თამთა ჩაჩანიძე
19.05.2020

ჩინეთში კორონავირუსის ახალი აფეთქების კერა ამჯერად პროვინცია ძილინია. დაახლოებით 108 მილიონი ადამიანი თვითიზოლაციას დაუბრუნდა. რეგიონში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრასპორტის მუშაობა და დახურულია სკოლები - ამის შესახებ „ბლუმბერგი" იტყობინება.

ახალმა ზომებმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოიწვია, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანაში ეპიდემია დასრულებული იყო. სააგენტო წერს, რომ ძილინის პროვინციაში ვუხანთან შედარებით ინფექცია არც ისე სწრფად ვრცელდება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი სწრაფი რეაქცია მეორე ტალღის შიშზე მეტყველებს.

ექსპერტების თქმით, ეს ყველაფერი იმისი მაგალითია, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს მდგომარეობა სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რადგან ინფექციის მცირე კერამაც კი შესაძლოა საზოგადოების მკაცრ იზოლაციაში დაბრუნება გამოიწვიოს.

ძილინის პროვინციის ქალაქ შულანის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ვირუსის შესაჩერებლად ყველაზე მკაცრ ზომებს მიიღებენ. საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევებისას საცხოვრებელი კომპლექსები დაიხურება და ოჯახებს კი ორ საათში ერთხელ მიეცემათ საშუალება, რომ ერთი ადამიანი აუცილებელი საჭიროებების გამო სახლიდან გავიდეს.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ძლინის პროვინციაში ინფექციის აფეთქების მეორე ტალღა იმის ბრალია, რომ საჭირო დიაგნოსტიკა არ მოხდა და შემთხვევები გაეპარათ.

„მაინც მგონია, რომ ეს ისევ და ისევ იმის ბრალია, რომ ბოლომდე მიყვანილი არ იყო ყველა ზომა, რომელიც საჭირო იყო, პირველ რიგში დიაგნოსტიკა და შესაბამისად გაეპარათ შემთხვევები. სოცილურ ქსელში ვნახე, რომ ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში ადამიანებს ტემპერატურას შუბლზე ხელის დადებით უზომავენ. მესმის, რომ ადამიანების რაოდენობა დიდია, მაგრამ რეალურად ეს აფეთქებაც ამის ბრალი უნდა იყოს, რომ ბოლომდე უნდა მიეყვანათ საქმე.

„ამის ბრალი უნდა იყოს და ასევე ეპიდემიოლოგიური წესების არდაცვის. მეორე ტალღას რომ ვამბობთ, ეს სწორედ ის ტალღაა და არ მგონია ამას მასიური გავრცელება მოყვეს, მაგრამ მაინც, ეპიდემიოლოგებმაც და ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ჩინეთიდან საქართველოში შემოსვლა მაქსიმალურად შეიზღუდოს, ან ჩამოსულების მაქსიმალური გამოკვლევა მოხდეს.

„საერთოდ, როგორც კი დათბება ხოლმე, ვირუსები მაშინვე მთავრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს უფრო გამძლე ვირუსი აღმოჩნდა და უფრო მეტი გავრცელების უნარი ჰქონია. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ მინიმალურ და სუბკლინიკურ დონეზე მიმდინარე ვირუსულმა ინფექციამ იმ ხალხის დასნებოვნება გამოიწვიოს, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ მათ გვერდით ინფიცირებული ადამიანია და შესაბამისად, ამ ადამიანების გამოკვლევაც არ ტარდება. მარტო სიცხე არ უნდა იყოს გამოკვლევის კრიტერიუმი, მაგრამ საბანი როგორც გაგწვდება, ისე უნდა დაიფარო. თუმცა, თუ საშუალება არის, ყველა მასიურად უნდ შემოწმდეს", - განაცხადა ხმალაძემ.

„ბლუმბერგის" ცნობით, ძილინის პროვინციაში სულ 34 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×