სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქართველი პოლიტოლოგები კიევში ახალ "ხავერდოვან რევოლუციას" პროგნოზირებენ
    ნინო ქეთელაური
    11.12.2017

     უკრაინის ხელისუფლების გაუაზრებელი მოქმედების შედეგად პროცესები 2004 წლის მაიდნის თუ არა, ვარდების რევოლუციის სცენარით მაინც განვითარდება - ასეთია პოლიტოლოგების პროგნოზი კიევში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

    გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაპატიმრებამდე დააანონსა, მთავარი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო. მომიტინგეების თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანა უსამართლობისკენ წაიყვანა, რასაც არ შეეგუებიან.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაზე ათ ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც მიხეილ საკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები ეჭირათ. აქციის ლოზუნგია "ოლიგარქებისა და ბარიგების თვითნებობისა და კორუფციის წინააღმდეგ".

    აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პარასკევს დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მას ბრალად ედება დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, კერძოდ, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.სააკაშვილის დაკავება უკრაინელმა სამართალდამცავებმა მანამდე ორი დღით ადრეც სცადეს, მაგრამ მხარდამჭერების მეშვეობით მან გათავისუფლება მოახერხა. ამის საპასუხოდ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის მიმართ ძებნა გამოაცხადა. მას შემდეგ კი, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტის ხელმეორედ დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მისმა მხარდამჭერებმა კიევში საპროტესტო აქცია გამართეს.სააკაშვილის ადვოკატ რუსლან ჩერნოლუტსკის განცხადებით, სააკაშვილმა დაკავების შემდეგ წინასწარი პატიმრობის იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. მოგვიანებით მან საკუთარ მხარდამჭერებსა და უკრაინელებს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილით მიმართა და კვირას დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

    "ძვირფასო თანამებრძოლებო, ძვირფასო უკრაინელებო. ბარიგების ხელისუფლებამ მე დამაკავა აბსურდული ბრალდებებით. ამით მათ უნდათ, დაგაშინონ თქვენ. არ შეგეშინდეთ არაფრის, უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე "იმპიჩმენტისთვის". ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გამაგრდით!", - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

    ამის პარალელურად, თბილისში "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და მმართველ გუნდს "შექმნილი უმძიმესი ვითარების გაცნობიერებისკენ" მოუწოდა.

    "მოვუწოდებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს შექმნილი უმძიმესი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია. ხელი აიღოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვაზე და შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით", - ნათქვამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართვაში.

    პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ახლა უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილთან პოლიტიკურ ვაჭრობას შეეცდება, რათა მან ქვეყანა დატოვოს.

     "იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება უკანონოდ მოხდა, მოსალოდნელია, რომ ამან აქციების გაგრძელება და დამატებითი ხალხის მობილიზება გამოიწვიოს. ამასთან, მგონია, რომ დაპატიმრებით მისი რეიტინგი აიწევს, რადგან უკრაინელი საზოგადოება დაინახავს, რომ ხელისუფლებას მისი ეშინია და ამ გზით მის ნეიტრალიზებას ცდილობენ. მით უმეტეს, ახლა აშკარად ჩანს, რომ უკრაინის ხელისუფლების მიზანი სააკაშვილის პოლიტიკური პროცესებიდან განრიდებაა. ამაზე მიუთითებს ის მუხლიც, რომლითაც დააპატიმრეს.

    "როცა პროკურატურა შინაპატიმრობას ითხოვს, ჩნდება კითხვა - რატომ ხდება ამ მოთხოვნის დაყენება. აქ მივდივართ პოლიტიკურ ვაჭრობამდე, რომელიც შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის იყოს. მას შესთავაზებენ ბრალის მოხსნას, თუ დატოვებს უკრაინას, ან რაიმე მსგავსს", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

    პოლიტოლოგი იმასაც ამბობს, რომ უკრაინაში პროცესების მაიდნის სცენარით განვითარების ალბათობა დიდია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

    "რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ვფიქრობ, სხვადასხვა ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებიც გამოიყვანენ ხალხს ქუჩაში და აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, შესაძლებელია, განვითარდეს მაიდნის მსგავსი პროცესები, ოღონდ ვგულისხმობ არა 2013 წლის, არამედ 2004 წლის პროცესებს, როდესაც მთავრობა აიძულეს, ჩაეტარებინა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ახლაც მოსალოდნელია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ვადამდელი საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აიძულონ", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    მისი თქმით, უკრაინის პარალელურად, საქართველოშიც გარკვეული პროცესები წარიმართება.

    "ჩემი აზრით, გარკვეული აქტივობა აქაც იქნება. შესაძლოა, სააკაშვილის მომხრეების მობილიზება დაიწყოს და უფრო ფართომასშტაბიანი აქციებიც იყოს, თუმცა თუ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ მეტი მომხრე ჰყავდეს, ვფიქრობ, სხვა მიმართულებითაც უნდა გააქტიურდეს და ეს ამ შემთხვევაში ვერ დაეხმარება", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

    პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ისე "ჭკვიანურად" იქცევა, რომ თუ ასე გააგრძელა სააკაშვილის რეიტინგის ამაღლება, გამორიცხული არაფერი იქნება, მათ შორის მაიდნის სცენარი.

    "მაიდნის სცენარის განვითარების ალბათობა ამ ეტაპზე არცთუ ისე დიდია, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება იმდენად "ჭკვიანურად" იქცევა, რომ უკვე ვერაფერს გამოვრიცხავთ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილის რეიტინგი რამენაირად ამაღლდეს და ჩამოყალიბდეს, როგორც ოპოზიციის ლიდერი.

    "თვითონ ის ფაქტი, რომ ახლა დააკავეს და ალბათ მერე გამოუშვებენ, ნიშნავს, რომ ის უკრაინას მოევლინება როგორც გამარჯვებული. ამიტომ თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ასეთ ქმედებას, დღეს თუ ხვალ დადგება ეს საკითხი. შეიძლება მაიდანი არ განმეორდეს, მაგრამ ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარი განმეორდება", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

    რაც შეეხება უკრაინის ამბების საქართველოზე გავლენას, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამან, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ამომრჩევლის გადაჯგუფება გამოიწვიოს.

    "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდამჭერების მობილიზება არასდროს უჭირდა, თუმცა მათი რაოდენობა მკვეთრად განსაზღვრულია. უკრაინაში როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, არ მგონია, ამან რაიმე გავლენა მოახდინოს საქართველოში პროცესებზე, მაგრამ შეიძლება ის ეფექტი გამოიწვიოს, რომ ამომრჩევლის შიდა გადანაწილება მოხდეს "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოსა" და "გირჩს" შორის. მათ ადრე ერთიანი ამომრჩეველი ჰყავდათ, რომელიც ახლა დაშლილია და აქ შეიძლება გარკვეული გადაჯგუფება მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ", - ამბობს ძაბირაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ას   (11.12.2017)
    ეს 3 მარტის შეფასება და პროგნოზია, ასევე რეზონანსის ფურცლებზე https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1564062270278571


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter