ჩინელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საწყისმა ცდამ თაგვებზე გამოჯამრთელების პერიოდი შეამცირა
თამთა ჩაჩანიძე
21.05.2020

იმ დროს, როცა ქვეყნები კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნას გამალებით ცდილობენ, ჩინელმა მეცნიერებმა ახალი პრეპარატი შეიმუშავეს, რომელსაც შეუძლია, რომ პანდემია ვაქცინის გარეშეც შეაჩეროს, საწყისმა ცდამ კი აჩვენა, რომ პრეპარატმა არა მხოლოდ გამოჯანმრთელების პერიოდი შეამცირა, არამედ ორგანიზმში იმუნიტეტი დატოვა.

პეკინის გენეტიკის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა სააგენტო "ფრანს-პრესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეპარატის პირველი გამოცდა პეკინის უნივერსიტეტში თაგვებში წარმატებით ჩაატარეს.

„როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ პოტენციურ პრეპარატს აქვს თერაპიული ეფექტი",-აღნიშნა პეკინის გენეტიკის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა.

პრეპარატი გამანეიტრალიზებელი ანტისხეულებით მუშავდება, რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ არის წარმოებული, რომლებიც მეცნიერთა ჯგუფმა 60 გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლიდან გამოავლინა.

ჯანმრთელობის ექსპერტი ვატო სურგულაძეს „რეზონანსთან" კორონავირუსის პრეპარატის პერსპექტივაზე საუბრისას, მაგალითად H1N1 ვირუსის მედიკამენტი „ტამიფლუ" მოჰყავს და თვლის რომ თეორიულად კორონავირუსის პრეპარატის შექმნაც შესაძლებელია.

„ზოგადად, პრეპარატმა შესაძლოა შეაჩეროს ვირუსი, მაგალითად „ტამიფლუ" ხომ არსებობს, რომელიც ყოველ შემთხევაში ითვლება, რომ ვირუსს ებრძვის, აჩერებს და მსუბუქ ფორმაში გადაჰყავს ე.წ. ღორის გრიპი. არსებობს ასევე ჰერპესის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ზომირაქსი, რომელიც ვაქცინა არაა.

„თეორიულად კორონავირუსის პრეპარატის შექმნა რა თქმა უნდა შეიძლება, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩინელების ცოტა არ მჯერა, ძალიან ბევრი ტყუილი თქვეს და საერთოდ კორონავირუსზე ინფორმაციის მიწოდება დააგვიანეს.

"თაგვებზე ექსპერიმენტი კი ჯერ არაფერს მეტყველებს, ჯერ პრეპარატმა გამოცდა უფრო მაღალი დონის პრიმატებზე უნდა გაიაროს, შემდეგ მისი უსაფრთხოების დასაბუთება უნდა მოხდეს და შემდეგ ადამიანებზე კლინიკური გამოცდა, პლიუს იმის ნახვა, ხომ არ გამოიწვია ადამიანებში რაღაცა.

„ასეთი რთული პრეპარატების შექმნას, საკმოდ დიდი დრო სჭირდება, თუმცა „ტამიფლუს" მაგალითი იმის დასტურია, რომ შესაძლოა ასეთი რამ კორონავირუსისთვისაც შეიქმნას" - განაცხადა მან.

ჩინელი სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი წლის ბოლომდე მზად უნდა იყოს, თუმცა სურგულაძე მიიჩნევს, რომ მედიკამენტის მხოლოდ მღრნელებზე გამოცდა არაფერს არ ნიშნავს, მისივე აზრით, საბოლოო შედეგის მისაღებად რამდენიმე ეტაპის წარმატებით გავლაა საჭირო, რასაც გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

„ჩინელებს მგონია, რომ ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ არ ვიცი ეს უფრო ფარმაკოლოგებმა იციან, თუმცა, წლის ბოლომდე ძალიან ეჭვი მეპარება" - განაცხდა სურგულაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ეკს   (21.05.2020)
ჩინელებმა აჩვენეს რაც შეუძლიათ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×