თამთა ჩაჩანიძე
18.05.2020

კორონავირუსის ვაქცინაზე მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი ქვეყანა მუშაობს, დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ და უკვე ცდები მოხალისეებზეც ტარდება. პარალელურად კი ლიდერი ქვეყნების პოლიტიკოსები პესიმისტურ პროგნოზს აკეთებენ და უშვებენ იმასაც, რომ შესაძლოა ვაქცინა საერთოდაც არ შეიქნას და რომ მსოფლიომ ვირუსის კონტროლისთვის ახალი გზები უნდა მოიძიოს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, მიუხედავად გლობალური მცდელობისა, შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინა საერთოდაც ვერ შეიქმნას.

„დიდი, დიდი გზა რჩება გასავლელი და გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი გზები, რომ ვირუსი ვაკონტროლოთ...ვიცი ეს იოლი არ არის, ბავშვის პირველი ნაბიჯები არასდროს არის იოლი", - განაცხადა ჯონსონმა.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა კოვიდ-19-ის ვაქცინა მართლაც არ შეიქმნას (თუმცა, მისი თქით, შესაძლოა შეიქმნას), რადგან პირველი „სარსი"-სა და „მერსი" ვირუსის დროსაც არ შექმნილა.

„ბორის ჯონსონი ზოგჯერ ერთმანეთის გამომრიცხავ რაღაცეებს იძახის ხოლმე. მას ექსპერტებმა პირველად ურჩიეს, რომ არ დახუროთ ქვეყანაო და მერე თავისი აზრი შეცვალა.

„იმისდა მიუხედავად, რომ მსოფლიოში ინფიცირებულთა როდენობა ხუთ მილიონამდეა, სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ ვირუსზე სრულყოფილი ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის წინააღმდეგ როგორ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ, ეს იმუნიტეტი რამდენად მდგრადი იქნება, ამას საქართველოზე არ ვამბობ იმიტომ, რომ ჩვენთან ამაზე კვლევები არ ტარდება და საერთოდ არ ვიცით ამის შესახებ რა ხდება.

„რაც შეეხება ვაქცინის შექმნას, არაა გამორიცხული, რომ არ შეიქმნას. მაგალითად, პირველი „სარსის" და 2012 წელს „მერსის" რომელიც საუდის არაბეთში იყო, ამათ წინააღმდეგ ვაქცინა შემუშავებული ვერ იქნა, იქ ბევრი შემთხვევები არ იყო, თუმცა, ძალიან დიდი სიკვდილიანობით გამოირჩეოდა ამ ვირუსისგან განსხვავებით.

„შეიძლება შეიქმნას, შეიძლება არა, ასე გადაჭრით ვერ იტყვი. ვირუსის კონტროლის სხვა გზები კი ისაა, რომ ადამიანებმა თავიანთ ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალონ, ბევრი რაღაცეები ალბათ გადაიხედება, როდესაც ეს პროცესი დამთავრდება" - განაცხადა მან.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის სპეციალური საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელი, ჩჟუნ ნანშანი, ჩინეთში კორონავირუსის მეორე ტალღას პროგნოზირებს და ამის გამო მოსახლეობას აფრთხილებს, მან ამის შესახებ 17 მაისს „დოიჩე ველესთან" ისაუბრა.

მანვე ინფექციის მეორე ტალღის მოლოდინი იმით ახსნა, რომ მოსახლეობის უმეტესობას კოვიდ-19-ის მიმართ იმუნიტეტი ჯერ კიდევ არ აქვთ გამომუშავებული, რის გამოც ინფექციისადმი ისევ მგძნობიარეები არიან და ამის გამო საზოგადოება დიდი გამოწვევის წინაშე დგას,მისი თქმით სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური ვითარებაა.

სურგულაძე ამბობს, რომ საქართველოში ვირუსის მომდევნო ტალღების საფუძველს ვერ ხედავს, მისივე თქმით, ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდნენ, თუმცა თავდაცვის მიზნით რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

„გავიგე, რომ ჩვენმა ე.წ. ექსპერტებმაც თქვეს, რომ ამას მეორე უფრო ძლიერი და მესამე ტალღა მოჰყვება, მაგრამ ამის საფუძველს ვერ ვხედავ, რა მონაცემებისა და რა კვლევების საფუძველზე საუბრობენ ამის შესახებ - ესაა მარჩიელობა ყავის ჭიქაში.

„მეორე ტალღაზე გადაჭრით ვერ ვიტყვით, იყო ასეთი შემთხვევებიც, რომ ადამიანს „სარს კოვ-2" გადატანილი აქვს, მაგრამ ამავე დროს მის სისხლში ანტისხეულებს ვერ პოულობენ. ამიტომ ვამბობ, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ამ ვირუსის ამდენი შემთხვევა გვაქვს, ძალიან შეუსწავლელია.

"ვირუსიც ჩვენი პლანეტის ბინადარია და ამასთან ერთადაც უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება და ამასთანავე ჩვენთვის ახალი უნარ-ჩვევები უნდა შევისწავლოთ თუ თავი როგორ დავიცვათ" - განაცხადა სურგულაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
eka   (18.05.2020)
სულელური სტატია,ეგ ხომ ყველამ იცის ვაქცკნა ან იქნება ან არა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×