თამთა ჩაჩანიძე
18.06.2020

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი საკუთარ წიგნში, სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა", დონალდ ტრამპს საზოგადოებისთვის განსაცვიფრებელ ბრალდებებს უყენებს, რაზედაც აშშ-ს პრეზიდენტმა საპასუხოდ ყოფილ მრჩეველს ბრალი კანონდარღვევაში დასდო, მატყუარა და თეთრ სახლში ყველასთვის საზიზღარი პიროვნება უწოდა.

მაგალითისთვის იგი წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლის თავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა, გარდა ამისა, ასევე წერს, რომ ტრამპმა სკრიპალების მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც არ მოიწონა.

ბოლტონი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ოპონენტებზე კომპრომატი მიეღო - ამის შესახებაც მისივე წიგნშია ნათქვამი. აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს უკრაინას რაიმე სახის სამხედრო დახმარება გაუწიოს, „ვიდრე არ მიიღებს ჰილარი კლინტონთან და ჯო ბაიდენთან დაკავშირებული გამოძიების ყველა მასალას".

ბოლტონი მემუარებში ამტკიცებს, რომ ის, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი 10-ჯერ მაინც შეეცადნენ დაერწმუნებინათ ტრამპი, განეახლებინა უკრაინის სამხედრო დახმარება.

აღსანიშნავია, რომ ბოლტონი დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლებელია ბოლტონი ტრამპის მისამართით აღნიშნულ მემუარებით შურსაც იძიებდეს.

„ჯონ ბოლტონი ნეოკონსერვატორია. ტრამპი როდესაც თავის დროზე პრეზიდენტად მოვიდა, შეეცადა, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნით არსებულ ყველა ძალასთან ეთანამშრომლა, რის შედეგადაც თანამდებობებზე კურტ ვოლკერი, ბოლტონი და სხვები მოიწვია - შემდეგ მათთან ურთიერთობა დაეძაბა, ბოლტონი მან თეთრი სახლიდან გააძევა და არაა გამორიცხული რომ იგი ტრამპზე ახლა უბრალოდ შურს იძიებს.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რასაც ჯონ ბოლტონი წერს, სიმართლეს არ შეესაბამება. ტრამპის პოლიტიკა ძალიან ზიგზაგური და არათანმიმდევრულია, რაც ბარაკ ობამას მმართველობისგან განასხვავებს. იგი ეგოცენტრისტული ორიენტირებული პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ულტრანაციონალისტია და რა თქმა უნდა, მას ძალიან პრაგმატული მიზნები და ამოცანები აქვს.

„როცა ტრამს სჭირდება ის ანტირუსია, როცა დასჭირდება შესაძლოა პრორუსიც იყოს, ანუ ამ მიმართულებით ჰქონდეს გარკვეული ჟესტები. მან ბოლოს და ბოლოს ისეთი რაღაც თქვა, რომ ყველას თმები ყალყზე დაუყენა, წამოაყენა ინიციატივა, რომ რუსეთი დიდ შვიდეულში მიიწვიოს, თუმცა მეორეს მხრივ კი იგი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს.

„ამ ეტაპზე იგი ჩინეთთანაა დაპირისპირებული, ამის გამო ის უფრო ცდილობს რუსეთთთან კარგი ურთიერთობა გააბას, იმის გამო რომ ჩინეთი რუსეთს არ „ჩაეხუტოს", ამიტომ იგი ერთგვარად გეოპოლიტიკურად ფლირტაობს და თუ მეორე დღეს რუსეთის პოზიცია უფრო გაძლიერდება, მაშინ პირიქით, შესაძლოა ჩინეთზე გადაერთოს.

„რამდენიმე ხნის უკან ტრამპის მესიჯი იყო, რომ ჩვენო კონფლიქტებში აღარ ჩავერევითო და ყველამ თავის თავს მიხედოსო, რამაც სერიოზული ვნებაღაღელვა გამოიწვია და რომელიც რუსეთის წისქვილზე წყლის დამსხმელი წინადადება იყო. ასე რომ იგი ხვალ და ზეგ რას მოიმოქმედებს, ვერავინ ვერ გათვლის.

„ტრამპი რუსეთის კაცი არაა, იგი თავისი თავის კაცია, იგი რუსეთთან დამაბალანსირებელ პოლიტიკას აწარმოებს, რომელსაც სხვათა შორის ბარაკ ობამაც ახორციელებდა, მანაც გადატვირთვის პლიტიკა შეარჩია, მაშინდელი პრეზიდენტი მედვედევი და ობამა მზად იყვნენ, რომ სტრატეგიული შეიარაღება 3-ის ხელშეკრულებას ხელი მოეწერათ.

„ობამას ადმინისტრაციას სააკაშვილის რეჟიმის მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა, მას ფაქტიურად სააკაშვილთან იზოლაციური და ერთგვარი სანქციური პოლიტიკა ჰქონდა გამოცხადებული. თუ არ ვცდები 2012 წელს სააკაშვილი თეთრ სახლში დაიბარა და განუცხადა, რომ თუ დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაარტარებდა ამერიკა საქართველოსთან ურთიერთობას გაწყვიტავდა.

„უკვე „ქართულ ოცნებასთან" ობამა თანამშრომლობდა, თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ზოგადად საქართველოსთან ურთიერთობები შენარჩუნდა, მაგრამ უშუალოდ ტრამპის პოზიცია მაინცდამაინც აქტიური არაა, მას დიდი ყურადრება უფრო უკრაინის მიმართულებით აქვს" - განაცხადა მაისაიამ.

ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ტრამპისა და ობამას საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ორივეს გაპრეზიდენტება მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდებოდა. მისივე თქმით, ობამასგან განსხვავებით „ტრამპმა ფაქტობრივად არსებული მსოფლიო წესრიგის ღერძი მოარყია."

„ტრამპისა და ობამას მმართველობა რადიკალურად განსხვავდება, მათ ერთი რამ აქვთ საერთო, ობამას მოსვლა იყო ერთის მხრივ ამერიკის პოლიტიკის გადატრიალება და მეორეს მხრივ ამერიკაში რასობრივი განსხვავების ლოგიკური დასასრული, იმიტომ რომ ამერიკას ფერადკანიანი პრეზიდენტი პირველად ჰყავდა.

„ამ მასშტაბის არა, მაგრამ ტრამპის გამარჯვებაც ძალიან მნიშვნელოვანი მიწისძვრა იყო, ობამასგან განსხავებით, რომლის გამარჯვებას ბევრი ელოდა, ტრამპის გამარჯვებას თითქმის არავინ არ ელოდა, ეს თავად ამერიკელებისთვის მართლაც მოულოდნელი იყო, (დანარჩენ მსოფლიოზე არაფერს ვამბობ).

„ტრამპის წინასაარჩევნო ტექნიკასა და მისი წინამორბედი წინასაარჩევნო ტექნიკას შორის იყო ის, რომ, მან ამერიკის ისტორიაში პირველად, სოციალური ქსელები არჩევნების მოგებისთვის გამოიყენა, განსაკუთრებით „ტვიტერი".

"ძალიან საინტერესო სტატისტიკაა, რომ ტრამპის აჩევნების დროს, ყოველი მეხუთე პირობითად „ტვიტერის" ანგარიში ყალბი იყო, რომელსაც ისინი სოციალურ სივრცეში თავიანთთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის იყენებდნენ.

„გარდა ამისა, ტრამპის საარჩევნო კამპანიაც ძალიან ექსცენტრული იყო, რომელიც პრეზიდენტობის პერიოდშიც გაგრძელდა, მის უცნაურობებს შორის, რომელიც უკვე მსოფლიო დიპლომატიის ერთ-ერთ იარაღად დამკვიდრდა ტვიტერის და სოც-ქსელების გამოყენებაა, გარდა ამისა იგი მედიასთან ზე-კრიტიკული ურთიერთობით გამოირჩევა, წამყვანი გამოცემები პირდაპირ დაუფარავად ანტიტრამპისტულ პოლიტიკას ეწევიან, მათ მიმართ ასეთი ხისტი ამერიკის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი იშვიატად ყოფილა.

„მისი ექსცენტრულობა გამოიხატება იმაში, რომ მას მაგალითად, შეუძლია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თანამშრომლობის ხელი გაუწოდოს, განცხადებები გააკეთოს იმის თაობაზე, რომ მას სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში დემოკრატიული ფასეულობები ნაკლებად ანაღვლებს, ასევე, ნატოს მისამართით შემტევი პოზიცია ჰქონდეს, თუმცა აქ უარყოფითს ვერაფერს ვხედავ, იმიტომ, რომ ნატოს დანაჩენი წევრები აიძულა, რომ საკუთარი ფინანსური მონაწილეობა გაეზარდათ ერთიან სამხედრო ბიუჯეტის ფორმირებისთვის.

„ზოგადად, ტრამპის ქმედებები საერთაშორისო ურთიერთობების ტურბულენტობას და არასტაბილურობას იწვევს, ტრამპმა ფაქტობრივად არსებული მსოფლიო წესრიგის ღერძი მოარყია, როცა რაღაცას ანგრევ, მისი ალტერნატივაც უნდა გქონდეს გამზადებული, რომ აშენდეს და ტრამპი რას აშენებს, ამ შემთხვევაში არ ჩანს. ამ ნგრევის სანაცვლიდ იგი რის შეთავაზებას აპირებს არავინ არ იცის, ამ მიამიტულებით თავისი ხედვები მსოფლიოსთვის არ გაუზიარებია.

„ესაა რაც მხოლოდ ობამასგან კი არა თავისი ძალიან ბევრი წინამობედისგან გამოარჩევს, არაპროგნოზირებადობა პოლიტიკისთვის ერთის მხრივ კარგია იმიტომ, რომ ამითი შენს მოწინააღმდეგეს შეგიძლია თავგზა აუბნიო, მაგრამ როდესაც შენს მოკავშირესაც თავგზას უბნევ და მთელ საერთაშორისო პოლიტიკას თავდაყირა აყენებ - ასეთ შემთხვევაში არაპროგნოზირებადობა მხოლოდ ნეგატივია" - განაცხადა ლაგაზიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×