სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    27.11.2017

     დაახლოებით 2 თვის წინ რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში, მასშტაბური რადიაციული გაჟონვა მოხდა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც რადიაციული ღრუბელი ევროპის თავზე შენიშნეს გერმანელმა და ფრანგმა მეცნიერებმა, დასავლურ მედიაში კი დაიწერა, რომ წყარო რუსეთიდან იყო და მოსკოვი ამას მალავდა.

    გასულ კვირას სხვადასხვა არხით შემაშფოთებელი ცნობები გავრცელდა, რომ რუსეთში რადიაციული დასხივება 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო, რომ დაბინძურებული ტერიტორიები ჩაკეტილია და მოსახლეობას საშიში ზონიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ.

    ევროპელმა სპეციალისტებმა გაჟონვის შედეგად "რუთენიუმ 106"-ის გავრცელების რუკა შეადგინეს, საიდანაც ჩანს, რომ გარკვეული დოზით რადიაციული დაბინძურება საქართველოსაც შეეხო. რუსი მეცნიერების ნაწილი ამ რადიაციულ გაჟონვას ჩერნობილის მსგავსი მასშტაბის კატასტროფად აფასებს, რუსეთის ხელისუფლება კი პანიკას უსაფუძვლოს უწოდებს.

    ევროპაში რადიაციული გაჟონვა ოქტომბრის დასაწყისში შენიშნეს. მათი ცნობით, რადიაციული ღრუბელი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ევროპის, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფოს თავზე შეინიშნებოდა და მისი წარმოშობის წყარო რუსეთის ტერიტორიაზე, ჩელიაბინსკის ოლქში, იყო.

    ოფიციალური მოსკოვი ამ ბრალდებას თვენახევარი უარყოფდა, თუმცა 21 ნოემბერს "რუსჰიდრომეტცენტრმა" აღიარა, რომ 26 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე "რუთენიუმ 106"-ით "ექსტრემალური" რადიაციული დაბინძურება მოხდა და რადიაციის ნორმამ 986-ჯერ გადააჭარბა სამხრეთ ურალში, ჩელიაბინსკის ოლქის ორ სოფელში - არგაიაშსა და ნოვოგორნში, რომლებიც ბირთვული იარაღის კომპონენტების ქარხანა "მაიაკთან" ახლოს მდებარეობენ.ამის მიუხედავად, აღიარებიდან რამდენიმე საათში რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი ისევ გადაჭრით უარყო. "როსატომში" უარყოფენ, რომ გაჟონვა რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა. მათი ცნობით, რუსეთის ბირთვულ ობიექტებთან "რუთენიუმ 106"-ის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე რამდენიმე ათასჯერ დაბალია.

    ცნობისათვის, ხსენებულ რუსულ საიდუმლო საწარმო "მაიაკთან" დაკავშირებით ასეთი რამ პირველად არ ხდება. სწორედ ამ საწარმოდან მოხდა რადიაციის მასშტაბური გაჟონვა 1957 წლის სექტემბერში, რაც ისტორიაში უდიდეს რადიაციულ კატასტროფადაა მიჩნეული.

    რუსული მედიასაშუალებების აბსოლუტური უმეტესობა ამ ახალ შემთხვევაზე დუმს, თუმცა სხვადასხვა სოციალურ ქსელში თავად რუსები წერენ, რომ ჩელიაბინსკის ოლქში პანიკაა, რადიაციული ნისლია, 2 მილიონამდე ადამიანმა რადიაციული დასხივების საფრთხის შემცველი დოზა მიიღო და დაბინძურების ზონიდან გასვლის უფლებას არავის აძლევენ. ვრცელდება ფოტოებიც, სადაც ტერიტორიიდან გასასვლელები ბლოკ-საგუშაგოებითაა ჩაკეტილი.

    რუსეთის ხელისუფლებაში რაიმე საშიშროებას საერთოდ გამორიცხავენ. ამბობენ, რომ საპანიკო არაფერია, რადიაციულმა ღრუბელმა უკვე გადაიარა და გამოტყორცნილი იზოტოპი ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

    ოფიციალური განცხადებისაგან განსხვავებით, რუსეთში მოქმედი გარემოსდამცველები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი თქმით, "რუთენიუმ 106"-ის დიდი დოზა მძიმე დაავადებებს იწვევს - კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, თუკი ადამიანმა დროზე არ მიიღო ის თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც დასხივების ზიანს მინიმუმამდე ამცირებს და ამიტომაც ისინი დაბინძურების ეპიცენტრიდან მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვენ.

    რუსი ეკოლოგები "უცნაურად" მიიჩნევენ "რუსჰიდრომეტცენტრის" მხრიდან ფაქტის ჯერ აღიარებას და მერე უარყოფას და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მათ ჩერნობილს ახსენებთ - მაშინაც ხელისუფლება მკაცრად დუმდა მასობრივი პანიკის შიშით. აცხადებენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობას პატიოსნად არ ექცევა.

    საერთაშორისო სოციალურ-ეკოლოგიური კავშირის თანათავმჯდომარე ვალერი ბრინიხი მიიჩნევს, რომ პანიკა უკვე დაგვიანებულია, გაჟონვა ერთი თვის წინ მოხდა, ადამიანებმა რადიაციის დოზა უკვე მიიღეს და წყალი და საკვებიც უკვე დაბინძურებულია.

     მისი თქმით, ეპიცენტრიდან ადამიანების ევაკუაცია აუცილებელია, თუმცა იქ, სადაც ავარია მოხდა, გარემოს დაბინძურებისაგან სრულად გაწმენდა შეუძლებელია და ეს არის ის დოზა, რომელსაც ადამიანების მთლიანად განადგურება შეუძლია.

    ის არც იმას გამორიცხავს, რომ ეს გაჟონვა ჩერნობილის მასშტაბის იყოს და მთავრობა მაშინაც დუმდა. ბრინიხი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოსახლეობის სრული სამედიცინო გამოკვლევის ორგანიზება. ასევე, ყველა პროდუქტი, რომელიც სამხრეთ ურალშია წარმოებული, შემოწმდეს რადიაციულ კონტროლზე.

    "რუთენიუმ 106" ნივთიერება რუთენიუმის იშვიათი იზოტოპია, რომელიც ბუნებაში თავისთავად არ არსებობს. იგი წარმოიქმნება ატომური ელექტროსადგურის, ატომური გემებისა თუ წყალქვეშა ნავების ბირთვულ რეაქტორებში ურანისა და პლუტონიუმის ბირთვების გახლეჩის, ასევე, ატომური ბომბის აფეთქების შედეგად. თანამედროვე ტექნოლოგიებში "რუთენიუმ 106"-ს ძირითადად ორი მიმართულებით გამოიყენებენ - კოსმოსური თანამგზავრების გენერატორებში და მედიცინაში - თვალის სიმსივნის დროს სხივური თერაპიისას.

    რადიაციული დონის მომატება ოქტომბრის დასაწყისში ჯერ გერმანიაში შენიშნეს, შემდეგ - საფრანგეთშიც, სადაც ბირთვულ უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ, სავარაუდოდ, რადიაცია ურალის სამხრეთიდან, რუსეთის ბირთვული ობიექტიდან, მოდიოდა, მიზეზი კი ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი ობიექტიდან ან სხივური მედიცინის ცენტრიდან გაჟონვა უნდა ყოფილიყო. რადიაციული ღრუბელი მთელ ევროპას მოედო, შედარებით დიდი დოზით იტალიას, სლოვენიას, გერმანიას, ავსტრიას, ბელგიას, შვედეთს, სერბეთს და უკრაინას.

    მომატებულია თუ არა რადიაციის დონე საქართველოში? "მთელი კვირის" შეკითხვაზე გარემოს დაცვის სამინისტრო წერილობით პასუხობს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან მათთვის ცნობილია ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში რადიონუკლოიდ "რუთენიუმ 106"-ის მომატებაზე, თუმცა ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც, ჰაერში არსებული რაოდენობა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

    სამინისტროს განცხადებით, "პრაქტიკულად, დღემდე არ არის დადგენილი ზუსტი გამომწვევი მიზეზი" და ოფიციალური თბილისისთვის "უცნობია, მიმდინარეობს თუ არა დამატებითი კვლევა გამომწვევი მიზეზის დასადგენად".

    "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მუდმივად არის კავშირზე აესს-თან (მათ შორის სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომელშიც ყველა წევრი სახელმწიფოა ჩართული და გამოიყენება ინციდენტების და ავარიების შესახებ ინფორმაციის გასაცვლელად) და დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონმდებლობის შესაბამისად," - წერია სამინისტროს განცხადებაში.

    ცნობისათვის, ჩელიაბინსკის ოლქი ყაზახეთის საზღვართან მდებარეობს, უფრო აზიის მხარეს, მაგრამ რადიაციული ღრუბელი ევროპაში მაინც გავრცელდა, საქართველოს კი დიდი დოზით არ შეხებია. ეს ჩანს იმ რუკიდან, რომელიც საერთაშორისო ბირთვულმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს.

    "მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ საქართველოში მოქმედებს რადიაციული მონიტორინგის სისტემა და მეტ-ნაკლებად ვიცით, ფონი როგორია. მისივე თქმით, ჩვენში ნაკლები საშიშროებაა, რომ რადიაციამ რუსეთიდან შემოაღწიოს, რადგან კავკასიის ქედი ბუნებრივი წინაღობაა.

    "რაღაც ნალექების გადმოსვლა, შესაძლოა, იყოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, სერიოზული მონიტორინგი ჩატარდეს," - მიიჩნევს ჩხობაძე.

    მისი თქმით, რაც უნდა დამალოს რუსეთმა, ადრე თუ გვიან ასეთი ინფორმაცია მაინც გაჟონავს.

    "ჩერნობილის კატასტროფა დასაწყისში გასაიდუმლოებული იყო და ევროპამ იმის შემდეგ გაიგო, რაც რადიაციულმა ფონმა მეზობელ ქვეყნებში მოიმატა. ამის შემდეგ დაიწყო ამის სერიოზული შესწავლა. ალბათ ახლაც ანალოგიური მომენტი იქნება. რუსები დამალავენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთი, რაც შეიძლება ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთოს, ინტენსიური მონიტორინგის სისტემა უნდა ჩაირთოს და ამ რადიაციულ დაბინძურებაზე მოხდეს კონკრეტული შესწავლა, რომ საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ღონისძიებები გატარდეს მოსახლეობისთვის.

    "ჩერნობილის დროს ორი ტალღა გვქონდა: ერთი, რომელიც მაშინვე გავრცელდა ღრუბლების სახით და მეორე ცოტა მოგვიანებით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. ბევრი ამბობს, რომ სწორედ ამის შედეგია ჩვენთან გახშირებული ჩიყვის დაავადებები. მოსახლეობა დროზე რომ გაეფრთხილებინათ, შესაბამის პრეპარატებს მიიღებდნენ. ჩვენთან ჩიყვის ენდემური კერა ისედაცაა და ამას ჩერნობილიდან დაბინძურებაც დაემატა.

    "ახლაც იგივე მოხდება, თუ სწორი მონიტორინგი არ ჩატარდა. "რუთენიუმ 106" რადიაციული იზოტოპია და მისი დაშლის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, უფრო დიდხანს მოქმედებს, ვიდრე იოდის დაშლის პერიოდია," - ამბობს ჩხობაძე.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter