ტატა შოშიაშვილი
21.06.2020

ეგვიპტის არმია ლიბიაში შეჭრისთვის ემზადება და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ანალიტიკოსების შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა დღეს სირიაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტზე უფრო მასშტაბური და სისხლიანი დაპირისპირება მივიღოთ.

„ეგვიპტე ხაფთარს პირდაპირ უცხადებდა მხარდაჭერას. პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ლიბია ეგვიპტის მოსაზღვრე ტერიტორიაა; ეგვიპტესა და ლიბიას გააჩნიათ ტერიტორიული დავები - საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომელიც მდიდარია გაზითა და ნავთობით... თუ ლიბიაში ასე გაგრძელდა სიტუაცია, ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული რეგიონალური კონფლიქტი", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია ეგიპტის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა ლიბიაში ხალიფა ხაფთარს დაეხმაროს და საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს.

ეგვიპტის პირველმა პირმა, აბდელ-ფათაჰ ას-სისიმ ლეგიტიმურად გამოაცხადა ეგვიპტის მხრიდან ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოსა და ლიბიის ეროვნულ არმიას შორის მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირი ჩარევა. ამის შესახებ მან შაბათს ლიბია-ეგვიპტის საზღვართან ახლოს განლაგებულ სამხედრო ბაზა სიდი - ბარანიზე განაცხადა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ინსპექტირებისას.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო ძალის გამოყენებით აიღებს ქალაქებს სირტსა და ელ-ჯუფრას, ეს იქნება „წითელი ხაზი", რომლის გადაკვეთის შემდეგაც ეგვიპტე ლიბიის კონფლიქტში ჩაერევა:

„ეგვიპტის სახელმწიფოს მიერ ნებისმიერმა პირდაპირმა ჩარევამ საერთაშორისო ლეგიტიმაცია მიიღო", - თქვა ას-სისიმ და დაამატა, რომ აღნიშნული უფლება ტერორისტული დაჯგუფებებისგან ეგვიპტის საზღვრის დასაცავად გამოიყენება.

გარდა ამისა, საჭიროა იმისთვის, რომ ლიბიაში სისხლისღვრა შეწყდეს და მხარი დაუჭიროს გაერო-ს ეგიდით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განხორციელებას.

ას-სისის განმარტებით, ეგვიპტე მზადაა, რომ უცხოეთის ჩარევისთვის წინააღმდეგობის გასაწევად დაეხმაროს ლიბიაში არსებულ ტომებს როგორც შეიარაღებით, ასევე წვრთნებით. გარდა ამისა, ითქვა, რომ ეგვიპტე ლიბიას, თხოვნის შემთხვევაში, სამხედრო დახმარებასაც გაუწევს:

„იმ შემთხვევაში, თუ ეგვიპტური ჯარები წინ წაიწევენ, მათ თავში იდგებიან ლიბიის ტომების შეიხები. როდესაც პრობლემა გაქრება, ეგვიპტური ჯარები წავლენ, რადგან ჩვენ სხვისი არაფერი გვჭირდება", - თქვა აბდელ-ფათაჰ ას-სისიმ.

ცნობისთვის, ლიბიელ ფელდმარშალ ხალიფა ხაფთარს, რომელიც ლიბიის ეროვნულ არმიას ხელმძღვანელობს, და პრემიერ- მინისტრ ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით მოქმედ ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოს შორის, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებს გაერო, შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წელს დაიწყო. ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლში ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ძალებია განლაგებული, მაგრამ 2019 წლიდან ხაფთარის ჯარი ტრიპოლში საკუთარი კონტროლის გავრცელებას ცდილობს. ამ კონფლიქტში ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამირო ხალიფა ხაფთარ უცხადებს მხარდაჭერას.

„რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ლიბიას თავისი ფართო ინტერესები აქვს, რომლითაც ამართლებს, საჭიროების შემთხვევაში, კონფლიქტში ჩარევას:

„ეგვიპტე ხაფთარს პირდაპირ უცხადებდა მხარდაჭერას. პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ლიბია ეგვიპტის მოსაზღვრე ტერიტორიაა, მათ ჰყავთ საერთო მომთაბარე ტომები - ბედუინები, რომელთა ნაწილი ლიბიაში, ხოლო ნაწილი ეგვიპტეში ცხოვრობს.

„მეორე მიზეზი ისაა, რომ ეგვიპტესა და ლიბიას გააჩნიათ ტერიტორიული დავები - საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომელიც მდიდარია გაზითა და ნავთობით. ასევე ეგვიპტე დაინტერესებულია იმით, რომ ლიბიაში მათთვის მისაღები და სტაბილური რეჟიმი მოვიდეს.

„ეგვიპტის მოკავშირედ, ამ შემთხვევაში, გამოდის საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია და არაბთა გაერთიანებული საამირო - ეს ოთხი ქვეყანა უპირისპირდება თურქეთსა და სარანჯის ეროვნულ მთავრობას. თურქეთი ლიბიის კონფლიქტში პირდაპირაა ჩარეული, რაც ეგვიპტისთვის საშიშროებას წარმოადგენს - თუ თურქეთი ჩაერია, მაშინ ეგვიპტესაც აქვს ამ კონფლიქტში ჩარევის უფლება, როგორც მეზობელ სახელმწიფოს", - თქვა ანალიტიკოსმა.

მაისაია განმარტებით, თურქეთსა და ეგვიპტეს შორის, რომლებიც ლიბიაში განსხვავებულ მმართველებს უჭერენ მხარს, შესაძლოა, პირადი დაპირისპირება დაიწყოს:

„თურქეთსა და ეგვიპტეს შორის იქნება დიდი ტერიტორიული დავა - თურქეთს ლიბია სჭირდება იმისთვის, რომ იქიდან მოიპოვოს გაზი და გახდეს მთავარი ენერგომწარმოებელი. ამის გამო საფრანგეთი დაუპირისპირდა თურქეთს და თუ ლიბიაში ასე გაგრძელდა სიტუაცია, ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული რეგიონალური კონფლიქტი - სირიაში მიმდინარე დაპირისპირებასთან შედარებით, შესაძლოა, უარესიც აღმოჩნდეს. ჩვენ მივიღებთ ახალ რეგიონალურ ომს, რომელში ჩარევაც, ალბათ, ამერიკელებსაც მოუწევთ მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საერთოდ არ ჩანან რადარებზე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×