სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    18.10.2017

     საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკარინის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხელ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ მან კიევში უკრაინის პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებითა და კარვების გაშლით გაგრძელდა.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ათასი ადამიანი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და, ასევე, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვს.

    აქციის მონაწილეები გრუშევსკის ქუჩაზე, პარლამენტის შენობასთან კარვების შეტანასა და დადგმას ცდილობდნენ, რაც პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეტაკების შედაგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის - პოლიციელები.

    მოგვიანებით, უკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც კორდონი ჰქონდათ მოწყობილი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეები გაატარეს და მათ კარვების დადგმის საშუალება მისცეს.

    აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ახალი ძალების მოძრაობა", "ეროვნული კორპუსი", "თავისუფლება" და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პარტიები.

    სააკაშვილის თქმით, მომიტინგეები მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.

    ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა.

    "ვიდრე პოროშენკო იქნება, ადგილი არ ექნება პროგრესს, კორუფციასთან ბრძოლას. ვიდრე პოროშენკო იქნება, სიღარიბე იქნება," - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს მისი "რჩევაა და არა ულტიმატუმი".

    "თუ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ხალხის სასარგებლოდ, პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე. მას კიდევ აქვს დრო! ეს ჩემი ულტიმატუმი არ არის! ეს ჩემი რჩევაა!" - განაცხადა სააკაშვილმა.

    თავად პეტრო პოროშენკომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გაგებით ეკიდება აქციებს და პატივს სცემს მათ მონაწილეებს. თუმცა აღნიშნა, რომ "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა ტრაგიკული მოვლენები გაიმეორონ, რომელიც 31 აგვისტოს მოხდა და რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ოთხი წევრი დაიღუპა."

     ამის პარალელურად, პოროშეკომ დეპუტატებს მოუწოდა, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონპროექტის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი შექმნან. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პარლამენტში პეტრო პოროშენკოს წარმომადგენელმა ირინა ლუცენკომ გაავრცელა.

    მისი თქმით, პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, შემუშავდეს კანონპროექტი, რომელსაც ის ყველა ფრაქციასთან შეთანხმებით პარლამენტში შეიტანს, რათა მისი განხილვა დაუყოვნებლივ მოხდეს.

    ამასთან, ლუცენკომ აღნიშნა, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია საკმარისი სახსრები ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისა და დაფინანსებისთვის.

    პეტრო პოროშენკომ პარლამენტის დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებაც მოითხოვა. მეტიც, კანონპროექტი კონსტიტუციის მე-80 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ უკრაინის პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და ის შემდეგი ფორმულირებით მიღებას ითვალისწინებს:

    "უკრაინის სახალხო დეპუტატები კენჭისყრის შედეგებზე ან პარლამენტში გამონათქვამებზე იურიდიულად პასუხს არ აგებენ, შეურაცხყოფის ან ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გარდა," - წერია კანონპროექტში.

    ამავდროულად, პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, ამოიღოს კონსტიტუციის მე-80 მუხლიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ სახალხო დეპუტატებს სადეპუტატო ხელშეუხებლობის გარანტია ეძლევათ და უკრაინის უმაღლესი რადას თანხმობის გარეშე სახალხო დეპუტატების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება იკრძალება.

    კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ძალაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

    აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებამდე, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკიმ დავით საყვარელიძის დაცვის წევრის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

    მისი თქმით, ის იარაღის ყიდვის მცდელობისას დააკავეს, რაც, სავარაუდოდ, აქციას უკავშირდება.

    მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

     "ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო! მე, მიხეილ სააკაშვილი მარგინალური ჯგუფის ლიდერი არ ვარ, ვიღაც არამკითხე არ ვარ, რომელიც ციდან ჩამოვარდა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პუტჩს ამზადებს," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

    მისი თქმით, 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" ისტორიაში შევიდა, როგორც "მშვიდობიანი ამბოხების მაგალითი".

    "ჩემი შეიარაღებული პროვოკაციების მომზადებაში დადანაშაულება სისულელეა. ნუთუ მართლა ხალხს ხროვად თვლით და ფიქრობთ, რომ ნებისმიერ სისულელეს მიჰყიდით? მშვიდობიანი აქციისას პროვოკაციებზე პასუხისმგებლობას პირადად პოროშენკოს ვაკისრებ და ასევე - ავაკოვს," - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (18.10.2017)
    ქართველების ნაწილს ჯერაც ვერ გაუგია, რას ნიშნავს მიშას წარმატებები უკრაინაში, ჯერ ერთი ეს ქართველებისთვის დადებითი მუხტია, სპორტსმენების წარმატებები თუ გვიხარია სხვა ქვეყნებში, პოლიტიკოსების რატომ არ უნდა გვიხაროდეს...მეორე მიშა სტიმულს აძლევს არა მხოლოდ უკრაინის ოპოზიციას, არამედ რუსეთის ოპოზიციასაც და ეგ არის ამ ბრძოლის ძირითადი ეშხი, ამიტომ წარმატებები ვუსურვოთ მიხეილ სააკაშვილს...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter