ტატა შოშიაშვილი
17.05.2020

რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე საეჭვოდ მოიმატა უბრალო ფილტვების ანთების სტატისტიკამ. ეს კარგად ჩანს დაღესტნის მაგალითზე, სადაც ვითარება სულ უფრო კრიტიკული ხდება. ოფიციალური მონაცემებით, დაღესტანში კორონავირუსით ინფიცირების 3 280 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებულთა და უბრალო პნევმონიის მქონე პაციენტების რაოდენობა ამჟამად კოლოსალურ ციფრს - 13 697 ადამიანს აღწევს. იგივე სურათია გარდაცვლილთა სტატისტიკაშიც - კორონავირუსით დაღესტანში ბოლო 2 თვეში სულ 27 ადამიანი გარდაიცვალა, ფილტვების ანთებით კი - 657.

ეს ციფრები დაღესტნის ჯანდაცვის მინისტრმაჯამალუდინ გაჯიიბრაგიმოვმა დაასახელა ერთ-ერთი ინსტაგრამ არხისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, დაღესტანში, ისევე როგორც მთელს რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირებისა და უბრალო პნევმონიის შემთხვევებს ცალცალკე ითვლიან.

„რატომ ვსაუბრობთ ცალკე კოვიდური ინფექციის მეშვეობით გამოწვეული ლეტალური შედეგების შესახებ და ცალკე შეძენილი პნევმონიის შესახებ? იმიტომ, რომ სტატისტიკური მონაცემები ითვლება ლაბორატორიული კვლევებისა და დადასტურებული შემთხვევის საფუძველზე", - განმარტა მინისტრმა.

გაჯიიბრაგიმოვმა აღნიშნა, რომ დაღესტნის საავადმყოფოებში ამჟამად როგორც პნევმონიის, ისე კორონავირუსის მქონე 7 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს. ამასთან, ბოლო 2 თვეში რესპუბლიკაში 40 ექიმი გარდაიცვალა.

მინისტრის თქმით, პნევმონიასა და კორონავირუსს ერთი და იგივე მეთოდებითა და მედიკამენტებით მკურნალობენ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა განსხვავება პევმონიასა და კორონავირუსს შორის, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ განსხვავება არ არის:

„ასეთი პაციენტების მკურნალობა თითქმის ერთი და იმავე პრინციპით მიმდინარეობს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ლაბორატორიული მტკიცებულებები არ გვაქვს, სწორედ ამიტომ იწარმოება მსგავსი სტატისტიკა", - განაცხადა გაჯიიბრაგიმოვმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×