სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    უკრაინის აღმოსავლეთით ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას პროგნოზირებენ
    გვანცა ღვედაშვილი
    20.12.2017

     "მორიგი სპეკულაცია რუსეთის მხრიდან," - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე გაეროში რუსეთის წარმომადგენლის განცხადებას, რომ აშშ-ის კომპანიები კიევს იარაღს საიდუმლოდ აწოდებენ და ამერიკა ამას ოფიციალურად არ აღიარებს.

    პოლიტოლოგი იგორ კვესელავა კი აღნიშნავს, რომ თუ ეს განცხადება დადასტურდა, პოლიტიკურ პროცესებს ნამდვილად დაძაბავს.

    სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთოების საკითხებში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაა აქტიური სამხედრო დაპირისპირების განახლებაც, თუმცა რუსეთმა იცის, რომ სამხედრო მოქმედებას დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მწვავე სანქციები მოჰყვება.

    როგორც გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილე პეტრე ილიჩოვმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, უკრაინაში ამერიკული და კანადური იარაღის შეტანა ქვეყნის ხელისუფლებას ახალი სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებს. ამასთან, დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა, რომ კანადა მზადაა, თავის კომპანიებს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის ლიცენზია მისცეს, ხოლო შეერთებული შტატების კომპანია "აირტრონიკ აშშ" "უკვე აწოდებს იარაღს კიევს, რაზეც საიდუმლო თანხმობა მიიღო როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე პენტაგონისგან. მიუხედავად ამისა, აშშ ამას ოფიციალურად არ აღიარებს".

    "ვურჩევდით მათ, ვინც ბიძგს აძლევს ასეთ მოქმედებებს და ვინც მათ აღასრულებს, დაფიქრდნენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე. სრულიად ცხადია, რომ ამერიკული და კანადური სამხედრო შეიარაღებით უკრაინის მომარაგება ქვეყნის ხელისუფლებას უბიძგებს (რომელიც არც მინსკის ხელშეკრულების პირობებს იცავს) ახალი სამხედრო ავანტიურისკენ.

    "ყველას უნდა ესმოდეს, რომ ძალისმიერი გზებით დონბასში კონფლიქტი არ მოგვარდება, ხოლო პასუხისმგებლობა დაღუპულებზე მათ კისერზე იქნება, ვინც მკვლელებს იარაღით მოამარაგებს", - ამბობს ილიჩოვი.

    რამდენად მოსალოდნელია, აშშ მართლაც აწვდიდეს უკრაინას იარაღს და რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს? - "რეზონანსის" კითხვის პასუხად ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ დამამტკიცებელი ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, სრული უფლება აქვს, შეიძინოს ან მიიღოს იარაღი.

    "ზოგიერთი ტიპის ამერიკული შეიარაღების ყიდვა შავ ბაზარზეცაა შესაძლებელი ან სხვა ქვეყნების, საშუამავლო კომპანიების მეშვეობით. ანალოგიურად არის შესაძლებელი რუსული იარაღის ყიდვა, თუ ფულადი რესურსები არსებობს.

    "რუსეთი ამ თემას უფრო სპეკულაციებისთვის იყენებს - იქეთ შეედავეს პრინციპით. რუსეთს ხომ სურს, მსოფლიოს დაანახოს, რომ დონბასის სეპარატისტებმა თავისით შეძლეს არმიის ჩამოყალიბება, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მოპოვება. ატრიალებდნენ რაღაც საცავებს, სადაც თითქოს ჟანგიანი საბრძოლო მანქანების შეკეთება ხდებოდა. ვინც საქმეში ჩახედულია, მიხვდება, რომ ეს ასე მოკლე ვადაში შეუძლებელია, უკრაინა კი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას აქვს უფლება, შეიძინოს სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება იმისათვის, რომ აგრესიისგან თავი დაიცვას.

    "ამ ეტაპზე არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია. სამომავლოდ კი უკრაინა აქცენტს გააკეთებს იმ შეიარაღებაზე, რომელიც უფრო მეტად ესაჭიროება. ესაა, პირველ რიგში, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა უკრაინა თავადაც აწარმოებს. ასევე, შესაძლებელია თანამედროვე საბრძოლო მანქანები, კავშირგაბმულობისა და სადაზვერვო საშუალებები, ეკიპირება და სხვა.

    "საკმაოდ კარგად ვიცნობ უკრაინის სამხედრო მრეწველობის შესაძლებლობას. ამ სახელმწიფოს შეუძლია, დამოუკიდებლად აწარმოოს თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა როგორც საერთო საჯარისო, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლისთვის.

    "ამავე დროს, თქვენს მკითხველს ემახსოვრება, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში დაიწვა შეიარაღების სამი ყველაზე დიდი ბაზა. შესაბამისად, არ ვფლობ ინფორმაციას, დღეს რა სჭირდება უკრაინის არმიას. შესაძლოა, ტყვია-წამლის და სხვა საბრძოლო მასალების მოთხოვნაც კი იყოს", - აცხადებს ბრიგადის გენერალი და აღნიშნავს, რომ თუ რუსულ მხარეს დავუჯერებთ, იარაღის მიწოდება კიევს საბრძოლო მოქმედებისკენ უბიძგებს.

    "სამწუხაროდ, ფაქტობრივად, სამშვიდობო პროცესი შეჩერებულია. ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია განვიხილოთ გერმანიის შიდა პრობლემები. მსოფლიოს გადაავიწყდა, რომ ანგელა მერკელი, უკვე მესამე თვეა, ვერ ახერხებს მთავრობის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, გერმანიას, როგორც სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთ მონაწილეს, უკრაინისთვის არ ცხელა. მიუხედავად ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში უკრაინის ხსენებისა და, ასევე, მომავალი წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის 350 მლნ დოლარის გამოყოფისა, დიპლომატიური ხაზით რამე სერიოზული აქტივობა დასავლეთის მხრიდან არ შეიმჩნევა. ასეთი ვაკუუმით ყოველთვის სარგებლობს რუსეთი.

    "ამასთან, რუსეთი ალბათ არ დაელოდება უკრაინის არმიის ისეთ კონდიციამდე მიყვანას, ასევე, გამოყოფილი 350 მლნ დოლარის ათვისებას და შეეცდება, პროცესები თავის სასარგებლოდ წარმართოს. არაა გამორიცხული აქტიური სამხედრო დაპირისპირების განახლებაც. თუმცა რუსეთმა იცის, რომ სამხედრო მოქმედებას დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მწვავე სანქციები მოჰყვება", - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე და დასძენს, რომ სამ თვეში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებია. ბევრი ფიქრობს, რომ არჩევნებს პუტინი, ტრადიციულად, ახალ ომს დაუკავშირებს.

    "ამ დღეებში დონბასში მინსკის ფორმატით არსებული სადამკვირვებლო მისია რუსეთის სამხედროებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რაც საგარეო უწყების განცხადებაშიც არის ასახული. რთული სათქმელია, ხომ არაა ეს აქტიურ ფაზაში გადასვლის ერთ-ერთი ინდიკატორი.

    "რეზონანსის" ფურცლებზე ჩვენ ადრე ვწერდით, რომ რუსეთმა უკრაინასთან მიმართებით ბრძოლის ტაქტიკაც და სტრატეგიაც შეცვალა, რაც უკვე იგრძნობა საინფორმაციო საშუალებების, წამყვანი პოლიტოლოგების, პოლიტიკური თოქ-შოუების რიტორიკაში, ისინი სულ უფრო ხშირად საუბრობენ უკრაინის ფრაგმენტაციაზე.

    "არა მგონია, ეს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედების წამოწყებით სცადონ. უფრო შეეცდებიან შიდა დესტრუქციული პროცესების მხარდაჭერას, პარალელურად კი, დონბასის რეგიონში დაძაბულობის შენარჩუნებას", - განაცხადა სალუქვაძემ.

    იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკა უკრაინას იარაღს მიაწვდის, პოლიტოლოგ იგორ კვესელავას შეფასებით, ეს პოლიტიკური პროცესების დაძაბვას გამოიწვევს.

    "ამერიკა თუ გადაწყვეტს, უკრაინას იარაღი მიაწოდოს, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესების დაძაბვას ნიშნავს, ეს ევროპაში ომის შეჩერებას კი არა, გაგრძელებას ნიშნავს. ამერიკას არასდროს უომია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პირველ მსოფლიო ომს და იმ წერტილოვან დარტყმებს, რომელსაც ის ვიეტნამის დროს იღებდა. რა მოუტანა ამან ამერიკას, ყველასთვის ცნობილია, ამას თავად ყოველთვის უარყოფითად იხსენებდა.

    "თუკი ამერიკა მართლაც გადაწყვეტს ამას, რუსეთი იძულებული იქნება, საპირისპირო მოიმოქმედოს. იგი იარაღს იარაღს დაუპირისპირებს, ხოლო ძალას - ძალით შეხვდება. ის პროცესები, რომელიც ახლაც მიმდინარეობს უკრაინაში, მგონია, რომ მას გახლეჩისკენ მიაქანებს", - განაცხადა კვესელავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    gio   (20.12.2017)
    „ამერიკას არასდროს უომია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პირველ მსოფლიო ომს და იმ წერტილოვან დარტყმებს, რომელსაც ის ვიეტნამის დროს იღებდ.“ - და ეს არის ექსპერტი... მე-2 მსოფლიო, კორეა, ერაყი, ავღანეთი და მრავალი პატარა ოპერაციები სად აღარ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved