სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აშშ ცდილობს, "მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა არ დაუშვას
    გიორგი გაჩეჩილაძე
    11.12.2017

     გასულ კვირას გამოცემამ "პოლიტიკომ" გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს. ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზანია, რომ რუსეთმა უარი თქვას საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გასვლაზე.

    მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ გამკაცრებული სანქციების მიღებას ცდილობს.

    2 აგვისტოს ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ პირველ კანონპროექტს მოაწერა ხელი. რუსეთისათვის სანქციების დაწესების პირველი ნაწილი კიბერუსაფრთხოებასა და ამ კუთხით საფრთხის შექმნის შემთხვევაში გასატარებელ ღონისძიებებს ეხებოდა. კანონი სანქციებს უწესებდა რუსეთის მიერ ნავთობსადენის მიმდინარე მშენებლობებს, რუსულ და სხვა უცხოურ საფინანსო ორგანიზაციებს, კორუფციული ქმედების ან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში.

    რუსეთს სანქციები უწესდებოდა აგრეთვე სირიისთვის საბრძოლო იარაღის ან სხვა საბრძოლო ქმედებებთან დაკავშირებული მასალის გადაცემისთვის, როგორიცაა ფინანსური ან ტექნიკური სახის დახმარება. დოკუმენტი ითვალისწინებდა სანქციებს ოლიგარქებისათვის და რუსეთის ფედერაციაში მოქმედი იმ ორგანიზაციებისათვისაც, რომლებიც არაპირდაპირი გზით ემსახურებიან სახელმწიფოს ინტერესებს.

    საკანონმდებლო აქტის მეორე ნაწილი ვეროპასა და ევრაზიაში რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირებას ეხებოდა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაცია გავლენას ახდენს ვეროპისა და ევრაზიის ქვეყნებზე და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს. ამისათვის იყენებს სხვადასხვა კორუფციულ მეთოდსა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ რუსულენოვან მედიას. ის არღვევს სხვადასხვა დროს დადებულ საერთაშორისო შეთანხმებებს.

    მიმდინარე წლის რვა დეკემბერს ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. საუბრისას ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს დაეთანხმება და ამის გამო დაწესებული სანქციები მანამდე იქნება ძალაში, სანამ ნახევარკუნძულზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს.

    გავიდა ერთი დღე და დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე ალაპარაკდა. თეთრ სახლს მიაჩნია, რომ მოსკოვი არღვევს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ორივე ქვეყანას ეკრძალება საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების ფლობა და შექმნა.

    რამდენიმე სიტყვა ამ შეთანხმების შესახებ. 1988 წელს სსრკ-სა და აშშ-ის ლიდერებს - მიხეილ გორბაჩოვსა და რონალდ რეიგანს შორის ხელი მოეწერა "მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" შეთანხმებას. საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა ვალდებულება იკისრეს, არ აწარმოონ, არ გამოსცადონ და არ განათავსონ საშუალო (1 000-დან 5 500-მდე კმ-ის) და მცირე (500-დან 1000-მდე კმ-ის) სიშორის მოქმედების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.

    საერთაშორისო პოლიტოლოგების განცხადებით, თუკი აშშ და რუსეთი ამ ხელშეკრულებას გააუქმებენ, ევროპაში ბირთვული სახელმწიფოების მხრიდან მოდერნიზებული ფრთოსანი რაკეტების განთავსება დაიწყება, რაც ბირთვული საფრთხის მოახლოებას მოასწავებს.

    ამერიკული მხარის მტკიცებით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი 1988 წლის შეთანხმებას სისტემატურად არღვევს. ჯერ კიდევ 2014 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთი ფრთოსანი რაკეტების გამოცდაში დაადანაშაულა, მაგრამ საუბარი არაოფიციალურ გაფრთხილებას არ გასცდენია. მიმდინარე წლის თებერვალში გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ორი სარაკეტო დივიზია განათავსა და ამით გორბაჩოვ-რეიგანის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ დაარღვია.

    ამ ფაქტს თავად რუსული მასმედიაც არ მალავს. გამოცემა "რია ნოვოსტის" მტკიცებით, რუსული სარაკეტო დივიზია უკვე ფუნქციონირებს. ამ კომპლექსის საბრძოლო მანქანები რაკეტსაწინააღმდეგო "ისკანდერებით" არის უნიფიცირებული, ამიტომ მათი იდენტიფიცირება რთულია.

    ეს დივიზია კალინინგრადის ოლქშია განთავსებული. ამ რაკეტის ფრენის სიშორე 5 500 კმ-ია. ასევე ბალტიის ზღვაში საზღვაო დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები "ბულავა ენ"-ების რადიუსი გაიზარდა 1500-დან 2 000 კმ-დე. რუსებმა პირველად გამოიყენეს "გარპუნის" სისტემაც, როდესაც კასპიის ზღვიდან "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო ბაზები დაბომბეს და სიშორე 2 500 კმ-ს შეადგენდა. სწორედ ასეთი რაკეტების შექმნა და ტესტირება მიიჩნევა 1988 წლის ხელშეკრულების დარღვევად.

    ამერიკულმა მხარემ საპასუხო ზომების მიღება უკვე დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი 1988 წლის ხელშეკრულებიდან გამოსვლას დააპირებს, ანალოგიურ ნაბიჯს აშშ-იც გადადგამს. ამის გარდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა გეგმავს, დაიწყოს საშუალო რადიუსის რაკეტების სერიული გამოშვება და მათი განთავსება ევროპაში, რაც ასევე აკრძალულია ამ ხელშეკრულებით. გამოცემა "ვაშინგტონ პოსტის" მტკიცებით, მომდევნო წელს აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტში 58 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების შექმნა-გამოცდისათვის.

    გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ჟურნალისტები რუს სამხედრო ექსპერტებს ესაუბრნენ. ისინი შეშფოთებას არ მალავენ, რომ დიდია ალბათობა, აშშ-მა სერიული წარმოებისთვის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების - "პერშინგ 2"-ების მოდერნიზება მოახდინოს და ისინი ბალტიის ქვეყნებში განათავსოს. ამ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ობიექტებსა და მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ცენტრებს დიდი საფრთხე დაემუქრება. სამხედრო სპეციალისტების მტკიცებით, რუსეთს საპასუხო დარტყმის განხორციელების დრო ფიზიკურად არ ექნება.

    რუსული მასმედიის მტკიცებით, თუ აშშ და რუსეთი 1988 წლის ხელშეკრულებას ორმხრივ გააუქმებენ, შეიძლება რუსეთმა ბალისტიკური რაკეტების განსათავსებლად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებიც გამოიყენოს.

    ტრამპის ახალი სანქციები ძალაში ჯერ არ შესულა. უახლოეს მომავალში ორივე მხარე ბალისტიკური რაკეტების საკითხზე კონსულტაციებს გამართავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter