სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “რუსეთი სარგებლობს ამ არეულობით და ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სათავსოდ გამოიყენოს“
    ეკატერინე ბასილაია
    11.06.2019

     უკრაინის ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი უკმაყოფილოა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ მინიჭებული ავტოკეფალიის ტომოსით და პლიუს, ასევე მის მოტყუებაში ადანაშაულებს ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურ ეპიფანეს.

    ფილარეტი აცხადებს, რომ ვერ მიიღებს ტომოსს, რადგან მისი შინაარსი მიუღებელია. ამის შესახებ მან უკრაინის ინტელიგენციის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ამ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი" ავრცელებს.

    „ამ ტომოსს არ ვიღებთ, რადგან არ ვიცოდით ტომოსის შინაარსი. ეს რომ გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ავტოკეფალიას ხმას არ დავუჭერდით, რადგან არ გვსურს, ერთი დამოკიდებულებიდან, მეორეზე გადასვლა. მოსკოვის საპატრიარქო მოსკოვის ინტერესებს ემსახურება, ხოლო უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესია - ბერძნებს და ვინ უნდა ემსახუროს უკრაინას?" - განაცხადა ფილარეტმა.

    უკრაინის საპატიო პატრიარქმა განაცხდა, რომ კიევის საპატრიარქოს გაუქმებას არ ეთანხმება და 20 ივნისს იწვევს კრებას, რომელზეც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას ოფიციალურად არ აღიარებს.

    „ჩვენ მოვიწვევთ კრებას და არ ვაღიარებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც 15 დეკემბერს გამართულ კრებაზე იყო მიღებული. შესაბამისად, ვაჩვენებთ, რომ კიევის საპატრიარქო იყო, არის და იქნება,"- განაცხადა ფილარეტმა.

    მისივე თქმით, უახლოეს ხანში კიევის საპატრიარქო წერილს გაუგზავნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერას სთხოვს.

    როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი" წერს, ფილარეტი საპროტესტო განცხადებით პირველად არ გამოდის. ჯერ კიდევ 15 მაისს მან განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის მოატყუეს და დაარღვიეს მიცემული პირობა, რომ ტომოსის მიღების შემდეგ ფილარეტი იქნებოდა ეკლესიის მმართველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის შიგნით ეკლესიას ერქმეოდა „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის პატრიარქატი". ხოლო უცხოეთში კი, ეკლესიას წარმოადგენდა ეპიფანე, როგორც მიტროპოლიას.

    რატომ გაახსენდა უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭებიდან 6 თვის შემდეგ ფილარეტს ტომოსი და რა შეიძლება გამოიწვიოს, თუკი ფილარეტი განუდგება უკრაინის ეკლესიას?

    თეოლოგი ვლადიმერ ნარსიას თქმით, ფილარეტის მოღვაწეობა მუდმივ ანტაგონიზმში, მუდმივ შფოთში ყოფნის ისტორიაა და ამიტომ ელოდა კიდეც გარკვეული ტიპის ექსცესებს.

    „ამ პროცესმა შეიძლება მწვავე ფორმაც მიიღოს, შეიძლება ფილარეტმა ისევ შექმნას რაღაც ჯგუფი, მაგრამ ამას არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე. არ ვიცი, რა არის ფილარეტის პრეტენზიის მოტივაცია.

    ‘შესაძლოა, ის ფორმალურად ელოდა, რომ კოსტანტინიპოლის საპატრიარქოს მის კანდიდატურას შესთავაზებდნენ და ამიტომაა განაწყენებული. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. მისი პრეტენზია, რომ არ მოსწონს ავტოკეფალიის ტომოსი, ეს გაუგებარია, რადგან კონსტანტინოპოლმა ტომოსის გაცემამდე ავტოკეფალიის მოდელი და შინაარსი შეათანხმა უკრაინის სასულიერო პირებთან და შეთანხმებისგან განსხვავებული ტომოსი არ გაუცია,"- აღნიშნავს ნარსია.

    როგორც ნარსია ამბობს, კონსტანტინიპოლის საპატრიარქომ უკრაინას შესთავაზა ავტოკეფალიის ის მოდელი, რომელიც ისტორიისთვის ძალიან ცნობილია და ეს არის სამიტროპოლიტო ავტოკეფალია და არა საპატრიარქო ავტოკეფალია და ეს გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ახსნა კიდეც დოკუმენტებში, სადაც წერია, რომ ისტორიულად ყველა ეკლესიამ, სანამ საპატრიარქო ავტოკეფალიამდე მივიდოდა, გარკვეული გზა გაიარა სამთავარეპისკოპოსების და სამიტროპოლიტების.

    მისივე თქმით, სამიტროპოლიტო ავტოკეფალია ნიშნავს იმას, რომ ეკლესიის მეთაური იქნება არა პატრიარქი, არამედ მიტროპოლიტი და ასევე, ამ ეკლესიას არ ექნება უფლება საზღვარგარეთ თავის წარმომადგენლობები გახსნას კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, რაც იწვევს სწორედ ერთგვარ უკმაყოფილებას უკრაინაში გარკვეულ წრეებში.

    თეოლოგის თქმით, ასევე გაუგებარია ფილარეტის პრეტენზია იმაზე, რომ პოროშენკოსთან და ეპიფანესთან ჰქონდა შეთანხმება და ქვეყნის შიგნით ფილარეტი უნდა ყოფილიყო ეკლესიის მმართველი, ხოლო ქვეყნის გარეთ - ეპიფანე.

    „ამის პასუხად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ელაპარაკებოდა პოროშენკოს, პოროშენკოსთან გაარკვიოს. თუმცა ეს აბსოლუტური სისულელეა. ბართლომეოსი კანონიკას იცავს და გამორიცხულია, რომ ქვეყნის შიგნით ფილარეტის პატრიარქობაზე გაეცა თანხმობა.

    "ფილარეტს შეუძლია, რომ მოიმხროს რამდენიმე გაბრაზებული ეპისკოპოს და ხელახლა დაიწყოს დამოუკიდებელი საეკლესიო ცენტრი შექმნა, თუმცა ეს უკრაინის ავტოკეფალიაზე გავლენას ვერ მოახდენს. უბრალოდ ეს განცხადებები ძალიან სამწუხაროა. რუსები ეცდებიან, რომ ასეთი სიტუაცია გამოიყენონ. რუსეთი სარგებლობს ამ არეულობით და ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სათავსოდ გამოიყენოს,"- დასძენს ნარსია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved