშია, უბრალოდ, ცოტა დახმარება უნდა. საქართველოში ფეხბურთელები არიან, პოტენციალი არის, ამ ყველაფერს სჭირდება მხარდაჭერა, სწორი მენეჯმენტი, კარგი პირობები, განვითარება მწვრთნელების.
    "რ": ნოდარ ახალკაცს ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ბავშვთა ფეხბურთს ყურადღება არ ექცეოდა. თქვენთვის თუ იქნება ეს საკითხი პრიორიტეტი და საერთოდ როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა?
    ზ.ს: ჩემი პროგრამა, რომელიც ფედერაციაში წარმოვადგინე, ასეთია: პირველად უპირატესობას ვანიჭებ ინფრასტრუქტურას, მოედნებს, სამედიცინო ცენტრებს და კვების ბლოკებს. მეორე საკითხია ბავშვთა ფეხბურთი, მე-3 არის შიდა ჩემპიონატი, მეოთხე პოზიცია არის განვითარება მწვრთნელების, მსაჯების, ფსიქოლოგების და ექიმების, მე-5 არის - ნაკრები და ასე შემდეგ.
    ეს არის მთავარი ფუნდამენტი, რომელიც უნდა ჩაიდოს ქართულ ფეხბურთში. თუ ეს მე წელიწადნახევარში შევძელი, ვფიქრობ, ჩემს შემდეგ ვინც მოვა, მისთვის იოლი იქნება დაწყებული საქმის გაგრძელება.
    "რ": როდესაც ფედერაციაში თქვენი კანდიდატურა წარადგინეთ, თქვენ იქვე თქვით, რომ თუ ჩემი სამუშაო ბოლომდე ვერ შევასრულე, ჩემი ნებით წავალო...
    ზ.ს: იმ შემთხვევაში, თუ მე გავხდი პრეზიდენტი, ვადის ამოწურვამდე ვიმუშავებ, რადგან ნებისმიერ საქმეში ერთი დღე წყვეტს ყველაფერს. ილუზიებით არ მოვდივარ და არავის ვეუბნები, რომ გვეყოლება ძლიერი ნაკრები, იმიტომ, რომ ეს არის საქართველო. საქართველოში ფეხბურთი არის მეორე რელიგია. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი რელიგია იყოს ძლიერი.
    "რ": თუ გყავთ ჩამოყალიბებული გუნდი ვისთან ერთადაც იმუშავებთ ფედერაციაში?
    ზ.ს: არა, მე მივდივარ მარტო. ვინც იქნება ჩემს გვერდით, ის ხალხი იქნება არა ჩემი გუნდი, არამედ ისინი იქნებიან დამკვირვებლები. რომლებიც დამიდგებიან გვერდში, გააკონტროლებენ ყველაფერს, დამეხმარებიან ჩემს საქმეში. წელიწადნახევრის შემდეგ თუ მე ჩემი საქმე პირნათლად ვერ შევასრულე, არ მსურს ეს ხალხი გაილანძღოს.
    "რ": თუ ითანამშრომლებთ დღევანდელი ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და შეინარჩუნებენ თუ არა ისინი თანამდებობებს?
    ზ.ს: ერთს ვიტყვი, მე მოვდივარ ერთი დევიზით - უნდა მოხდეს ქართული ფეხბურთის გაერთიანება. ქართული ფეხბურთი არის რამდენიმე ნაწილად დაყოფილი - ეს ასე არ უნდა იყოს. ყველას ვთხოვ, მოვიდნენ, დამიდგნენ გვერდში, თუ უყვართ ფეხბურთი. არ უნდა იყოს ლაპარაკი რაღაც ამბიციებზე. ყველას მოვუწოდებ, ვინც მუშაობს ფედერაციაში და ვინც არ მუშაობს, დაგვიდგნენ გვერდში.
    "რ": ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ საფეხბურთო ოპოზიციასა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის არ დგებოდა დიალოგი, რაც იწვევდა სწორედ ქართული ფეხბურთის დანაწევრებას...
    ზ.ს: ფეხბურთი თუ გვიყვარს, საუბარი აღარ უნდა იყოს ოპოზიციასა და პოზიციაზე. წელიწადნახევარი დაისვენეთ, დაგვიდექით გვერდში. ერთი წლის შემდეგ, ვისაც რა გინდათ, ის გააკეთეთ. ახლა ყველას ვთხოვ, განაწყენებულია თუ არა, მაინც დაგვიდგნენ გვერდში და ერთად გადავდგათ ნაბიჯი უკეთესობისკენ ქართული ფეხბურთისთვის.
    "რ": თუ შეხვდებით სხვა კანდიდატებსაც?
    ზ.ს: დიდი სიამოვნებით შევხვდები ყველას. წავიკითხე ნიკო ლეკიშვილის პროგრამა და ძალიან მომეწონა. როგორც პიროვნებას, არ ვიცნობ, მაგრამ დიდი სიამოვნებით შევხვდები ყველას.
    "რ": იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაიმარჯვეთ არჩევნებში, მოგიწევთ დათმოთ "ბაიას" პრეზიდენტობის თანამდებობა, რა ელის ამ კლუბს თქვენი წამოსვლის შემდეგ?
    ზ.ს: "ბაია" იმიტომ ჰქვია, რომ ნიშნავს პატარას და ჩემს პატარას ვტოვებ. იმ შემთხვევაში, თუ გავხდი პრეზიდენტი, არ ჩავერევი "ბაიას" საქმეებში, პირიქით, კლუბს უფრო მკაცრად მივხედავთ, ექნებათ მკაცრი მსაჯობა და მოთხოვნილება. "ბაია" უნდა დამიდგეს გვერდით და უნდა გახდეს სამაგალითო კლუბი.
    "რ": თუ გახდებით პრეზიდენტი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი შეინარჩუნებს თუ არა თავის პოსტს?
    ზ.ს: რაც შეეხება ნაკრებს, ერთს ვიტყვი, მე არ ვარ ფეხბურთის სპეციალისტი, მე ვარ მენეჯერი. თუ გავხდი პრეზიდენტი, ჩემს გვერდით იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მომცემენ რჩევას, თუ ვინ უნდა იყოს ნაკრების სათავეში - შეიძლება იყოს ქართველი, სომეხი თუ ამერიკელი, ეს უნდა გადაწყვიტონ პროფესიონალებმა და მომაწოდონ აზრი მათ.
    "რ": უკვე მოიაზრება ნაკრების თავკაცად თემურ ქეცბაია...
    ზ.ს: თემურ ქეცბაიას დიდ პატივვს ვცემ, მან საკლუბო ტურნირებზე გვასახელა. ის ხალხი, ვინც იქნება ჩემ გვერდით და გამოთქვამენ სურვილს, რომ ქეცბაია უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, მაშინ დავთანხმდები. ასევე ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ, თუ ნაკრები დამარცხდება, გინება ჩვენც შეგვეხება.
    "რ": თქვენ უკვე შეხვდით ვეტერან ფეხბურთელებს და კლუბების პრეზიდენტებს, მათგან თუ გაქვთ მახრდაჭერის იმედი?
    ზ.ს: ვეტერანი ფეხბურთელებიდან მხარდაჭერა ნამდვილად არის. პროგრამა, რომელიც წარვუდგინე, მათ მოეწონათ. რაც შეეხება კლუბების პრეზიდენტებთან შეხვედრას, მათთან ჩემს პროგრამაზე საუბარი არ ყოფილა, ვისაუბრეთ დღევანდელ ფეხბურთში არსებულ პრობლემაზე. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ჩემპიონატი ნორმალურად ჩატარდეს.
    "რ": თქვენ ზუგდიდში ააშენეთ საფეხბურთო ბაზა, ასევე გეგმავდით მსგავსი ბაზების აშენებას სხვა რეგიონებშიც. თუ გააგრძელებთ ამ პროექტს?
    ზ.ს: თუ პრეზიდენტი გავხდი, უკვე ვალდებული ვარ, აქამდე თუ ვაპირებდი, ახლა ვალდებული ვიქნები. ასეთი ბაზები უნდა იყოს ყველა რეგიონში. ასევე უნდა გვქონდეს რამდენიმე სამედიცინო ცენტრი, კარგი მოედნები, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. როდესაც ყველაფერი ეს იქნება, გაიზრდებიან კარგი ფეხბურთელები, რომლებიც კარგ გუნდში მოხვდებიან.
    "რ": ხშირად გამოთქვამენ ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელები მსაჯების მიმართ უკმაყოფილოებას. თქვენ მსაჯებთანაც გქონდათ შეხვედრა და რაზე იყო საუბარი?
    ზ.ს: როგორც კლუბის მეპატრონე, ჩვენი მხრიდანაც არსებობს მსაჯების მიმართ უკმაყოფილება. როგორც კანდიდატმა, მოვისმინე მსაჯების პრობლემა - უნდა ვიყო ობიექტური ამ შემთხვევაში და ვეთანხმები მათ, რომ არსებობს ფინანსური პრობლემა და ეს აწუხებთ მსაჯებს. ასევე უნდა არსებობდეს ღირსების საკითხი, რომელიც არ აქვთ. მსაჯთა კორპუსში ბევრი პრობლემაა.
    "რ": არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა, სხვა კანდიდატები ყრილობის გადატანას მოითხოვენ, თქვენ თუ ხართ ამის მომხრე?
    ზ.ს: რომ მოეცათ ორი-სამი თვე ვადა, მაინც ცოტა დრო იქნებოდა, რადგან დრო არავის ყოფნის. ამ დროში ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ყველას შევხვდეთ.
    "რ": საფეხბურთო სამყაროში ჩართვამდე თქვენ ბიზნესს მისდევდით, როგორ მოხვდით საფეხბურთო სამყაროში?
    ზ.ს: ბავშობიდან მიყვარს ფეხბურთი. არ ვიტყვი, რომ მახსოვს მეტრეველის და მესხის ფეხბურთი. თუმცა გავიზარდე და მახსოვს ყიფიანის, დარასელიას, მაჩაიძის გაბელიას თამაში. ეს ის თაობაა, რომლებმაც შემაყვარეს ფეხბურთი.
    "რ": თუ თქვენ გახდით პრეზიდენტი, 2011 წლის არჩევნებში კიდევ იყრით კენჭს?
    ზ.ს: თუ შევძელი ამ წელიწადნახევარში იმის დამტკიცება, რომ მე ღირსი ვარ პრეზიდენტობისა, კი და თუ არა, თავად დავტოვებ ამ პოსტს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter