მარიამ ნებულიშვილი
25.06.2020

 ვენესუელაში ნავთობის ჩატანის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ნავთობგადამზიდი გემების 5 კაპიტანს სანქციები დააკისრა. ამის შესახებ სპეციალური განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.

„დღეს, შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ირანული გემების 5 კაპიტანს, რომლებმაც დაახლოებით 1.5 მილიონი ბარელი ირანული საწვავი ვენესუელაში ჩაიტანეს, რათა მხარი დაეჭირათ კრიზისში მყოფი და არალეგიტიმური მადუროს რეჟიმისთვის. ამ კაპიტნების აქტივები დაიბლოკება და მათ აეკრძალებათ აშშ-ის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილება. საზღვაო პირები, რომლებიც საქმიან ურთიერთობებს აწარმოებენ ირანთან და ვენესუელასთან, აშშ-ის მხრიდან შესაბამისი ზომების წინაშე აღმოჩნდებიან", - განაცხადა პომპეომ პრესკონფერენციაზე.

ვენესუელას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გასულ წელს შეწყდა. აშშ და კიდევ 60-ამდე სახემწიფო ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობს და მხარს ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს უჭერენ. 2019 წლის იანვარში ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც მადურომ გაიმარჯვა. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ მას არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი და თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. სწორედ, გუაიდოს აღიარებს აშშ და მსოფლიოს 60-ამდე სახელმწიფო. მადუროს მხარს კი - რუსეთი, კუბა, ჩინეთი და ირანი უჭერენ.

პომპეომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა გენერალურ ასამბლეაზე მხარს დაუჭერს ვენესუელას ოპოზიციურ ლიდერ ხუან გუადიოს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მხარი დავუჭიროთ გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტ გუაიდოს და ვენესუელი ხალხის მოთხოვნას, რომ აღადგინონ დემოკრატია",- თქვა მან.

ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს დაბლოკოს ირანის ენერგოვაჭრობა, ასევე, მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას მადუროს. თავად ნავთობექსპორტიორი ვენესუელა მძიმე კრიზისშია. მისი ნავთობის ექსპორტი ბოლო 70 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.

ვაშინგტონი ასევე ზეწოლას ახორციელებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც კარაკასს ნავთობს აწვდიან. ვენესუელისთვის ნავთობ-მიწოდების შეზღუდვის მიზანი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის დასრულებაა. ვენესუელას მწვავე ეკონომიკურ კრიზის ხელს უწყობს ასევე ის ფაქტი, რომ ნავთობის დეფიციტს განიცდის, ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობა და კორუფციაა.

„ეს საქციები უაზრო ეგოისტური გამოვლინებაა და კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ვენესუელელების მიმართ ტრამპის სიძულვილს",- წერს ვენესუელას საგარეო სააქმეა მინისტრი ხორხე არეასი სოციალურ ქსელში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აბას მუსავის განცხადებით ვენესუელას და ირანს აშშ-ის ზეწოლის და უკანონი სანქციების არ ეშინიათ.

„აშშ-ის სასოწარკვეთილი ნაბიჯები ირანელების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. „მაქსიმალური ზეწოლის" მარცხის მიმანიშნებელია. აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, ირანს და ვენესუელას უკანონო ამერიკული სანქციების წინააღმდეგ დაპირისპირების არ ეშინიათ",- წერს მუსავი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპმა ირანს სანქციები ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლს ბირთვული შეთანხმება დატოვა. მისი ამ ნაბიჯით ირანის ეკონომიკამ დიდი დარტყმა მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×