სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამირან სალუქვაძეს მიაჩნია, რომ ანგელა მერკელი შეძლებს პოსტის შენარჩუნებას
    ნინო ქეთელაური
    21.11.2017

     "ახალი არჩევნები მერკელისთვის, ასევე სხვა გამარჯვებული პარტიებისთვისაც რისკის შემცველი იქნება, რადგან არაა გამორიცხული, მემარცხენეებმა და ალტერნატივამ კიდევ უფრო გააუმჯობესონ შედეგები", - ამბობს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

    ამირან სალუქვაძე: სამთავრობო კრიზისის მიზეზი გერმანიის საკონსტიტუციო მოწყობაა. პარტიებმა ვერ მოაგროვეს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო ხმების რაოდენობა, რის შემდეგაც დაიწყო მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. მერკელის პარტია ვერ შეთანხმდა არჩევნებში გამარჯვებულ უმრავლესობასთან სხვადასხვა საკითხზე - მიგრაციით დაწყებული, ეკონომიკური პოლიტიკით დამთავრებული. როგორც პრესაში გაჟონა, წინააღმდეგობა რამდენიმე ათეული საკითხის ირგვლივ იყო. რჩებიან "მემარცხენეები" და ბუნდესტაგში მესამე ადგილზე გასული "ალტერნატივა გერმანიისთვის", რომლებთანაც გაერთიანება შეუძლებელია განსხვავებული მსოფლმხედველობის გამო.

    "რეზონანსი": რა შედეგის მოიტნს, თუ ასე გაგრძელდა პროცესი?

    ა.ს: მერკელისთვის ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა. ის გეგმავს პრეზიდენტ შტაინმაიერთან მოლაპარაკების გამართვას. გერმანიის კონსტიტუცია არ აწესებს შეზღუდვებს მთავრობის ჩამოყალიბების ვადასთან დაკავშირებით, თუმცა დიდხანს გაწელვაც არაა მიზანშეწონილი. არაა გამორიცხული, რომ იგივე პარტიებთან, რომლებთანაც შეთანხმება ვერ მოხერხდა, ხელახალი მოლაპარაკება დაიწყოს. გერმანიის კონსტიტუციით, შესაძლებელია, ბუნდესტაგმა თვითონ წამოაყენოს კანცლერის კადიდატურა, რომელიც, დიდი ალბათობით, მერკელი იქნება, სხვა შესაძლო კანდიდატურებთან ერთად.

    თუ მერკელი ვერ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას, ორი კვირის შემდეგ შესაძლებელია, ისევ ჩატარდეს კენჭისყრა. ეს პროცედურა შეიძლება მესამედაც განმეორდეს. მეოთხე კენჭისყრაზე მერკელისთვის საკმარისი იქნება არა 50%%1 ხმის, არამედ შედარებითი უმრავლესობის მოპოვება, რის შემდეგაც ფედერალური პრეზიდენტი გადაწყვეტს, ცნოს გამარჯვებული კანცლერად, თუ დანიშნოს ხელახალი არჩევნები. თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე, შესაძლოა, პარტიები თავად მივიდნენ, თუ ახალი მოლაპარაკება ისევ არ მოიტანს შედეგს. ამავე დროს, ახალი არჩევნებიც მერკელისთვის, ასევე სხვა გამარჯვებული პარტიებისთვისაც რისკის შემცველი იქნება, რადგან არაა გამორიცხული, მემარცხენეებმა და ალტერნატივამ კიდევ უფრო გააუმჯობესონ შედეგები. ვფიქრობ, ხელახალი არჩევნები არ იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება.

    გერმანიის, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკისა და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს, სამთავრობო კრიზისი ცუდად აისახება ევროპის ერთიანობაზე, ეკონომიკაზე. მერკელი გამოცდილი პოლიტიკოსია. მონახავს გზას და ალბათ მაინც გახდება მეოთხეჯერ კანცლერი, თუმცა მას ის ძალა აღარ ექნება, რაც ადრე ჰქონდა.

    "რ": რაიმე შეიცვლება თუ არა საქართველოსთან მიმართებით? ყველასთვის კარგად ცნობილია მერკელის დამოკიდებულება საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

    ა.ს: რთული სათქმელია, როგორ განვითარდება პროცესები. რომ არა გერმანიისა და საფრანგეთის უარყოფითი დამოკიდებულება, დღეს სხვა შედეგი გვექნებოდა.

    როგორც ჩანს, პარტიებს შორის სერიოზული ვაჭრობა მიდის არა მხოლოდ პრობლემურ საკითხებზე, არამედ კაბინეტის შემადგენლობასთან და საკვანძო პოსტებთან დაკავშირებითაც. პარტიებმა ალბათ გადაწყვიტეს, მაქსიმალურად შეასუსტონ მერკელის პოზიცია. მერკელის შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, რა გზას აირჩევენ, მოლაპარაკების რაუნდის განახლებას, თუ კენჭისყრას. იოლი არც კენჭისყრის გზა იქნება და ალბათ რამდენიმე პროცედურას ვიხილავთ.

    მოკლედ, მაინც იქეთკენ ვიხრები, რომ მერკელი შეძლებს პოსტის შენარჩუნებას. გერმანიის მთავრობის ჩამოყალიბებას ელოდებიან ნორმანდიული ოთხეულის წევრებიც. უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკება ამ მიზეზით შეჩერებულია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter