სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ძლიერი მოკავშირეების გარეშე სააკაშვილს გაუჭირდება რეალური ძვრების მოხდენა უკრაინაში
    გვანცა ღვედაშვილი
    12.12.2017

     "გამარჯვებული კანდიდატის მხრიდან იმის მზაობა, რომ მეორე ტური ჩატარდეს და აღმოიფხვრას ნაკლოვანებები, მისასალმებელია, თუმცა ალბათ გამოსაკვლევია ისიც, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და ვისი მეოხებით?! გასაგებია, რომ ვიღაცების ჩარევის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით.

    ამასთან, ანალიტიკოსი "რეზონანსთან" ინტერვიუში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, "ნაციონალების" აქციებს და კალაძის მიერ წარმოდგენილ თბილისის ბიუჯეტსაც განიხილავს.

    "რეზონანსი": როგორ შეაფასებდით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ფიქრობთ თუ არა, რომ სააკაშვილის დაკავებამ, შესაძლოა, უკრაინაში უკმაყოფილო მოსახლეობის უფრო მეტად მობილიზება გამოიწვიოს?

    ზაალ ანჯაფარიძე: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს. მართალია, მისი რეიტინგი დაკავების შემდეგ ოდნავ გაიზარდა, მაგრამ არც იმდენად კრიტიკულად, რომ მან შეძლოს იმ რაოდენობის ხალხის მობილიზება, რაც უკრაინაში სერიოზულ პოლიტიკურ ძვრებს გამოიწვევს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნებიან მისი მოკავშირეები. თუკი მის მხარდამჭერთა რიგებში იქნება თუნდაც იულია ტიმოშენკო, რომელსაც შეუძლია დამატებითი მასის მობილიზება, მაშინ შესაძლოა, ამ საპროტესტო ტალღას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს. სხვა მხრივ, ამის პოტენციალს ვერ ვხედავ.

    "რ": უკრაინაში სააკაშვილის აქტიურობას საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი აქციები მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, ეს პერფორმანსები სადამდე გაგრძელდება?

    ზ.ა.: როგორც ჩანს, "ნაციონალებს" ასეთი სტრატეგია აქვთ. ბუნებრივია, რომ ლიდერს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ და აქციებიც მოსალოდნელია. თუმცა არ ველოდები, რომ ამ პროცესებს სერიოზული ცვლილებები მოჰყვეს, ვინაიდან "ნაციონალების" სოციალური და ელექტორალური ბაზა, განსაკუთრებით გაყოფის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა.

    გარდა ამისა, თავად პარტიაც აღარ არის ისეთი მიმზიდველი, რომ მათ შეძლონ ქვეყანაში სერიოზული ძალის მობილიზება. თანაც ის რადიკალური და დესტრუქციული დღის წესრიგი, რომლითაც ისინი გამოდიან, ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებლია და ამცირებს მათი მხარდამჭერების რაოდენობას.

    "რ": რაც შეეხება საქართველოში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევის პროცესს, კანდიდატები გაყალბებაზე საუბრობენ და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ არჩევნებს?

    ზ.ა: ვერ გეტყვით, ზუსტად რა ხდებოდა არჩევნებზე, იქ არ ვყოფილვარ, თუმცა კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ რადგან არჩევნებში ფორმალურად გამარჯვებული კანდიდატი დავით ასათიანი თავად ითხოვს მეორე ტურის ჩატარებას, ეს უკვე არის იმის ინდიკატორი, რომ არჩევნები და ხმის დათვლა მთლად სუფთად არ ჩატარებულა.

    ადვოკატთა ასოციაცია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. შესაბამისად, გამარჯვებული კანდიდატის მხრიდან იმის მზაობა, რომ მეორე ტური ჩატარდეს, აღმოიფხვრას ხარვეზები და ეჭვები, არის მისასალმებელი. თუმცა ალბათ გამოსაკვლევია ისიც, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და ვისი მეოხებით?! გასაგებია, რომ ვიღაცების ჩარევის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.

    "რ": ასევე, თქვენი აზრი გვაინტერესებს კალაძის მიერ წარმოდგენილ თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა.

    ზ.ა.: ჩემი აზრით, ის, რომ ბიუჯეტი ზედმეტად ორიენტირებული იყოს სოციალურ სფეროზე, თანხების ფლანგვის გარკვეულ რისკს შეიცავს. ადრეც იყო გამოყოფილი ვაუჩერებზე თანხა, თუმცა ამას მოწყვლად ჯგუფთა არსებული მდგომარეობა არ შეუცვლია.

    ჩემი შეხედულებით, უმჯობესია, ეს თანხები უფრო მეტად იყოს მიმართული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე და იმ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved