თამთა ჩაჩანიძე
10.06.2020

ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შესაძლოა, დააპატიმრონ. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის პრესსამსახური „ფეისბუკზე" წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად განყოფილება აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე მსჯელობს.

თუმცაღა მაშინაც კი, თუ ამას გენერალური პროკურორი მოითხოვს, სასამართლო ვალდებული იქნება, რომ პოროშენკოს ალტერნატივა გირაოს შეფარდების სახით შესთავაზოს, რადგან დანაშაული, რომელიც მას ბრალდება, არ არის ძალადობრივი და, ამასთანავე, პოლიტიკოსს ადრე აღკვეთის ღონისძიების პირობები არ დაურღვევია.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილის სტატუსით უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ გაავრცელა. როგორც მისი ადვოკატი ილია ნოვიკოვი უკრაინულ მედიასთან აცხადებს, პოროშენკო ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან შიდა დაზვერვის უფროსს მოადგილედ სერგეი სემოჩკოს დანიშვნა აიძულა.

ადვოკატისვე ცნობით, ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ პრეზიდენტისთვის წერილობითი სახით შეტყობინების გადაცემას გამოძიების ბიუროში შეეცადნენ, თუმცა იმის გამო, რომ დეპუტატის მანდატის მქონე პირისთვის ასეთი შეტყობინების გადაცემა პირადად გენერალურმა პროკურორმა უნდა განახორციელოს, ამას კი უფლებამოსილების არმქონე პირი შეეცადა, ექსპრეზიდენტმა გამოძიების ბიუროს შენობა დატოვა.

უკრაინული მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკო უკრაინის გამოძიების ბიუროში 10 ივნისს ადგილობრივი დროით 11:00 საათზე იძულებითი წესით დაკითხვაზე იყო დაბარებული, სადაც კითხვები მისი მონაწილეობით საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უნდა დაესვათ, თუმცა დაკითხვა არ მოხდა.

მედიის ცნობით, პოროშენკო სისხლის სამართლის არაერთ დანაშაულში ფიგურირებს. ესენია: სახელმწიფო ღალატი, ოფშორული გზით დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაცია, სასამართლო საქმიანობაში ჩარევა, ჯარიდან მოპარული ფულის გათეთრება და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობა.

პოროშენკოს სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი მას შემდეგ დასდეს, რაც მაისში მისი და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×