სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    26.08.2019

     აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში უცნაურ გარდაქმნას განიცდის - დონალდ ტრამპი საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „დიდ რვიანში" რუსეთის დაბრუნება სასარგებლო იქნება. თუმცა მის ამ განცხადებას ის ქცევები ეწინააღმდეგება, რასაც აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახორციელებს; ტრამპი მეორე მხრივ რუსეთს სანქციებს უმკაცრებს.

    რას ემსახურება დონალდ ტრამპის დამოკიდებულების ცვლილება და რა გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობს აშშ-ის პრეზიდენტი? ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნები გაჩნდა, რაც ასევე აჩენს განცდას იმისა, რომ რუსეთის მიმართ ერთგვარი დათბობის პროცესი მიდის, - დამოკიდებულება კრემლის მიმართ გარკვეულწილად იცვლება.

    24-25 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში გაიმართა „დიდი შვიდეულის" 45-ე სამიტი, რომლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა კვლავ მზაობა გამოხატა სამიტზე რუსეთის ფედერაციის დაბრუნების შესახებ.

    ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აშშ-ის პრეიზდენტი ვლადიმერ პუტინს „კატა-თაგვობანას ეთამაშება," რაც საბოლოოდ შესაძლო დონალდ ტრამპის მახეში გაბმით დასრულდეს.

    „ტრამპი ცდილობს, რომ რუსეთს გლობალური გავლენის სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს. ეს ინიციატივა ბევრ კითხვას ბადებს, მაგრამ, ალბათ რუსეთის ჩართვა მათთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან პრაგმატულია. ის გლობალური თემების გამოკიდებას არ ცდილობს, - დემოკრატიის დამყარება, ერთიანი ლიბერალური სამყაროს მოწყობა და ა.შ. ეს მისთვის მეათე ხარისხოვანია. ტრამპი ცდილობს, რომ რუსეთთან მიმართებაში პრაგმატული იყოს და დიალოგის გზით მაინც მიაღწიოს კომპრომისებს, პოლიტიკის აწყობას, რომელიც, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციისათვის მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ანტირუსულ სანქციებს ახორციელებს.

    „ტრამპი პუტინის ადმინისტრაციასთან კატა-თაგვობანას თამაშობს და ვინ იქნება საბოლოოდ კატა და თაგვი, - ძალიან საინტერესოა. ტრამპმა ისე არ გააკეთოს, რომ თაგვი კატად გადააქციოს და თავად მოხვდეს იმ მახეში, რადგან პუტინმა მახეების დაგება ძალიან კარგად იცის, რაც აგვისტოს ომმა კარგად აჩვენა," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დაჟინებით რუსეთი ელიტური პოლიტიკური კლუბიდან გარიცხეს.

    „დიდი რვიანის" აღდგენის შესახებ გასულ წელს ალაპარაკდნენ, თუმცა საბოლოოდ ეს მხოლოდ ინიციატივად დარჩა. საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ანექსირებული ყირიმის საკითხის მოგვარების გარეშე რუსეთის სამიტში დაბრუნება წარმოუდგენლად მიაჩნია.

    „რუსეთის მიმართ, სამწუხაროდ, დათბობის ტენდენცია იკვეთება. ეს საკითხი შარშან პირველად ემანუელ მაკრონმა წამოწია და ლობირებდა კიდევაც, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა და აჰყვა ანგელა მერკელს, ახლა უკვე ბორის ჯონსონს და დონალდ ტუსკს, რომლებიც დიდ შვიდეულში რუსეთი დაბურუნების წინააღმდეგნი არიან, სანამ რუსები ყირიმის ტერიტორიას უკრაინას არ დაუბრუნებენ, რაც ამ ეტაპზე არარეალურია.

    „დონალდ ტრამპისა და იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯუზეპე კონტეს ძირითადი იდეა იყო, რომ ისეთი საკითხები, როგორიც არის ირანის, ბირთვული განიარაღებისა და ჩრილოეთ კორეის თემა, მისი განხილვა რუსეთის გარეშე არ შეიძლება და ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ თემების განხილვა რუსეთთან ერთად" - აღნიშნა მან.

    ოფიციალური მოსკოვის დამოკიდებულება შემდეგია; რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს „დიდ რვიანში" დაბრუნების საკითხი არასდროს წამოუწევია. ლავროვის თქმით, რვიანის შესახებ დასავლელმა კოლეგებმა გაიხსენეს და ამასთან კავშირი არ აქვთ.

    „ჩვენ არასდროს არაფერი გვითხოვია. როგორც ვთქვი, ამ თემის შესახებ ჩვენ საჯარო განცხადებებიდან გავიგეთ, ამასთან დაკავშირებით განცხადება მიმართვა არ გაგვიკეთებია და არც ვაპირებთ გაკეთებას. ცხოვრება ბევრად წინ წავიდა," - აღნიშნა ლავროვმა.

    ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსეთი დიდი ალბათობით „დიდ რვიანში" დაბრუნებას არ მოისურვებს, რადგან კრემლმა უკვე შექმნა „ალტერნატიული დიდი შვიდეული".

    „ცალკე საკითხია რუსეთს რამდენად სურს „დიდ რვიანში" დაბრუნება. პრეზიდენტი პუტინი და მთელი რუსული ელიტა მაინცდამაინც არ იხრება ამისკენ დადებითად. მათ, ფაქტობრივად, შექმნეს ალტერნატიული დიდი შვიდეული, სადაც შევიდა განვითარებადი, არანაკლებ ძლიერი სახელმწიფოები, როგორიც არის ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და თავად რუსეთი. რუსეთს უფრო სამხრეთული „გადახრა" აქვს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „დიდი რვიანი" აღარ არსებობს, ახლა არის მხოლოდ „შვიდეული" და რუსეთი მზადაა მასთან ითანამშროლოს. თავად მაკრონმა აღნიშნა, რომ „დიდი რვიანის" მუშაობის აღდგენა უკრაინის კრიზის დარეგულირებას უკავშირდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×