სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    09.12.2017

     "იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებაზე ჩვენთვის არა მხოლოდ ნეიტრალიტეტი, არამედ ამ თემის განხილვაც კი საფრთხის შემცველია... აღიარება რას გაგვირთულებს, ეს კითხვა არ დაისმება, თუ რუკას და ჩვენს სამეზობლოს დავხედავთ," - აცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

    "რეზონანსი": პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა მიუხედავად იმისა, რომ თავად "ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების გამო, ხოლო ოპოზიციაში კრიტიკა იყო იმის გამო, რომ ამ ცვლილებებით ბიუჯეტის დაზოგვა არ მომხდარა, პირიქით, მთავრობის ხარჯი, 2018 წლის ბიუჯეტით, 55 მილიონითაა გაზრდილი. თქვენ როგორ აფასებთ ამ ცვლილებებს?

    სოსო ცისკარიშვილი: საზოგადოებისთვის უპირველესად საინტერესო იქნება, ვინ არის ასეთი რეორგანიზაციის ავტორი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას დაატყდა თავს. ამაზე საუბარი არ არის. თანაც, იმ ადამიანების, იმ კადრებს, რომლებიც ამ ცვლილებების შედეგად ამოტივტივდნენ, ჩვენი "კადრებთუხუცესი" ენდობა და თუ სწორედ ამიტომ დაიწყო ეს დავიდარაბა ჩვენს სოფელში, მაშინ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება. საკითხავია, რა მოხდა, გარემოს დაცვის სამინისტრო რატომ აფრთხობს ჩვენს გაუგებარ აზრთა გამრიგეს და რატომ დაეტაკა მას.

    ვნახეთ, რომ იფიქრეს, იფიქრეს, რამდენიმე დღე ჩაიკეტნენ ჩვენი "მეოცნებეები", რომლებიც ალბათ გულში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ამ დავიდარაბის გამო და ბოლოს დაასკვნეს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის თანხვედრა ერთ უწყებაში უნდა იყოს. თუმცა წინა ვარიანტში რაღაც ოპტიმიზმი მქონდა იმის გამო, რაც სათაურში იკითხებოდა, ახალ ვარიანტში კი გაქრა ტერმინი "სოფლის განვითარება" და რას ვერჩით ჩვენი სამშობლოს სოფლებს, რატომ არ უნდა იყოს სოფლის განვითარება უპირატესი მიწათმოქმედებისთვის?! ასევე, თუ გარემოს დაცვის სპეციალისტებს ვასაუბრებთ იმაზე, რატომ არ უნდა იყოს გარემოს დაცვა თავის მოწინააღმდეგე სტრუქტურასთან, რასაც სოფლის მეურნეობა ჰქვია, ამ უწყებების გაერთიანების ინიციატორების ეს გადაწყვეტილება არა მარტო სამარცხვინო, არამედ იუმორისტულიც გამოვა.

    ასე დიდხანს ვერ გაძლებს. ჩვენ მოწმენი ვართ, როგორ უცებ შეიცვალეს საკუთარი ოცნება და სუს-ს ისევ მხოლოდ ის უფლებამოსილება დაუტოვეს, რაც აქამდე ჰქონდა და დაზვერვა ისევ ცალკე დარჩა. ამიტომაც ვიტყოდი, რომ, როგორც ჩანს, გადაღლილ "მეოცნებეებს" არ გაუთვალისწინებიათ, რომ გარემოს დაცვის საქმიანობის მიჭირხვნა არ არის უპატრონო თემა. ჩვენი პლანეტის "მწვანეები" იმდენად აქტიურები არიან, რომ არ მგონია, მათი წინააღმდეგობის დაძლევა "მეოცნებეებმა" შეძლონ.

    თუ მაინცდამაინც გარემოს დაცვის ჟინი აქვს ვინმეს, იყო წინადადება და ეს ჩემი ნოუ-ჰაუ არაა, უპრიანი იქნებოდა, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროები ყოფილიყო ერთად. ამით ქართულ მედიცინასაც გავაჯანსაღებთ. იქნებ ჩვენმა მედიამ მოახერხოს და გვითხრას, ვინ არის ამ სიბრიყვეების ავტორი, რასაც, ღიად გვაიძულებენ, თავი დავუკრათ.

    "რ": უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ საკმაოდ უცნაური და კომიკური ვითარებაა, მის წინააღმდეგ სს საქმეა აღძრული და ძებნაა გამოცხადებული, სააკაშვილი კი რადას წინ აქციებს მართავს. რას ელოდებით, რა მოხდება უკრაინაში?

    ს.ც.: დაპირისპირებული მხარეები და მათი თავკაცები ერთმანეთს სრულიად ღიად სჯიან საკუთარი ტერმინოლოგიით და ერთმანეთს რუსული თემით ბრალდებებს აგებებენ. ურთიერთდაბრალება ახალი რამ არ არის დაპირისპირების პირობებში, მაგრამ ადრე თუ გვიან დავრწმუნდებით, რომელი მათგანი იყო მართალი, როდესაც ასეთ ბრალდებას ჰკიდებდა თავზე მოწინააღმდეგეს.

    რასაკვირველია, ვინც სააკაშვილს იცნობს და ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, დამეთანხმება, რომ ის ნამდვილად მაღალი შესაძლებლობების ადამიანია, ტალანტია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ მხარესაა ტალანტი და მეორე მხარესაა სინდისი. წარმატება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ ეს ორი შემადგენელი ერთი ქოლგის ქვეშ აღმოჩნდება და მიმზიდველი იქნება არა მარტო საკუთარი თაყვანისმცემლებისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის.

    ჯერჯერობით ვნახეთ ის, რომ კარლსონის შემდეგ სააკაშვილი მეორეა, ვინც სახურავი დალაშქრა და თავი იქაც მშვენივრად იგრძნო "კარლსონ მეორემ". სააკაშვილმა მოახერხა და რამდენიმე დღეა, მსოფლიო მედიის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. უკრაინის ხელისუფლება დაბნეულია, ალბათ გრძნობენ, რომ აუტკივარი თავი აიტკივეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკრაინაში სააკაშვილის მიმდევარნი ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა უმრავლესობა არ არიან. როგორ განვითარდება შემდგომი მოვლენები, ამაზე საუბარი არაეფექტურია. დღეს სააკაშვილი არა თუ უგებს პოროშენკოს, არამედ მიჭირხნა კიდეც. იმედი მაქვს, ეს ფრაზა უკრაინულად არ ითარგმნება.

    "რ": ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას ისლამურ სამყაროში უკვე მოჰყვა დიდი უკმაყოფილება. საქართველოში კი "ოცნების" დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ტრამპის მსგავსად, მასაც ეღიარებინა იერუსალიმი დედაქალაქად. რა ნაბიჯი უნდა გადადგას თბილისმა?

    ს.ც.: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ განვითარებულ პროცესებს როცა ვაკვირდები, უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ჩვენი საქმიანობა მშვიდ გარემოში უნდა წარიმართოს. არავინ გვაჩქარებს ამ თემაზე პასუხის გაცემას ერთეულების გარდა. ცხადია, ჩეხეთმა გაიზიარა ამერიკელების გადაწყვეტილება; უფრო ეშმაკურად მოიქცა უნგრეთი, ვეტო დაადო ევროკავშირის საერთო დოკუმენტს, რომელშიც იყო ფრაზა, რომ ეს გამოიწვევს საერთო აურზაურს.

    მოდით, ჩვენ ვისარგებლოთ აშშ-ის სახელმწიფი მდივნის განცხადებით, რომ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს მისაღები ფორმა. ჩვენთვის არა მხოლოდ ნეიტრალიტეტი, არამედ ამ თემის განხილვაც კი საფრთხის შემცველია და უკეთესი იქნება, ვიფიქროთ იმაზე, ამ თემაზე საუბარი როდის შეიძლება. ჩემი აზრით, არაუადრეს 2019 წლისა.

    თუ აქეთ-იქით არ გავიხედეთ, უარყოფით შედეგებს მივიღებთ. აღიარება რას გაგვირთულებს, ეს კითხვა არ დაისმება, თუ რუკას და ჩვენს სამეზობლოს დავხედავთ. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ასეთი აურზაური მოჰყვა, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი კი ამ ნაბიჯის მიმართ ნეგატივს ღიად გამოხატავენ

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter