სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რუსების 2/3 უკვე ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია
    ეკატერინე ბასილაია
    16.12.2017

     რუსეთში მოსახლეობის დაახლოებით 70% ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, მათი ნახევარი კი ფიქრობს, რომ ეს კრიზისი მომდევნო წელს კიდევ უფრო მძიმე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვმა უკვე დაამარცხა საინვესტიციო შოკი, რომელიც ნავთობის ფასების კლებითა და დასავლური სანქციებით იყო გამოწვეული და ქვეყნის ეკონომიკა "აშკარად იზრდება".

    ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთში ეკონომიკის კრიზისია, თუმცა პუტინმა მოახერხა ის, რომ ამ კრიზისის გამო მოსახლეობა არა პირადად მის, არამედ აშშ-ის წინააღმდეგ განეწყო და ეკონომიკური სიდუხჭირეც სათავისოდ, საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად გამოეყენებინა.

    რუსულ მედიაში "საზოგადოებრივი აზრის ფონდის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა, სადაც რუსების უმრავლესობა - 67% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, 21% ამბობს, რომ კრიზისი არ არის, ხოლო 12%-ს ამ კითხვაზე ჩამოყალიბებული პასუხი არ აქვს.

    გარდა ამისა, რუსების 30%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მომავალ წელსაც ისეთ დონეზე იქნება, როგორც 2017 წელს, 15% ფიქრობს, რომ კრიზისი იქნება უფრო ძლიერი, ხოლო 9%, პირიქით, მიიჩნევს, რომ შესუსტდება.

    გამოკითხვის პარალელურად, რუსულ მედიას ვლადიმირ პუტინის განცხადებაც მოჰყავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეკონომიკა იზრდება და "ეს აშკარაა".

    პუტინის თქმით, რუსეთში ეკონომიკური ზრდა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ "მათ უკვე გადალახეს ორი ცნობილი საინვესტიციო შოკი". ერთი იყო ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ვარდნა, სწორედ ამ მიმართულებაში ექსპორტი კი ბიუჯეტის ძირითადი შემოსავალია და მეორე იყო საგარეო შეზღუდვები, იგივე სანქციები. როგორც პუტინმა განაცხადა, რუსეთის ეკონომიკა ყველაზე მეტად ნავთობის ფასების ვარდნამ დააზარალა, თუმცა ასევე ზიანი მიაყენა სანქციებმაც."საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, ფაქტია, რომ ბოლო წლების ეკონომიკური კრიზისი, რაც დაკავშირებული იყო ნავთობის ფასების ვარდნასა და დასავლურ სანქციებთან, რუსეთმა შედარებით ადვილად გადალახა, ვიდრე დასავლეთში მოელოდნენ.

    "დასავლეთში დღესაც ბჭობენ, რა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ კრიზისი ისე მძიმედ არ აისახა, რა მოლოდინიც იყო. ამის სხვადასხვა მიზეზია - ნავთობის ფასმა აწევა დაიწყო, ასევე, რუსეთმა მეტ-ნაკლებად დივერსიფიცირება მოახდინა და ის პროდუქტები, რომლებითაც ევროპასთან ვაჭრობდა, სხვადასხვა ქვეყნიდან მეტ-ნაკლებად ჩაანაცვლა.

    "თუმცა იმაზე საუბარი, რამდენად შენარჩუნდება ეს ტემპი და რამდენად მოახერხებს ამას რუსეთი, რთულია. პუტინს გაზაფხულზე არჩევნები ელის და რაც უნდა კრიზისული იყოს მდგომარეობა, ის მაინც იტყვის, რომ ყველაფერი უკან მიოიტოვეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ რეალობა მაინც სულ სხვაა. რუსული ეკონომიკის კარგი ცოდნაა საჭირო, რომ ზუსტად გააანალიზო, რამდენად შეუძლია მას ბოლო პერიოდის შოკის გადატანა," - ამბობს კაკაჩია.

    მისი თქმით, რუსეთში ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია არა ის, რომ მოსახლეობა პუტინს დაპირისპირებოდა და მცირე არეულობა მომხდარიყო, არამედ, პირიქით, პუტინმა და მისმა რეჟიმმა მოახერხა და საზოგადოების დიდი ნაწილი კიდევ უფრო გააერთიანა იმპერიალისტური იდეებით. ილუზიაა, რომ პუტინი სხვაა და რუსული საზოგადოება სხვანაირია, ასე არ არის. რუსული საზოგადოება საფრთხის, ომის დროს ყოველთვის ირაზმებოდა. პუტინმა მოახერხა, რომ მთელი მოსახლეობა ამას აღიქვამს საფრთხედ, რომელიც მათ უნდა გადალახონ, პრინციპული საკითხების, მაგალითად, ყირიმის საკითხის დათმობა არ შეიძლება და რუსეთი მზად არის, ეკონომიკურ კრიზისს, სანქციებს და სხვა წნეხს გაუძლოს. თუმცა ეს კრიზისი თუ დიდხანს გაგრძელდება, მაშინ არ ვიცით, რა მოხდება," - დასძენს კაკაჩია.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, შემთხვევითი არ იყო, რომ პუტინმა ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე პირდაპირ დასავლეთისკენ გაიშვირა ხელი და თქვა, რომ რუსეთის რთული ეკონომიკური სიტუაცია სწორედ სანქციების ბრალია და ამით საზოგადოების ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

    მისი თქმით, რუსულ ეკონომიკაში რთული ვითარებაა. წინა წლის განმავლობაში გაზისა და ნავთობის ექსპორტით მხოლოდ 120 მლრდ დოლარი მიიღო, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მართალია, ბოლო დროს ენერგომატარებლებზე ფასები მაღლა იწევს, მაგრამ რუსულ ეკონომიკას მაინც ძალიან გაუჭირდება, რადგან ბოლო წლებში მხოლოდ 3-4%-იანი ზრდის ტემპი აქვს, რაც ძალიან დაბალია. მაგრამ ამ ყველაფერს რუსეთის მოსახლეობა იტანს და, დასავლეთის მოლოდინის მიუხედავად, სანქციებმა რაიმე სერიოზული კრიზისი რუსეთში მაინც ვერ შექმნა.

    "რადგანაც დიდი კრიზისი ვერ შეიქმნა, სწორედ ამიტომ აშშ-მა ახლა ბოლო რესურსი გამოიყენა და ახალი სანქციები დააანონსა, რაც რუსი ოლიგარქების აქტივების გაყინვას გულისხმობს. როგორ განვითარდება სიტუაცია, რთული სათქმელია. პუტინმაც აღიარა სანქციების გავლენა, რაც ამ ახალი სანქციებითაა განპირობებული. თებერვლიდან ან მარტიდან ამოქმედდება სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომლითაც რუსებს ამერიკის იურისდიქციაში არსებულ ეკონომიკურ ინსტიტუტებში აქტივებს გაუყინავენ. დღეს რუსი ოლიგარქები ცდილობენ, საკუთარი თანხები გადაარჩინონ და რუსეთში გადაიტანონ," - ამბობს მაისაია.

    მისივე თქმით, იმის გამო, რომ რუსულ ეკონომიკაში მწვავე პრობლემაა და სავალუტო რეზერვებიც ილევა, პუტინმა თანხების ჩადება სამხედრო ტექნოლოგიების წარმოებაში დაიწყო და ეს დააანონსა კიდეც.

    "სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში თანხების ჩადება ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი გარანტია. პუტინმა აირჩია საბჭოთა კავშირის ეკონომიკის განვითარების მოდელი, ანუ ის გზა, რამაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი სუპერსახელმწიფო გახადა," - აღნიშნავს მაისაია.

    ის ამბობს, რომ რუსეთმა წარმატებული კამპანია ჩაატარა აღმოსავლეთში, ასევე, აშშ-ს, ფაქტობრივად, წაართვა სტრატეგიული პარტნიორები, სათავისოდ განაწყო რა თურქეთი და საუდის არაბეთი და ამ სამხედრო თუ გეოპოლიტიკური წარმატებებით შეძლო, დაებალანსებინა ეკონომიკური კრიზისი.

    "რუსებისთვის იმპერიალისტური ელემენტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონე და მასშტაბები. ამიტომაცაა, რომ, ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, პუტინის რეიტინგი კიდევ უფრო მაღლა იწევს. ამ კრიზისმა, სამწუხაროდ, რუსეთის ამბიციები უფრო გააძლიერა. პუტინმა მოუქნელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები გარე საფრთხეებზე გადაიტანა და დღეს რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას ნამდვილად სჯერა, რომ მთავარი მტერი აშშ-ია, ამერიკის ბრალია, რაც ემართებათ და არა, მაგალითად, პუტინის კლანის ბრალი," - მიიჩნევს მაისაია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (17.12.2017)
    რაც ადვილად მისახვედრია, ნავთობზე ფასების ზრდა,რუსეთს თავისულად სუნთქვის საშუალებას აძლევს, ვინ და რატომ შეუქმნეს რუსეთს,ერთის მხრივ სასათბურე პირობები და მეორეს მხრივ რამდენად ეფექტურია სანქციები, ეს რომ გაიგო, კარგად უნდა იცნობდე აშშ-ს, ევროკავშირის პოლიტიკის შიდა სამზარეულოს...ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოსთვის მეტად არასასურველი სცენარი თამაშდება რეგიონში, რამაც შეიძლება დიდი რყევები გამოიწვიოს...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter