სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შავი ზღვა, როგორც ყველაზე სტრატეგიული სამხრეთის ზღვა
    თიკო ოსმანოვა
    14.10.2017

     შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ინტერესები მხოლოდ ყირიმით არ ამოიწურება და ახლო მომავალში მან, შესაძლოა, სხვა, ახალი ტერიტორიების ანექსია მოახდინოს. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი, თადარიგში გასული ამერიკელი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი.

    მისი შეფასებით, ამჟამად ჩრდილოეთ თურქეთი, შავი და ეგეოსის ზღვის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სრუტეები, ასევე, ნატოს წევრი კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს შავი ზღვის სანაპირო ზოლი ამჟამად რუსეთის სამხედრო-საზღვაო აქტიურობის გამო წნეხის ქვეშაა, რაც სევასტოპოლიდან ხორციელდება.

    ადმირალ სტავრიდისის აზრით, როგორც კი რუსები ამ ტერიტორიებსა და, ასევე, სირიის სანაპიროს თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცევენ, მათ მთელ რეგიონზე განუსაზღვრელი სამხედრო-საზღვაო გავლენა ექნებათ, რაც სერიოზული გამოწვევაა ნატოსათვის.

    აქედან გამომდინარე, იგი გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს ნატოს. პირველ რიგში, ალიანსმა ამ "კრიტიკულად მნიშვნელოვან სამხრეთის ზღვაში" უნდა გაზარდოს წვრთნებისა და სხვა მისიების რაოდენობა. ეს ნიშნავს ნატოს გემების მიერ რუმინეთის, თურქეთის, ბულგარეთისა და საქართველოს, ასევე, უკრაინის არაოკუპირებული ნაწილის პორტების უფრო ხშირ სტუმრობას.

    გარდა ამისა, ნატომ უნდა შეიმუშაოს ექსტრემალურ სიტუაციაში შავ ზღვაზე ჩასატარებული ოპერაციების გეგმა. აშშ-მა, ნატოსგან დამოუკიდებლად, უნდა გაზარდოს შავი ზღვის რეგიონში პერიოდულად მყოფი თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობა, ისინი უფრო ხშირად უნდა სტუმრობდნენ შავ ზღვას.

    ასევე, სტავრიდისის აზრით, აშშ-მა უნდა წაახალისოს დასავლური კომპანიები, რათა მათ ინვესტირება მოახდინონ რუმინეთში, თურქეთში, ბულგარეთში, საქართველოსა და უკრაინაში. მისი შეფასებით, სწორედ უკონომიკური ურთიერთკავშირის ის "რბილი ძალა", რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას.

    "მძლავრი სტრატეგიული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების ერთობლიობა მნიშვნელოვნად გაზრდის სამხრეთში მდებარე ზღვებიდან ყველაზე სტრატეგიულ ამ ზღვაში რუსეთის ამბიციების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების შანსს", - წერს ჯეიმს სტავრიდისი.

    მის აზრს რუსეთიდან მომდინარე ახალ საფრთხეებზე იზიარებს თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია.

    "იქიდან გამომდინარე, რომ ყირიმი უკვე ანექსირებულია, რჩება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელთა ბედიც, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია. დნესტრისპირეთს რაც შეეხება, რუსეთი დიდი სიამოვნებით ამასაც შეიერთებდა, თუმცა იგი უკრაინას ესაზღვრება და გეოგრაფიულად მიუწვდომელია. ამიტომ ჯერჯერობით თავს იკავებს. მოლდოვაში იმედი აქვს, რომ პრორუსული ხელისუფლება მოვა, რადგან პრეზიდენტი უკვე შესაბამისი აირჩიეს. თურქეთს და ბულგარეთს ვერაფერს წაართმევს.

    "მომავალი წლის გაზაფხულზე რუსეთში არჩევნებია და, ჩემი აზრით, პუტინი ახალ მანდატს მიიღებს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო გაძლიერდეს.

    "სირიაში პოზიცია პრაქტიკულად გამყარებული აქვს. თუ გადავხედავთ რეალურ სიტუაციას, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ერაყის და თურქეთის მეზობელი გახდა. ალბათ მისი გავლენა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კორნელი კაკაჩია.

    მისივე თქმით, ძლიერი ეკონომიკა და დემოკრატიის განვითარება არის მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

    განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს. მისი თქმით, რუსეთი ახლა იმ ტერიტორიების "მონელებას" ცდილობს, რომელიც დაიპყრო. ამიტომ მეზობელი ქვეყნის მხრიდან რომელიმე რეგიონის ანექსირებას გამორიცხავს.

    "რუსეთი არანაირი ტერიტორიის ანექსიისთვის არ ემზადება. პუტინმა ყველაფერს მიაღწია. ახლა მისი მთავარი ამოცანაა სტაბილური ვითარების შენარჩუნება - სირიაში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყარაბაღში და ყირიმში. არჩევნებამდე რომელიმე ტერიტორიის ანექსირება სულელური ავანტიურა იქნებოდა. ამის მოცემულობა არ არის. რაც შეეხება წვრთნებს, ამას ნატოც ატარებს. პუტინმა დღეს უნდა მოინელოს ის, რაც გადაყლაპა", - გვითხრა ცინცაძემ.

    მისივე თქმით, რუსეთის მთავარი სატკივარი სირიაა, სადაც სამოქალაქო ომი მწიფდება.

    "არ ვამბობ, რომ აგრესორი მგელი ვეგეტარიანელი გახდა. უბრალოდ, პრაგმატული მოსაზრებით, რუსეთის მხრიდან რომელიმე ახალი ტერიტორიის ანექსირება აბსოლუტურად შეუსაბამო იქნებოდა. თითქმის ყველამ დაივიწყა სირია, არადა, იქ გაუჩნდა რუსეთს მთავარი სატკივარი. პუტინის მთავარი დანიშნულებაა, სირიაში არ დაუშვას სამოქალაქო ომი, რომელიც, პრაქტიკულად, უკვე დაწყებულია", - უთხრა "რეზონანსს" ცინცაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (15.10.2017)
    სირიაში წყდება მსოფლიოს ბედი, ჯერ-ჯერობით უპირატესობა რუსეთის მხარესაა, რომელსაც ჰყავს თავისი ჯგუფი ქვეყნებისა და ასე თუ გაგრძელდა რუსეთს ძალიან ბევრი მომხრე გამოუჩნდება... ყველაფერი იარაღზეა დამოკიდებული, რუსეთი ს-400-ით იქაჩება და ჯერ ვერავინ გაიგო მართლაცდა რას წარმოადგენს ეს იარაღი, თუ ის მართლაც ერევა ფ-35 და ამერიკულ რაკეტებს, მაშინ ჩამოსაწერი იქნება მთელი დასავლური იარაღი და პოლიტიკა...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter