სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    24.12.2017

     22 დეკემბერს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლოში უკრაინული "ნაფტოგაზისა" და რუსული "გაზპრომის" გაჭიანურებულ ოთხწლიან დავას საბოლოო წერტილი დაესვა. სასამართლომ ამ კონფლიქტის საქმეზე დასკვნითი განაჩენი გამოიტანა, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

    უკრაინული მხარე თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და ეს წარმატება ქვეყნის მოსახლეობას პეტრო პოროშენკომაც მიულოცა. რუსული "გაზპრომის" წარმომადგენლები კი მარცხს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნები სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა.

    გაზის მიწოდებისა, ასევე მისი ტარიფების გამო უთანხმოებას რუსეთსა და უკრაინას შორის დიდი ხნის ისტორია აქვს. ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიშვა და დღემდე გრძელდება. წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებისათვის "გაზპრომი" უკრაინაზე წნეხის ერთ-ერთ მთავარ იარაღად გადაიქცა. როგორც წესი, "გაზპრომი" უკრაინულ მხარეს გაზის საფასურად იმაზე მაღალ ფასს უწესებდა, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს.

    იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რუსულმა მხარემ საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. მაგალითად 2006 წლის პირველი იანვარი გამოდგება. იგივე განმეორდა 2009 წლის პირველ იანვარსაც. მაგრამ ვინაიდან ევროპას რუსული გაზი დიდწილად უკრაინაზე გამავალი მილსადენების ქსელით მიეწოდებოდა, ყოველ ასეთ შემთხვევაში ეს ქვეყანა ევროპისთვის განკუთვნილი გაზის საკუთარი მიზნებისთვის არასანქცირებულ ხარჯვას იწყებდა. რასაკვირველია, ეს მოქმედება ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას უფრო ამწვავებდა.

    ბოლოს და ბოლოს, 2009 წლის იანვარში გაზის მიწოდების შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის 11-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მოქმედების ვადა 2019 წლის 31 დეკემბერს იწურება. მის თანახმად, გაზის ტარიფი 1000 კუბომეტრზე 450 დოლარად განისაზღვრა და კონტრაქტის ამოწურვამდე არ უნდა შეცვლილიყო. ამის გარდა, რუსულ მხარეს უკრაინისთვის ყოველწლიურად 50 მილიარდი კუბომეტრი გაზი უნდა მიეწოდებინა. იმისდა მიუხედავად, ქვეყანა ამ მოცულობას სრულად აითვისებდა თუ არა, მისი საფასური აუცილებლად უნდა დაეფარა.

    მოგვიანებით ამ ხელშეკრულების გაფორმების გამო უკრაინის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

    2013 წლის დეკემბერში უკრაინის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და რუსეთის პირველმა პირმა ვლადიმირ პუტინმა მოილაპარაკეს, რომ 2014 წლის დასაწყისიდან უკრაინისთვის გაზის ტარიფი გაიაფდებოდა და 450 დოლარიდან 268.5 დოლარამდე ჩამოიწევდა.

    ამ შეთანხმებიდან ცოტა ხანში უკრაინაში "ნარინჯისფერი რევოლუცია" მოხდა და იანუკოვიჩი თანამდებობას გამოეთხოვა. რუსეთის რეაქციამ არ დააყოვნა. 2014 წლის აპრილში "გაზპრომმა" უკრაინას გაზის საფასური 1000 კუბომეტრზე 480 დოლარამდე გაუზარდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის 2.2 მილიარდი დოლარის დავალიანება იყო მოყვანილი. ამის გარდა, "გაზპრომმა" უკრაინას ფულის წინასწარი გადახდა კატეგორიულად მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე, როგორც 2006 და 2009 წლებში, გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.

    უკრაინულმა მხარემ "გაზპრომის" ამ მოთხოვნის შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ისინი მზად იყვნენ, გაზის საფასურად 1000 კუბომეტრში 268 დოლარი გადაეხადათ.

    2014 წლის ზაფხულში "გაზპრომმა" უკრაინულ "ნაფტოგაზს" საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და დაახლოებით 56 მილიარდი დოლარის გადახდა მოსთხოვა. ეს თანხა კონტრაქტით გათვალისწინებულ გაზის საფასურსა და ჯარიმებს მოიცავდა.

    საპასუხოდ უკრაინის "ნაფტოგაზმა" საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 26.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა. ამავე დროს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ კიევისთვის მიუღებელი იყო რუსეთის ათას კუბურ მეტრ გაზზე 480 დოლარი. მისი მტკიცებით, უკრაინა მზად იყო, შეესყიდა გაზი 268 დოლარად.

    უკრაინამ რუსულ გაზზე უარი საბოლოოდ 2015 წლის ნოემბერში განაცხადა და ნედლეულის იმპორტი ევროკავშირიდან დაიწყო, მიზეზად კი ევროკავშირის მიერ გაზზე დაწესებული დაბალი ტარიფი დასახელდა. ამის მიუხედავად, "გაზპრომი" უკრაინული მხარისაგან 2009 წლის შეთანხმების შესრულებას ბოლომდე მოითხოვს.

    უკვე მოგვიანებით, 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში, უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა ანტიმონოპოლიური კომიტეტის მოთხოვნა, რომელიც "გაზპრომს" ჯარიმის სახით 6,66 მილიარდი დოლარის გადახდას აკისრებდა. უწყება რუსულ კონცერნს უკრაინის ტრანზიტული გაზის ბაზარზე მონოპოლიის დამყარებას ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, "გაზპრომი" ვალდებული იყო, ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა - 171 მილიარდი გრივნა სრულად გადაეხადა.

    საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ "ნაფტოგაზი"-"გაზპრომის" საქმის განხილვა 2014 წლის ივნისში დაიწყო და 1428 დღის განმავლობაში აგრძელებდა. მას საბოლოო წერტილი მიმდინარე წლის 22 დეკემბერს დაესვა.

    სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებით, უკრაინამ "გაზპრომს" 56 მილიარდი დოლარი აღარ უნდა გადაუხადოს. ასევე, არ უნდა გადაიხადოს რუსული მხარის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მიწოდებული გაზის საფასური.

    უკრაინამ 2009 წლის ხელშეკრულება მაინც ბოლომდე უნდა შეასრულოს, ოღონდ წლიურად, ნაცვლად 50 მილიარდისა, მხოლოდ 5 მილიარდი კუბომეტრი გაზი უნდა შეიძინოს.

    უკრაინის მიერ 2014 წელს მოხმარებული რუსული გაზის საფასური 1000 კუბომეტრზე საერთაშორისო სასამართლომ 480 დოლარიდან 352 დოლარამდე შეამცირა, ანუ იმ ტარიფამდე, რომელიც იმ წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის მოქმედებდა.

    საერთო ჯამში, უკრაინულმა "ნაფტოგაზმა" რუსულ "გაზპრომს" უკვე მოხმარებული გაზის საფასურად მხოლოდ 2 მილიარდი დოლარი უნდა ჩაურიცხოს. ამ თანხის გადახდის ვადის ათვლა მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან დაიწყო.

    უკრაინული და რუსული მხარეები საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით კმაყოფილებას არ მალავენ. უკრაინელებმა 2009 წლის კაბალურ ხელშეკრულებას თავი ნაწილობრივ დააღწიეს და 2019 წლამდე 75 მილიარდი დოლარის ეკონომიას მიაღწიეს. "გაზპრომის" მხარე კი მიიჩნევს, რომ უკრაინა 2019 წლის 31 დეკემბრამდე, მართალია, შემცირებული ოდენობით, მაგრამ რუსულ გაზს მაინც მოიხმარს და მისი საფასურიც აუცილებლად უნდა დაიფაროს.

    საერთაშორისო პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ამ დავაში გამარჯვებული მაინც უკრაინული მხარე დარჩა, რადგან 2020 წლიდან "გაზპრომზე" დამოკიდებული აღარ იქნება, ამით კი ქვეყანაში რუსული პოლიტიკისა და ეკონომიკის გავლენა კიდევ უფრო შემცირდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved