თამთა ჩაჩანიძე
16.06.2020

16 ივნისს, სომხეთის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის" ლიდერისა და ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, გაგიკ ცარუკიანისათვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი. ამან ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაძაბა. ოპოზიციის მომხრეები სტიქიურად იკრიბებიან ქალაქის ცენტრში, პოლიცია კი მათ აპატიმრებს.

პარლამნტში გამართულ კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი პარტიის „ჩემი ნაბიჯის" 87-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და ყველამ ცარუკიანისთვის იმუნიტეტის მოხსნას მისცა ხმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციური ფრაქციების „აყვავებული სომხეთისა" და „ნათელი სომხეთის" დეპუტატებმა.

კენჭისყრამდე პარლამენტში სიტყვით თავად გაგიკ ცარუკიანი გამოვიდა. ამის პარალელურად პარლამენტის შენობასთან მისმა მომხრეებმა დაიწყეს შეკრება, პოლიციამ კი მათი დაპატიმრება დაიწყო იმ მიზეზით, რომ ისინი სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ და კორონავირუსის ეპიდემიის გამო სომხეთში მასობრივი თავყრილობები აკრძალულია.

ცარუკიანს 2017 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის მოსყიდვა ედება ბრალად. პროკურორმა დავთიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა ლიდერმა ამისათვის ჯგუფიც კი შექმნა, რომლებიც თითოეულ ამომრჩეველს ხმის სანაცვლოდ 10 ათას სომხურ დრამს (დაახლოებით 63 ლარი) უხდიდნენ. ამ დანაშაულისათვის სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად ცარუკიანი ამ ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. პარლამენტშჳ გამოსვლის შემდეგ იგი კენჭისყრას არ დალოდებია და ეროვნული უშიშროების სამსახურში გაემართა, სადაც დაკითხვაზე იყო დაბარებული. პარლამენტის წინ კი პოლიციამ მისი ასამდე მომხრე დააკავა.

ამის შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერებმა უკვე ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ცარუკიანის დაკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. პოლიცია კი ისევ აგრძელებდა მათ დაკავებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×