სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    14.02.2019

     რუსეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2020 წელს უნდა ჩატარდეს და მანამდე ჩერქეზმა აქტივისტებმა დაიწყეს გააქტიურება და გამოსვლები, რომ ჩერქეზი ერი ერთია, ამიტომ მას ერთი დასახელება უნდა ჰქონდეს და ეროვნების გრაფაში უნდა ჩაეწეროს - „ჩერქეზი" და არა მაგალითად ყაბარდოელი, რაც მიუღებელია.

    ჩერქეზი აქტივისტი ასლან ბეშტო "ეხო კავკაზასთან" საუბრისას აცხადებს, რომ მათ აქტიურობა სოციალურ ქსელებში უკვე დაიწყეს ლოზუნგით, „ერთი ხალხი - ერთი დასახელება" და არ დააყოვნა არც ოფიციალურმა რეაქციამ - რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მედიისა და ადგილობრივი ჩინოვნიკების კონტრკამპანიამ ამ ინიციატივის დაგმობაზე.

    აქტივისტების განცხადებით, ჩერქეზულ ენაზე ისინი საკუთარ თავს ადიღეელებს უწოდებენ, თუმცა სხვა ყველა ენაზე გადათარგმნისას იწერება ტერმინი - „ჩერქეზი", ამიტომაც ჩერქეზების და ადიღეელების ცალ-ცალკე ერად მოხსენიება მიუღებელია, რადგან ერთი ეროვნების ხალხზეა საუბარი. ასევე მიუღებელია, როცა წერენ ეროვნებად - ყაბარდოელს.

    ასლან ბეშტო ამბობს, რომ თაღლითი მეცნიერების მიერ მოხდა მათი ერის ასე დაყოფა და მათი მიზანია ხელოვნურად გაყოფილი ხალხების გაერთიანება და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

    „ჩვენთვის, ვინც თავს ადიღეს უწოდებს, ჩერქეზი - ეს ექსოეთნონიმია, რომელთანაც დაკავშირებულია ჩვენი მთელი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა და რომელიც აღწერილია ჩვენი ისტორიის განმავლობაში,"- ამბობს ასლან ბეშტო - „ნებისმიერ სხვა ენაზე, ვინც თავის თავს „ადიღეს" უწოდებს, მათ ჩერქეზებს უწოდებენ. რუსეთში საყოველთაო აღწერა რუსულ ენაზეა და შესაბამისად, კითხვაზე, ეროვნებით ვინ ხარ, რუსულ ენაზე პასუხი იქნება - „მე ვარ ჩერქეზი".

    მსგავსი კამპანია არსებობდა ასევე წინა საყოველთაო აღწერის დროსაც, 2010 წელს. მაშინ ყაბარდო-ბალყარეთში საზოგადოების მოწოდებას ცოტა აჰყვა, რომლის შედეგი იყო - 490 453 ყაბარდოელი და მხოლოდ 2 475 ჩერქეზი.

    ასლან ბეშტოს თქმით, 2010 წელს ჩერქეზების რიცხვის ეს სიმცირე გამოიწვა ძლიერმა ანტიკამპანიამ, რომელსაც მაშინ ადგილობრივი ყაბარდო-ბალყარეთის ჩინოვნიკები და პროსახელისუფლებო პრესა ატარებდნენ და ახლაც, როცა ჩერქეზებმა კამპანია დაიწყეს, პროსახელისუფლებო პრესაში ანტირეაქციამაც არ დააყოვნა. ასლან ბეშტოს თქმით, მისი ოჯახის მაგალითიც აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ადმინისტრაციული რესურსი 2010 წლის აღწერის დროს.

    „როდესაც აღწერის ჩამტარებელი კორესპონდენტი მოვიდა, სახლში არ ვიყავი და ის არც ეცადა ეროვნებაზე კითხვა დაესვა. 90%-ის შემთხვევაში ეს კითხვა არ ისმებოდა, უბრალოდ „ეროვნების" გრაფაში ავტომატურად იწერებოდა - ყაბარდოელი. როდესაც მამაჩემმა დაიჟინა, რომ ჩერქეზებად ჩაეწერათ, უპასუხეს, რომ ამ საკითხს განხილვა სჭირდებოდა. ქალმა სადღაც დარეკა, მას მოსთხოვეს დაეზუსტებინა, რა მისამართზე იყო და შემდეგ უთხრეს: „დაწერე, როგორ უნდათ". ისინი მიხვდნენ, რომ ჩემი ოჯახი სკანდალს მოაწყობდა და დათმეს. სხვებთან კი ასე არ ხდებოდა და ყველას ეუბნებოდნენ, რომ ყაბარდოელებად უნდა ჩაწერილიყვნენ. ამიტომაც ჩერქეზების 99% ჩაეწერა ყაბარდოელად. რეგიონალურ ხელისუფლებას პირდაპირი მითითება აქვს, რომ ჩვენი ინიციატივის წინააღმდეგ გააქტიურდნენ,"- აცხადებს ჩერქეზი აქტივისტი.

    მისი თქმით, მიზანი ისაა, რომ ადიღეელება საკუთარი თავი ერთ ერად და ერთ კულტურად არ გააცნობიერონ, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება კითხვა: თუ ერთი ხალხია, მაშინ როგორ მოხდა, რომ ერთ ქვეყანაში ხუთ სუბიექტად არიან გაყოფილები.

    მეორე აქტივისტი ალი ბგანე ამბობს, რომ ერთადერთი ჩერქეზული სუბიექტი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა ჩერქეზებად არ ჩაწერილიყვნენ, არიან შაპსუღები, რადგან ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის მცირე ერების შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათები მიეღოთ, როგორიცაა ჯარიდან გათავისუფლება, კვოტები რუსეთის უნივერსიტეტებში, სახლებისა და მიწების ხელშეუხებლობა და ა.შ.. თუმცა ეს კანონი კრასნოდარის ოლქმა არ აღიარა და მათ არანაირი შეღავათები არ მისცეს.

    კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, რომ ჩერქეზები რუსებმა 4 სხვადასხვა ხალხად ჩაწერეს, რაც არის იმპერიალისტური პოლიტიკა, რომელიც რუსეთის კავკასიაში შემოსვლის დღიდან დაიწყო და მაშინ ქართველებიც ასე დაჰყვეს, იმერლებად, მეგრელებად, სვანებად და ა.შ.

    „დაყავი და იბატონეს პოლიტიკა ხორციელდება დღესაც ჩერქეზი ერის მიმართ. ყველა ჩერქეზი თავის თავს, ჩერქეზულ ენაზე, უწოდებს ადიღეს. არაჩერქეზები კი უწოდებენ ჩერქეზებს. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მოსახლეობის აღწერისას დაიწყებს მათი ჩაწერა 4 სხვადასხვა ერად - ყაბარდოელებად, ჩერქეზებად, ადიღეებად და შაპსუღებად. ეს ჰგავს იმას, ქართველები რომ ჩაწერონ იმერლებად, კახელებად და ა.შ. ჩერქეზები უმრავლესობას წარმოადგენენ ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში. ესენი არიან ყაბარდოელი ჩერქეზები, უმცირესობას წარმოადგენენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში. ასევე უმცირესობას წარმოადგენენ, თუმცა სატიტულო ერია, ადიღეს რესპუბლიკაში. ასევე არიან კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვისპირა ტუაფსეს რაიონსა და სოჭის მიდამოებში. იქ არის შაპსუღი-ჩერქეზების ანკლავი და ისინი აღწერაში იწერებიან, როგორც შაპსუღები. ასევე ჩერქეზების ნაწილი სახლობს ჩრდილოეთ ოსეთში, მოზდოკის ოლქსა და სტავროპოლის მხარეში. თვითონ ჩერქეზების რაოდენობა ჩრდილოეთ კავკასიაში არის 700 000, ხოლო თურქეთში, სირიაში, იორდანიაში, ისრაელში, კოსოვოსა და ერაყში მათი რაოდენობა 1 მილიონს აღემატება, ყველა თავს აღიქვამს ჩერქეზად და არანაირი დაყოფა არ არსებობს. ჩერქეზული ენა დაყოფილია ორ „სალიტერატურო" ენად, ყაბარდოულად და ადიღეურად, თუმცა რეალურად ეს არის დიალექტები და მათ შორის სხვაობა ისეთია, როგორც თბილისურ ქართულსა და აჭარულ ქართულს შორის. ჩერქეზები ითხოვენ, რომ ერთიანი ერის სტატუსი მიიღონ და გაყოფილები არ იყვნენ, ამიტომაც ჩერქეზმა ნაციონალისტებმა ეს კამპანია წამოიწყეს.

    ჩერქეზები ცოტანი არიან, ამიტომაც დიდი ალბათობით, რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას ვერ მოახდენენ და კრემლი ამ მოთხოვნას იგნორირებას გაუკეთებს, როგორც გააკეთა სოჭის ოლიმპიადაზე. მაშინ ჩერქეზებმა ჯერ ოლიმპიადის გაუქმება მოითხოვეს, შემდეგ მოითხოვეს, ჩერქეზული სიმბოლიკა მაინც დაეშვათ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს და უფრო მეტიც, ჩერქეზების ამომხოცავი კაზაკების სიმბოლიკა დაუშვეს,"- აცხადებს კვახაძე.

    ("ეხო კავკაზას" ფოტო)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved