სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას უკვე ღიად უპირებს დამხობას
    ეკატერინე ბასილაია
    06.12.2017

     უკრაინის ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ბრძოლის დრამა უჩვეულოდ და კომიკურად გრძელდება. გუშინ უკრაინის სპეცსამსახურებმა ჯერ სახურავიდან ძლივს ჩამოიყვანეს და ხელბორკილებით მიკროავტობუსში ჩასვეს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მაგრამ მისი გადაყვანა ვერ შეძლეს და შეკრებილმა ხალხმა 4-საათიანი ბრძოლით მიკროავტობუსიდან დაიხსნა ლიდერი, რის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ბრალდებულმა სააკაშვილმა განცხადებით: "გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული! ამ ფარჩაკებს ვუტირებ ყოფას!" - მთელი თავისი მომხრეები რადასკენ პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით დაძრა.

    ამ მარცხის მიუხედავად, უკრაინის გენპროკურორი პირობას დებს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე უახლოეს 24 საათში აუცილებლად წარდგება. უწყებამ ნაციონალურ პოლიციას სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების განკარგულებაც გადასცა, მიზეზად კი დასახელდა ის, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან მაშინ გაიქცა, როდესაც უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე უნდა გადაეყვანათ.

    გუშინდელი ამბების შემდეგ ორი სს-ის საქმეა აღძრული. პირველი ის, რომ უკრაინის გენპროკურატურა მას ბრალს სდებს მაიდნის დროს გადაყენებულ ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდისგან, კონკრეტულად კი პრორუს ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსგან 500 000 დოლარის დაფინანსების მიღებაში, აქციების საშუალებით სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გამო და ელექტრონული სამაჯურით მის შინაპატიმრობას ითხოვს.

    გარდა ამისა, გუშინ მეორე სს-ის საქმეც აღიძრა სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან მისი უკანონო გათავისუფლების ფაქტის გამო.

    ამ მთელ დრამაში უჩვეულო ისიცაა, რომ სააკაშვილს რუსული გეგმით გადატრიალების ხელშეწყობაში ედება ბრალი, თან ზუსტად იმავე მეთოდით, რომელსაც სააკაშვილი საქართველოშიც აქტიურად იყენებდა ხოლმე - ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით. სააკაშვილის განრისხებას ბრალდების შინაარსი იწვევს. როგორც ის აცხადებს, პუტინს მასზე დიდი მტერი არ ჰყავს და "როგორ შეეძლოთ ამ გათახსირებულებს რუსეთთან კავშირებში" დაედანაშაულებინათ?! ის აცხადებს, რომ მომხრეებთან ერთად უკრაინის პარლამენტის წინ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას აპირებს, ვიდრე "ხალხი ამ ფალსიფიკატორებს არ გადააყენებს".

    უკრაინაში სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი ამბების გამო დიდი გამოხმაურებაა თბილისშიც. მოქმედი და ყოფილი "ნაციონალები" აცხადებენ, რომ რაც უკრაინაში ხდება, პეტრო პოროშენკოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გარიგების შედეგია და ეს არის რუსული დაკვეთა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააანონსა, რომ საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის და დღეს, 14 საათზე მანიფესტაციას გეგმავს. თბილისში ასევე დაიწყო საუბრები ექსპრეზიდენტის ექსტრადიციის შესაძლებლობებზე. როგორც სააკაშვილის ადვოკატი, ასევე მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ გამორიცხული არ არის, საქართველოში ექსტრადირებაც განხორციელდეს, თუმცა ამას იურისტები გამორიცხავენ იმ მიზეზით, რომ თუ ეს სამართლებრივი დევნა ეხება იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია უკრაინის ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილის დეპორტაცია არ მოხდება.

    ექსტრადირება გამორიცხა უკრაინის გენპროკურორმაც, რომელმაც საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, თუ რაში ედებოდა ბრალი ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და ახლა უკვე უკრაინულ ოპოზიციურ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერ მიხეილ სააკაშვილს.

    უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

    ბრალდების კონკრეტულ დეტალებზე კი გენპროკურორმა იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, სააკაშვილის მიზანი უკრაინაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ამბობს, გამოძიება ფლობს ფაქტებს იმის თაობაზე, რომ უკრაინიდან გაქცეულმა ოლიგარქმა სერგეი კურჩენკომ სააკაშვილს შუამავლის მეშვეობით 500 ათასი დოლარი გადასცა და დაფინანსების სანაცვლოდ ითხოვდა იანუკოვიჩისა და მისი იმ აქტივების დაბრუნებას, რომლებიც მოსკოვში გაქცევის შემდეგ დაკარგეს.

    გენპროკურორმა ბრიფინგზე აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც, პროკურორის თქმით, სააკაშვილის პარტიის კიევის განყოფილების ხელმძღვანელი სევერიონ დანგაძე და ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს ნდობით აღჭურვილი პირი მოლაპარაკებებს მართავენ. ლუცენკოს თქმით, დანგაძემ რუსეთის საზღვრიდან გაქცევა სცადა, თუმცა სპეცრაზმის თანამშრომლებმა მისი დაკავება შეძლეს. ამოღებულია თანხის ნახევარი და მას უკვე წარუდგინეს ბრალი სახელმწიფო ღალატში.

    გენპროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს. გენპროკურორის თქმით, საქართველოში ექსტრადიციაზე საუბარი არ არის.

    რადას დეპუტატებმა, პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერ იულია ტიმოშენკოს ინიციატივით, სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ასხნა-განმარტებისთვის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების დაბარება მოითხოვეს.

    ევროკავშირის წარმომადგენლობამ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არ მოხდეს სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევა. სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება უკრაინაში აშშ-ის საელჩოც. დიპლომატიური წარმომადგენლობა მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისა და ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

    განცხადება გაკეთდა კრემლშიც. ვლადიმირ პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი უკრაინის თავის ტკივილია და ასეთს მტერსაც არ უსურვებენ.

    სააკაშვილსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ბრძოლა დილის 8 საათიდან იწყება, როდესაც ბინის გასაჩხრეკად მისულ სპეცრაზმის ჯგუფს სააკაშვილი შენობის სახურავზე ავარდნით პასუხობს, საიდანაც საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, "პეტრო პოროშენკოს არ მისცენ უფლება, პუტინის ბრძანებით გაიტაცონ". უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი სახურავიდან გადმოხტომითაც იმუქრებოდა. სპეცრაზმმა დიდი ვაივაგლახით მისი ჩამოყვანა მოახერხა და ბორკილდადებული სააკაშვილი იქვე, კორპუსის წინ მდგარ პოლიციის ლურჯ მიკროავტობუსში ჩასვეს, თუმცა ვერა და ვერ მოახერხეს მიკროავტობუსის დაძვრა, რადგან მიკროავტობუსი სააკაშვილის მომხრეების მიერ იყო ბლოკირებული. სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა, მაგრამ საბოლოოდ მათ და იქ შეკრებილ ხალხს შორის ომი მომიტინგეების გამარჯვებითა და სააკაშვილის დახსნით დასრულდა.

    "ამათ ვუტირებთ ყოფას ადრე თუ გვიან - ყველა ოლიგარქს, ხალხის მძარცველსა და დამამცირებელს როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში! ეს ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე! მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის!" - სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან გათავისუფლების შემდეგ "რუსთავი 2"-თან ჩართვისას განაცხადა სააკაშვილმა და შემდეგ მომხრეებთან ერთად უკრაინის უმაღლესი რადასკენ გაემართა. ის წაყენებულ ბრალდებას ტყუილს, გავრცელებულ ჩანაწერებს კი გაყალბებულს უწოდებს და არ აპირებს დანებებას, სანამ "პოროშენკოსა და მის ბანდას" სახლში არ გაისტუმრებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter