სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები მისაღებია როგორც დასავლეთისთვის, ისე რუსეთისთვის
    თიკო ოსმანოვა
    12.12.2017

     "პოროშენკოს რეიტინგი ძალიან დაცემულია, ხალხის უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება, დღის წესრიგში დგას მისი ჩანაცვლება. როგორ მოხდება ეს ან ვინ ჩაანაცვლებს მას, ახლა ესაა უკრაინაში მთავარი საკითხი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

    უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე "რეზონანსი" ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

    ვახტანგ ძაბირაძე: ჩემი აზრით, ახლა უკრაინაში ოპოზიციის ახლად ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, ეს ეხება სააკაშვილსაც. უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია სააკაშვილის გამარჯვებით და ხელისუფლების სრული ფიასკოთი მთავრდება. როგორ შეიძლება ასე არ ვიფიქროთ, როდესაც ხელისუფლება ამდენად ვერ ფლობს ვითარებას და დიდ შეცდომებს უშვებს ერთმანეთის მიყოლებით. ახლა მისთვის შინა პატიმრობის მისჯა სრული აბსურდია - სააკაშვილი არსად იმალებოდა, შეიძლება ითქვას, რომ მის წისქვილზე ასხამენ წყალს. ასე რომ, ეს მიტინგი ან სააკაშვილის სახლთან გადაინაცვლებს, ან რადასთან და სააკაშვილი გამოცხადდება მიტინგზე, როგორც გმირი.

    "რეზონანსი": რატომ უშვებს უკრაინის ხელისუფლება ამდენ შეცდომას?

    ვ.ძ: სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები არაერთი მინახავს საქართველოშიც. "ვარდების რევოლუციის" დროს ათასობით ხალხი ქუჩაში იდგა, შევარდნაძე კი ბათუმში იყო, მაგრამ გადადგომის შემდეგ ძალიან ადეკვატური გახდა. ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლების არაადეკვატურობის მიღმა რაღაც სხვა ხდება.

    პოროშენკოს რეიტინგი ძალიან დაცემულია, ხალხის უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება, დღის წესრიგში დგას მისი ჩანაცვლება. როგორ მოხდება ეს ან ვინ ჩაანაცვლებს, ახლა ესაა უკრაინაში მთავარი საკითხი.

    "რ": სააკაშვილს ან ტიმოშენკოს თუ აქვთ ამ შემთხვევაში რაღაც შანსი?

    ვ.ძ: ჯერჯერობით მიდის ფონის შექმნა. არა მგონია, რომ ერთ ან ორ დღეში რაღაც კატასტროფა მოხდეს. შეიძლება ამ პროცესმა გასტანოს ერთი წელიც კი და საქმე არჩევნებამდეც მივიდეს.

    "რ": ანუ უკრაინაში რევოლუციას არ ელოდებით?

    ვ.ძ: ძალიან რთული იქნება მაიდნის განმეორება ისე, როგორც მოხდა. საქმე ისაა, რომ ეს პროცესი, რაც კიევში ხდება, ხელს აძლევს უკრაინის ოპოზიციას და მოსახლეობას, რომლებსაც პოროშენკოს მმართველობა არ მოსწონთ. რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ეს, ასევე, ხელს აძლევს როგორც დასავლეთს, ისე რუსეთს. ჯერჯერობით პროცესი, რაც მიმდინარეობს, ყველასთვის მისაღებია, არ არის ძალა, რომლისთვისაც ეს პროცესი მიუღებელია.

    "რ": სააკაშვილის ექსტრადირება რამდენად მოსალოდნელია?

    ვ.ძ: არა მგონია. საქართველოში სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნება არ ემუქრებათ.

    "რ": ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას ისლამურ სამყაროში უკვე მოჰყვა დიდი უკმაყოფილება. საქართველოში კი "ოცნების" დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ტრამპის მსგავსად, მასაც ეღიარებინა იერუსალიმი დედაქალაქად. რა ნაბიჯი უნდა გადადგას თბილისმა?

    ვ.ძ: აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერის პოზიციას, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ. მით უმეტეს, რომ გაეროში ამერიკა დარჩა მარტო. ამით ჩვენ აშშ-ს კი არ გავუწევთ პარტნიორობას, პარტნიორებს დავკარგავთ. ამიტომ სწორად მიმაჩნია, ასეთ საკითხებზე არ უნდა ვიყვიროთ და პირველები არ უნდა გამოვვარდეთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter