სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რუს მილიარდერებს 7 კატეგორიად დაყოფენ და შესაბამისი სიმძიმის სანქციებს დაუწესებენ
    გიორგი გაჩეჩილაძე
    27.11.2017

     რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი დაღესტნიდან, მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავეს. ფრანგული მართლმსაჯულება ოლიგარქს საგადასახადო მაქინაციებსა და ფულის გათეთრებას ედავება. მსოფლიოს წამყვანი პოლიტოლოგების აზრით, კერიმოვის დაკავება ერთგვარი გაფრთხილებაა რუსეთის იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც საზღვარგარეთ უძრავ ქონებას ფლობს და გაურკვეველი წარმოშობის ფული იქაურ ბანკებში აქვს შენახული.

    მიმდინარე წლის 25 ივლისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ავალდებულებს, სახელმწიფო მდივანთან და ეროვნული დაზვერვის დირექტორთან ერთად ყოველთვიურად წარმოადგინოს მოხსენება სახელმწიფოსთან არსებული მეწარმეებისა და კომპანიების, ვლადიმირ პუტინთან მათი სიახლოვის ხარისხისა და რუსულ ეკონომიკაზე მათი გავლენის შესახებ.

    2 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ კანონს მწვანე შუქი აუნთო. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადაში, 180 დღეში, გამოავლინოს ის პირები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვაში შედიან და ფულის გათეთრებასა და სხვა ფინანსურ მაქინაციებში არიან შემჩნეულები. აშშ-ის შესაბამის სამსახურებს მიეცათ კონკრეტული დავალება, დეტალურად შეისწავლონ მათი ფინანსური მდგომარეობა. ეს სამუშაო მომავალი წლის თებერვლამდე უნდა დასრულდეს. უშუალოდ თებერვლის თვიდან კი კორუფციაში შემჩნეული რუსი ოლიგარქების მიმართ ფართომასშტაბიანი სანქციები ამოქმედდება.

    "შავ სიაში" რუსეთის მოქალაქეების შვიდი კატეგორია მოხვდება:

    1) რუსული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები და ბიზნესმენები, რომლებიც შემჩნეულები არიან სხვადასხვა კორუფციული სახის გარიგებაში როგორც რუსეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ;

    2) ვლადიმირ პუტინის სანკტ-პეტერბურგელი ახლობლები, რომლებთან ერთადაც წინა საუკუნის 90-იან წლებში ერთობლივ ბიზნეს-ოპერაციებს აწარმოებდა;

    3) პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების შვილები, რომელთა სახელზეც საფინანსო აქტივების დიდი ნაწილია გადაფორმებული;

    4) პუტინის პირადი მეგობრები, რომელთა ხელშიცაა რუსეთის პრეზიდენტის ქონების გარკვეული ნაწილი;

    5) მსოფლიოში ცნობილი რუსი ოლიგარქები, რომლებიც საფინანსო ოპერაციებს უშუალოდ კრემლის ხელშეწყობით ახორციელებენ;

    6) სხვადასხვა რუსული სახელმწიფო ორგანიზაციის მენეჯერები, რომლებიც პუტინთან დაახლოებულ წრეს მიეკუთვნებიან და მასთან მეგობრობას კანონგარეშე საფინანსო საქმიანობისთვის იყენებენ;

    7) ნახევრად სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების მფლობელები, რომლებიც ასევე პუტინის გარემოცვის წევრები არიან.

    რუსი ოლიგარქების მიმართ აგორებული წინააღმდეგობის სათავეები 2016 წლის სამ აპრილს უნდა ვეძებოთ. ამ დღეს გერმანულმა გამოცემამ "სუდოიჩე ცეიტუნგ" კონფიდენციალური მასალა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ პანამაში არსებულ ოფშორულ საფინანსო ორგანიზაციაში "მოსაკ ფონსეკა" წლების განმავლობაში რუსი ოლიგარქებისა და ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრების დიდძალი თანხა არალეგალურად ირიცხებოდა.

    საუბარი იყო პუტინის მეგობარ მუსიკოსზე, სერგეი როლდუგინზე და ბიზნესმენებზე - არკადი და ბორის როტენბერგებზე. ამ სიაში აგრეთვე მოხვდნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ულუკაევი, მოსკოვის მერის მოადგილე მაქსიმ ლისკუტოვი, ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორი ბორის დუბროვსკი, ფსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ტურჩაკი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები - სულეიმან გერემეევი, ვიქტორ ევაგელსკი, მიხეილ სლიპენჩუკი, ალექსანდრე ბაბაკოვი. საინტერესოა, რომ ეს ოთხეული პარტია "ედინაია რასიას" აქტიური წევრია და ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვას მიეკუთვნებიან.

    გასულ წელს გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნდა მასალა, რომლის ავტორებიც რუს ოლიგარქებს ე.წ. "შავი თანხებით" აშშ-ის ეკონომიკაში შეღწევასა და სხვადასხვა ეკონომიკური ბერკეტის ხელში აღებას სდებდნენ ბრალად.

    საფრანგეთში დაკავებული სულეიმან კერიმოვის მაგალითი ავიღოთ. გამოცემა "ფორბსის" მტკიცებით, ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში კერიმოვმა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი უცხოეთში გაიტანა და ოფშორულ ზონებსა თუ მსოფლიოს წამყვან კომპანიებში დააბანდა.

    ფრანგული გამოცემა "ნიცა მატინის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მან საფრანგეთში 500 მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა, რომლებიც სხვა ადამიანების სახელზე ფიქტიურად აქვს გაფორმებული.

    გამოცემამ "ბლუმბერგი" პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი დიმიტრი რიბოლევლევის ფინანსური საქმიანობა გამოიკვლია და დაადგინა, რომ მას მონაკოში რამდენიმემილიარდიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. საინტერესო კი ისაა, რომ რიბოლევლევმა 2008 წელს მონაკოში დონალდ ტრამპისგან ვილა შეიძინა, რომელშიც 95 მილიონი დოლარი გადაიხადა.

    რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, მიმდინარე წლის აგვისტოში "რადიო თავისუფლებამ" რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მოიხსენია და მისი ქონება 200 მილიარდ დოლარად შეაფასა.

    ცოტა ხნის წინ გამოცემამ "ვაშინგტონ პოსტი" საინტერესო მასალა გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ცნობილი რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი 2018 წლის თებერვლისთვის უკვე ემზადება. ამის დასტურია მისი განქორწინება მეუღლე დარია ჟუკოვასთან. საქმე ისაა, რომ აშშ-ის ფედერალური დაზვერვის სამმართველო რუსი ოლიგარქებისა და მათი უახლოესი ნათესავების ფინანსურ მდგომარეობას კი სწავლობს, მაგრამ ეს არ ეხება განშორებულ მეუღლეებს. "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტების მტკიცებით, ჟუკოვასთან განშორება არა სასიყვარულო პრობლემითაა გამოწვეული, არამედ იმით, რომ თებერვლამდე ქონების გარკვეულ ნაწილს აბრამოვიჩი "ყოფილ" მეუღლეს გადაუფორმებს. იმავე გამოცემის მტკიცებით, უახლოეს თვეებში ანალოგიურად მოიქცევა ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვიც და ამერიკელ მეუღლეს ოფიციალურად გაშორდება.

    საინტერესოა, რომ სულეიმან კერიმოვმა სხვა გზას მიმართა. გამოცემა "გაზეტა.რუ"-ს მტკიცებით, ბოლო სამი წელია, მისი ქონება 21 წლის ვაჟიშვილის, საიდ კერიმოვის, სახელზეა გაფორმებული. ოლიგარქს ოფიციალურად მხოლოდ და მხოლოდ ქალაქ მოსკოვში მდებარე 37 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა ეკუთვნის. ოფიციალური დოკუმენტაციით, 2016 წელს მისმა შემოსავალმა მხოლოდ 12 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა.

    რუსი ოლგარქების მიმართ ამერიკული სანქციები 2018 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. შვედი ეკონომისტი ანდერს ასლუნდის მტკიცებით, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ბანკებში პუტინის ახლობელი ოლიგარქების მრავალმილიარდიანი აქტივები ინახება. ჯერჯერობით ამ ქვეყნების მთავრობებს მათი კონფისკაციისათვის ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებიათ. იყო ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც იტალიაში რუს ოლიგარქ არკადი როტენბერგის აქტივები გაიყინა.

    სულეიმან კერიმოვის საფრანგეთში დაკავება ერთგვარი გზავნილია ვლადიმირ პუტინისა და მისი მეგობარი ოლიგარქებისთვის. თუ 2018 წლის თებერვლამდე ვერ მოახერხებენ თავიანთი ქონების წარმომავლობის დამტკიცებას, ისინიც დაღესტნელი ბიზნესმენის ბედს გაიზიარებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter