სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    15.12.2017

     "უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებმა, სააკაშვილის უპირობოდ განთავისუფლებამ მთელი მსოფლიო გააოცა. 50-მილიონიანმა უკრაინამ ვერ შეძლო ერთი პოლიტიკური დამნაშავის დაკავება. უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო და გენერალური პროკურორი ლუცენკო უძლურნი აღმოჩნდნენ. შეიძლება სულ მალე გადადგეს ლუცენკო, ახალ წლამდე ან ახალი წლის შემდეგ - პოროშენკო და სააკაშვილი გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი," - ამბობს რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალი რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

    "რეზონანსი": როგორ შეაფასებდით სააკაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკრაინაში და აქვს თუ არა მას პერსპექტივა, წამყვანი პოზიცია დაიკავოს უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში? თავად აცხადებს, რომ მზადაა, გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

    რევაზ მიშველაძე: ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიიღონ უმკაცრესი კანონი, რაც გულისხმობს, პარლამენტის წევრების, პრეზიდენტის, მინისტრებისა და სხვა თანამდებობის პირებისთვის აუცილებელი გახდეს ფსიქიკური სიჯანსაღის მოწმობის წარმოდგენა. არ გეგონოთ, რომ ამას დაუფიქრებლად ვამბობ, რადგან 9 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტად გვეჯდა გაუწონასწორებელი კაცი.

    მე სააკაშვილს კარგად ვიცნობ, პარლამენტში 5 წელი ერთად ვიყავით და ერთხელ არ უთქვამს ამ ადამიანს - "იქნებ ვცდები", "ჩემი მოკრძალებული აზრით", "ვფიქრობ, ასე უნდა იყოს", რაც ნამდვილი მოკრძალებული და ინტელიგენტი ადამიანის დამახასიათებელია. ის ყოველთვის ლაპარაკობდა ყოვლისმცოდნის პოზიციიდან. შეიძლება ჩვენ შევცდით, ვერ შევაფასეთ, მაგრამ ამხელა ქვეყანა უკრაინა ან სააკაშვილის პარტნიორები ოკეანის გაღმა როგორ შეცდნენ ამ პოლიტიკურ ავანტიურისტში, რომელიც ისევე უღალატებს მათ, როგორც - თავის ქვეყანას?!

    რაც შეეხება ბოლო მოვლენებს უკრაინაში, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა, 50-მილიონიანმა ქვეყანამ ვერ შეძლო ერთი პოლიტიკური დამნაშავის დაკავება. პრეზიდენტი პოროშენკო და პროკურორი ლუცენკო უძლურნი აღმოჩნდნენ. თავად ლუცენკომ განაცხადა, მეც და პოროშენკოც საშინელი წნეხის ქვეშ ვართო. ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვა. სააკაშვილის უპირობოდ განთავისუფლება ნიშნავს, რომ უკრაინაში ხელისუფლება დამარცხდა.

    "რ": თუმცა იგივე უკრაინის გენერალური პროკურორი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილს მაინც დააკავებენ. თქვენი აზრით, მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება საქართველოში?

    რ.მ: საქართველოს უძლურ ხელისუფლებას არანაირად არ აძლევს ხელს მატროსოვის ციხეში მჯდომი სააკაშვილი და თვითონ არასდროს არ მოითხოვს საქართველოში მის ჩამოყვანას. აბა, გაბედოს და ხელი აღმართოს საქართველოს უძლურმა ხელისუფლებამ სააკაშვილზე, მაშინვე ატყდება ერთი ამბავი მისი პატრონების მხრიდან, ამიტომაც აფუსფუსდნენ "ნაცები" მთელი ძალებით. მათ "ჩალიჩს" პოლიტიკურ ასპარეზზე და ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრას გამართლება აქვს იმიტომ, რომ სააკაშვილს ხელს ვერავინ ახლებს, რადგან შეიძლება საქართველოშიც იგივე ავანტიურა განმეორდეს, ისეთი საშინელი ფარსი გათამაშდეს, როგორიც უკრაინაში, სააკაშვილის უბოდიშოდ განთავისუფლება სასამართლოს დარბაზიდან. მე უკვე აღარ მჯერა, რომ დედამიწაზე საღი პოლიტიკური აზრი არსებობდეს და უფლება ჰქონდეს ხელისუფლებას, იყოს ხელისუფალი თავის ქვეყანაში. დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვითონ მართავს თავის ქვეყანას და ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის, ძალიან ცდება.

    "რ": უახლოეს პერსპექტივაში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში? ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მხოლოდ ორი პიროვნების - პორშენკოსა და სააკაშვილის კონფლიქტია.

    რ.მ: ჩემი პროგნოზით, შეიძლება სულ მალე გადადგეს უკრაინის გენერალური პროკურორი ლუცენკო, რამდენიმე კვირაში, ახალ წლამდე ან ახალი წლის შემდეგ - პრეზიდენტი პოროშენკო და უკრაინის მომავალი პრემიერ-მინისტრი გახდეს სააკაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter