სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    12.06.2019

     მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი და ძველი და ახლად არჩეული მთავრობების მიერ ორხელისუფლებიანობა გრძელდება. ამ კრიზისში კი, ბევრისთვის მოულოდნელად, რუსეთი, აშშ და ევროკავშირი ერთ მხარეს აღმოჩნდნენ - პრორუსი პრეზიდენტის იგორ დოდონის მოკავშირედ.

    პოლიტოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ პრორუსული დოდონი მხარდაჭერა გააძლიერებს რუსულ ინტერესებს მოლდოვაში და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ დასავლეთი თანახმაა, აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის გავლენებს შეეგუოს და მოსკოვს გაურიგდეს მაგალითად, მოლდოვისა და უკრაინის ფედერაციულ მოწყობაზე.

    თუმცა ანალიტიკოსების მეორე ნაწილი თვლის, რომ მოლდოვაში პრორუსული განწყობების გაძლიერება, მართალია, საფრთხეა, თუმცა ის, რომ რაღაც გარიგება მოხდეს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვთან, ეს არარეალისტურია.

    „თვითონ მოლდოვაში იმდენად ამოუვიდათ ყელში პოლიტიკურ ძალებს ეს დაუმთავრებელი გაუგებრობა, რადგან ვერაფრით შექმნეს მთავრობა, ადგნენ და შეეკვრნენ ერთმანეთს ამ ოლიგარქი პლახოტნიუკის წინააღმდეგ, ეს იყო და ეს. ის, რომ ხომ არ გარიგდა მოსკოვი, ბრიუსელი და ვაშინგტონი, ასე მარტივი გარიგეგებები არ ხდება. უბრალოდ ადგილზე მოხდა გარიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამის გამო პრორუსული განწყობების უფრო გაძლიერების საფრთხე, ბუნებრივია, არსებობს, რადგან პრორუსული პარტია შევიდა ოფიციალურ კოალიციაში, მაგრამ მოლდოვას რეალობაა ასეთი, იქ ძალიან ძლიერია პრორუსული განწყობები, ამომრჩევლის დიდი ნაწილი ხმას აძლევს ამ ძალას და ამ ძალის წარმომადგენელი დოდონი აირჩია პრეზიდენტად. მოსახლეობის დიდი ნაწილი განწყობილია პრორუსულად. მოცემულობა არის ეს ," - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე.

    მოლდოვაში ორხელისუფლებიანობა კი ორშაბათიდან დაიწყო. კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იგორ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა, ჩათვალა, რომ პრეზიდენტს პარლამენტი უნდა დაეთხოვა.

    ახლა ერთ მხარეს არის პარლამენტი, სადაც „სოციალისტებისა" და ბლოკი ACUM-ის კოალიციამ აირჩია პარლამენტის სპიკერი და დაამტკიცა ახალი მთავრობა და ამ ჯგუფს მხარს უჭერს პრორუსი პრეზიდენტ იგორ დოდონი. მეორე მხარეს კი დგას პროდასავლური განწყობების მქონე ყოფილი მმართველი „დემოკრატიული პარტია", ძველი კაბინეტის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი და მოლდოვის ყველაზე მდიდარი ადამიანი ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელსაც ახალი მთავრობის მტკიცებით, მიტაცებული აქვს და აკონტროლებს ქვეყნის ყველა სახელისუფლებო შტოს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს და ძალოვან უწყებებს და ოლიგარქიული მართველობის დემონტაჟი უნდა დაიწყოს.

    ფილიპისა და პლახოტნიუკის ჯგუფი პროდასავლური განწყობების ძალად მიიჩნევა, თუმცა მათი მმართველობა კორუფციული სკანდალებით იყო სავსე, მათ შორის იყო 1 მილიარდი დოლარის გაქრობის სკანდალური საქმეც.

    მოლდოვას ამ პოლიტიკურ კრიზისში საგულისხმოა ის, რომ პრორუსული დოდონის ჯგუფს და შესაბამისად ახალ მთავრობას უჭერს მხარს აშშ-ც, ევროკავშირიც და რუსეთიც. სამივე ამ გარე ძალას მოლდოვაში საერთო ინტერესი აღმოაჩნდა და სწორედ მათი ჩართულობით შეიქმნა პარლამენტში პრორუსი „სოციალისტებისა" და პროევროპული ბლოკ ACUM-ის კოალიცია და შეიქმნა ახალი მთავრობაც. ხოლო პროდასავლური განწყობის მქონე ძველ ხელისუფლებას, „დემოკრატიულ პარტიას" დასავლეთში მოკავშირე არ აღმოაჩნდა.

    ყველასთვის მოულოდნელი იყო, როცა დასავლეთის მხარდაჭერა მიიღო და ოლიგარქ პლახოტნიუკის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვან ფიგურად იქცა ქვეყნის პრეზიდენტი, იგორ დოდონი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი და რუსი ოლიგარქიული კლანის ინტერესების დამცველია, რასაც არც მალავს. დოდონი თანახმაა, რომ რუსეთიდან მიიღის დაფინანსება და დათანხმდეს მოლდოვის ფედერალიზაციაზე რუსული გავლენის ქვეშ.

    მოლდოვას ეს ჩიხური სიტუაცია დაიწყო 24 თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მანდატების 1/3 მიიღო პრორუსულმა „სოციალისტურმა პარტიამ", მაგრამ ჯამში უმრავლესობა ვერ შექმნა და ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო გახდა კოალიციის შექნა სხვა პარტიასთან. პრორუსულ „სოციალისტებთან" კოალიცია არ სურდა პროევროპულ ბლოკ ACUM-ს. „სოციალისტებს" კი ბლოკი არ სურდათ „დემოკრატიულ პარტიასთან", რადგან ოლიგარქ პლახოტნიუკს მოსკოვში მტრად აღიქვამენ. ამიტომაც გაიწელა ეს პროცესი 3 თვეზე მეტ ხანს და ამ ხნის განმავლობაში ვერც პარლამენტი მუშაობდა და არც ახალი მთავრობა იყო დამტკიცებული.

    მოულოდნელად კიშინოვში, ერთ კვირის განმავლობაში, ჩავიდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის ოფისის დირექტორი ბრედ ფრედენი, რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი კოზაკი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და შეხვედრა გამართეს პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

    ამის შემდეგ „სოციალისტებმა" და ბლოკმა „ACUM"-მა ალიანსზე თითქოს თანხმობა განაცხადეს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დოდონი საგანგებოდ ჩავიდა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე და იქიდან დაბრუნების შემდეგ, 8 ივნისს, შედგა კოალიცია „სოციალისტებსა" და ბლოკ ACUM-ს შორის და აირჩიეს ახალი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ.

    ამის შემდეგ გამოვიდა ასპარეზზე საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ არჩეული ახალი მთავრობა არაკონსტიტუციურია და პარლამენტი უნდა დაიშალოს. სასამართლომ პრეზიდენტობა შეუჩერა იგორ დოდონსაც, რადგან მან უარი თქვა პარლამენტის დაშლაზე. სასამართლომ მთავრობის მეთაურად დროებით დანიშნა ძველი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი. დღეს ორივე ეს მთავრობა თავს ლეგიტიმურად აცხადებს. პარლამენტის სხდომებს ატარებს სასამართლოსა და პაველ ფილიპის მიერ დაშლილი პარლამენტიც.

    ანალიტიკოსები სვამენ კითხვას - რა აკავშირებთ მოსკოვს, ბრიუსელსა და ვაშინგტონს და რატომ არ აწუხებთ ამერიკელებს და ევროპელებს ის, რომ მოლდოვაში ზუსტად მათთნაირი პოზიციით ჩავიდა რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი კოზაკი, რომლის გეგმაა, მოლდოვის ფედერალიზაცია და რუსეთის გავლენის გაძლიერება.

    უკრაინულ მედიაში ასევე გაჩნდა შეფასებები, რომ სწორედ ასეთი ერთობლივი სპეცოპერაცია ხორციელდება ახლა უკრაინაში, სადაც ოლიგარქის ხელისუფლებიდან მოშორება ხდება, თუმც ბევრად უფრო მსუბუქად და ვარაუდს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა უკრაინის საკითხზეც მოხდეს დასავლეთისა და რუსეთის შეთანხმება, განხორციელდეს რუსეთის გეგმაც, უკრაინის ფედერალიზაცია მოსკოვისა და ვაშინგტონის გარე კონტროლით და თუ გეგმები სრულად განხორციელდა, უკრაინა და მოლდოვა ათწლეულების განმავლობაში "რუხი ზონად" გადაიქცევა გაურკვეველი მომავლით. თუმცა სამაგიეროდ ყველაფერი სტაბილური იქნება: არც ომი და არც რუსეთთან და არც დასავლეთთან კონფლიქტი, კორუფციაც კი კონტროლირებადი იქნება გარე მოთამაშეების მიერ ანტიკორუფციულ სტრუქტურებთან ერთად.

    თუმცა უკრაინელი ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, უკრაინაში აგრესორ რუსეთთან „შერიგება" და უკრაინის ფედერალიზაციის პროცესი დაიწყება წარმოუდგენელია, რადგან ეს ნიშნავს სახელმწიფოებრიობის მორიგ დაკარგვას.

    პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძის თქმით, დასავლეთის თანხმობა, რომ უკრაინა რუსეთის სატელიტად გადაიქცეს, წარმოუდგენელია.

    „უკრაინა თუ ჩაფლავდა საბოლოოდ, ზელენსკის არაფერი გამოუვიდა და ისევ კორუმპირებულ სახელმწიფოდ დარჩება, რომელიც უბრალოდ დასავლეთის დახმარებებს ფლანგავს, ოდესღაც არსებობს საფრთხე, რომ ხელი ჩაიქნიოს დასავლეთმა და მერე თვითონ ჩაუვარდებიან ხელში რუსეთს. მოლდოვა კი სხვა ქეისია, პატარა წარუმატებელი ქვეყანაა და მის მიმართ ისეთი დიდი დაინტერესება არც დასავლეთის და არც რუსეთის მხრიდან არ არის. უკრაინის მიმართ კი ინტერესი დიდია და წარმოუდგენელია, რომ დასავლეთმა უკრაინის რუსეთის სატელიტად ქცევას დაუჭიროს მხარი,"- ამბობს შარაშენიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×