სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    11.10.2018

     მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან კიევის მისამართით მუქარანარევმა განცხადებებმა იმატა. ამჯერად რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ოფიციალურ კიევს მიმართავს და აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში რუსეთის ეკლესია უკრაინაში დიდ ეკლესია-მონასტრებს არ დათმობს და მათ შესანარჩუნებლად ქუჩაში მორწმუნეების მასშტაბური აქციები იქნება.

    "თუ უკრაინის ხელისუფლება დაგეგმილი ავტოკეფალიის ფარგლებში მართლმადიდებელ ეკლესიებში შეჭრას დაუშვებს, ადამიანები სიწმინდეების დასაცავად ქუჩაში გამოვლენ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა განაცხადა.

    მისივე თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს თვითმმართველი ნაწილია და მას სრული ადმინისტრაციული და ფინანსური დამოუკიდებლობა აქვს. ახლა კი დაიწყო მცდელობა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ამ ეკლესიებზე უფლებამოსილება ჩამოერთვას. უკვე შეინიშნება ეკლესიებში შეჭრის მცდელობა.

    "ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზოგიერთები ცდილობენ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიებში შეჭრას და მათ მორწმუნეები უპირისპირდებიან. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ასეთ შეჭრას ხელისუფლება ოფიციალურ თანხმობას მისცემს და ეს პროცესი სისტემატურ ხასიათს მიიღებს. რა თქმა უნდა, ადამიანები ქუჩაში გამოვლენ და საკუთარ სიწმინდეებს დაიცავენ", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

    საგულისხმოა, რომ სექტემბერში მიტროპოლიტი ილარიონი სისხლის ღვრითაც კი დაიმუქრა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში.

    "ჩვენ უნდა ველოდოთ ყველაფერ ცუდს, რაც კი შეიძლება მოხდეს - რომ დაპირისპირებული ნაწილი აიღებს კონტროლს დიდ მონასტრებზე, როგორებიცაა კიევი-პეჩორის ლავრა, პოჩაევის ლავრა. მაშინ, რა თქმა უნდა, ერთგული მორწმუნე მართლმადიდებლები დაიწყებენ ამ წმინდა ადგილების დაცვას და შეიძლება სისხლისღვრაც მოხდეს", - განაცხადა ილარიონ ალფეევმა "რაშა თუდეისთან" ინტერვიუში.

    თეოლოგი ვლადიმერ ნარსია ამბობს, რომ რუსული ეკლესია მილიტარისტულად პოზიციონირებს და ცდილობს, ყველანაირი ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ იმედოვნებს, რომ მხოლოდ მცირე დაპირისპირებას ვნახავთ და მრევლის დიდი ნაწილი მილიტარისტული ხასიათის შეტევას არ დათანხმდება.

    "არა მარტო ილარიონ ალფეევი, თავად რუსეთის პატრიარქ კირილის განცხადებაც ვნახე, სადაც ამბობს, რომ ეს დაპირისპირება რელიგიური ომის ფაზაში შედის.

    "რუსეთის ეკლესია ცდილობს, ყველა საშუალება გამოიყენოს, ამ დაპირისპირებაში საკუთარი ძალა მოსინჯოს, რათა ვითარების ესკალაცია მოხდეს იქამდე, სანამ სიტუაციას თავის სასარგებლოდ შემოაბრუნებენ.

    "რუსული ეკლესიიდან წამოსული განცხადებები შუა საუკუნეების რიტორიკაა, რაც აბსოლუტურად უცნობია ქრისტიანული თეოლოგიური დისკუსიისთვის. რუსეთის ეკლესიას სურს, პუტინისტურ იმპერიალისტურ მიზნებს კიდევ ერთი ინსტრუმენტი შემატოს და ვითარება ამ ველზედაც გაამწვავოს, რაც არ გამოუვა.

    "ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ უკრაინის ეკლესიის მრევლი დაეთანხმოს და რუსულმა ეკლესიამ შეძლოს მათი მასობრივად ჩათრევა გამწვავება-დაპირისპირებაში, რათა ამას ომის თუ სერიოზული დაპირისპირების ხასიათი მიეცეს. ცალკეული მცირე დაპირისპირება კი, შესაძლოა, მოხდეს რუსეთის საპატრიარქოს მიერ მართული ადამიანების მხრიდან.

    "მაგალითად, იყო კიდეც მსგავსი რამ. ერთი თვის წინ კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ კიევში ორი ეგზარქოსი მიავლინა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის მოსამზადებლად. უკრაინაში კი გამოვიდა ერთი ეპისკოპოსი, რომელმაც თქვა, რომ ამ ეგზარქოსების საცხოვრებელ სახლებთან 50 კაცით ყოველდღიური პატრულირება უნდა მოვაწყოთ და რუსეთის ეკლესიაზე დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამრევლოს ვთხოვთ, ხალხი გამოგვიგზავნოსო. ეს მილიტარისტული ამბავი უპრეცედენტოა, თუმცა მჯერა, რომ დიდი გამოსვლები არ იქნება", - ამბობს ნარსია.

    თეოლოგ ბექა მინდიაშვილის განცხადებით, რუსეთის ეკლესია ივიწყებს ყველანაირ ქრისტიანულ პრინციპს და მზადაა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, იმპერიალისტური მიზნებიდან გამომდინარე წავიდეს ყველანაირ დაპირისპირებაზე, მათ შორის ძალადობაზეც კი.

    "ის, რომ რუსეთის ეკლესია იმუქრება დაპირისპირებით, მისი მორიგი შანტაჟის მცდელობაა. რუსეთის ეკლესიას, საუკუნეებია, მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესები და უკრაინაზე იდეოლოგიური გავლენის სურვილი ამოძრავებს. იმიტომ არსებობს ის ეკლესია იქ, რაც უნდა დასრულდეს.

    "რუსეთის ეკლესია ისე იქცევა, როგორც რუსეთის სახელმწიფო, აგრესორია და იჭრება სხვის ქვეყანაში, სხვის რელიგიურ სივრცეში.

    "რუსეთის ეკლესია ივიწყებს ყველანაირ ქრისტიანულ პრინციპს და მზადაა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, იმპერიალისტური მიზნებიდან გამომდინარე წავიდეს ყველანაირ დაპირისპირებაზე, მათ შორის ძალადობაზეც კი. დარწმუნებული ვარ, უკან არ დაიხევს, თუმცა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ მყოფი საეკლესიო იერარქიაც უმეტესად უკრაინელებისგან შედგება და ისინიც ელიან იმ დღეს, როდესაც ავტოკეფალია იქნება აღიარებული.

    "აგენტურა და მოსკოვის ინტერესების მსახურები იქნებიან და ისინი ალბაც პროვოკაციაზე წავლენ, მაგრამ არ ველი, რომ სერიოზული დაპირისპირება იქნება. თვითონ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მრევლსაც სურს ავტოკეფალიის მინიჭება და ერთიანი უკრაინული ეკლესია", - ამბობს მინდიაშვილი.

    ფოტო: მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი: "თუ უკრაინის ხელისუფლება დაგეგმილი ავტოკეფალიის ფარგლებში მართლმადიდებელ ეკლესიებში შეჭრას დაუშვებს, ადამიანები სიწმინდეების დასაცავად ქუჩაში გამოვლენ."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved