სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    18.09.2017

     ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს რუსეთ-ბელორუსის მასშტაბური სამხედრო წვრთნები "ზაპად 2017" ("დასავლეთი 2017") ევროპაში დიდ შეშფოთებას იწვევს. კეთდება განცხადებები, რომ სწავლება ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მომზადებას ჰგავს.

    ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში აცხადებენ, რომ ამ სწავლებაში სამხედროების აგრესიის სამიზნედ სწორედ მათი ქვეყნებია მოაზრებული და არსებობს საფრთხე, რომ მოსკოვმა მანევრები მეზობლების წინააღმდეგ რეალურ აგრესიად გადააქციოს.

    ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის განცხადებით, რუსეთის სამხედრო პოტენციალი იზრდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები ძლიერდება, ეს სირიის მოვლენებმაც დაგვანახვა. ახლა კი მოსკოვი ევროკავშირის საზღვრებთან სწავლება "დასავლეთით" ევროპას საკუთარი ძლიერების დემონსტრირებას უწყობს და ამის სანახავად მიიწვია კიდეც ნატო-ს ექსპერტები სწავლებაზე დასასწრებად.

    "საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როდესაც ძალიან დაძაბული ურთიერთობები და ცივი ომის მდგომარეობა იყო, საბჭოთა კავშირი საზღვრებთან მასშტაბურ სწავლებებს არ ატარებდა და ატარებდა მხოლოდ ქვეყნის სიღრმეში. ის შენაერთები, რომლებიც საზღვრებთან იყვნენ განლაგებული, თუ ბრიგადა იყო, ბრიგადის მასშტაბით ტარდებოდა სწავლებები, მაგრამ დივიზიისა და არმიის მასშტაბით ასეთ მანევრებს ერიდებოდნენ და ფაქტობრივად არც ატარებდნენ, თუ რაიმე პოლიტიკური დაძაბულობა არ იყო.

    "დღეს კი რუსეთი ამას აღარ ერიდება. რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ ჩვენ თავს არავის არ ვესხმით, სწავლებები არავის წინააღმდეგ არ არის, გამჭვირვალობისთვის მიიწვიეს ნატო-ს წარმომადგენლებიც, მაგრამ, რეალურად, არა გამჭვირვალობისთვის, არამედ ძალის დემონსტრირებისთვის, რომ ნატო-ს დაანახვონ, რამდენად მაღალ დონეზეა რუსეთის არმია დღეს მომზადებული და რისი შესაძლებლობები გააჩნიათ," - აცხადებს სალუქვაძე.

    საგულისხმოა, რომ ევროპაში ამ სწავლების გამო შეშფოთება-უკმაყოფილებას სწორედ ის ამძაფრებს, რომ წვრთნები ტარდება ევროკავშირის ქვეყნების, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის საზღვრებთან და პლუს, ეს სწავლება ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურადაც შეფასდა. საუბარია იმაზე, რომ წვრთნებში 100 000 ადამიანი მონაწილეობს და ამ ორი კომპონენტის ერთობლიობის გამო ეს მანევრები მოსკოვიდან კუნთების, ძალის დემონსტრირებად მიიჩნევა.

    როგორც დასავლური მედია წერს, რუსეთმა სამხედრო წვრთნები უკვე ორჯერ გადაიტანა რეალურ აგრესიაში უკრაინასა და საქართველოში. თანაც, წინა ამავე სახელწოდების სწავლება "დასავლეთი" 2013 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მოხდა ყირიმის ანექსია.

    საგულისხმოა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, "ზაპად 2017"-ში, რომელიც 14 სექტემბერს დაიწყო და 20-ში დასრულდება, სულაც არ არის ისეთი მასშტაბური, როგორადაც ეს დასავლურ მედიაში იწერება, მასში მხოლოდ 13 000 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული და ის მიმართული არ არის არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ.

    თუმცა, დასავლეთში რუსეთის კეთილი განცხადებების არ სჯერათ. ფრანგული "ფიგარო" წერს, რომ მოსკოვი დასავლეთს კუნთებს უჩვენებს და მას შეუძლია, გააყალბოს რიცხვები, რადგან 13 000 ჯარისკაცის მონაწილეობა სტრატეგიულ წვრთნებში ძალიან სასაცილოდ ჟღერს.

    თანაც, ასე იყო წინა წვრთნების დროს, როდესაც "ზაპად 2013"-ში ოფიციალურად 12 000 სამხედრო მონაწილეობდა, თუმცა, წვრთნების დასრულების შემდეგ უცხოელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ, მათი ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვმა 80 000-ს გადააჭარბა.

    დასავლური მედია ასევე ყურადღებას ამახვილებს სწავლების ლეგენდაზე. წვრთნების ლეგენდის თანახმად, რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა სამი გამოგონილი სახელმწიფოს აგრესია უნდა მოიგერიონ. თუმცა, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ეჭვი არ ეპარებათ, რომ წვრთნებში მათ შესახებაა ლაპარაკი და შიშობენ, რომ ეს მანევრები მეზობლების წინააღმდეგ აგრესიად გადაიქცევა.

    "სი-ენ-ენი" წერს, რომ ეს სწავლება ჰგავს ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების მომზადებას და აგვისტოს სტატიას ისევ ხელახლა აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ აგვისტოში რუსებმა ჩაატარეს წვრთნები, რომლის დროსაც მოახდინეს ბირთვული დარტყმების სიმულაცია ვარშავასა და სტოკჰოლმზე.

    გარდა ამისა, სტატიის ავტორი წერს, რომ ადრე რუსეთმა წვრთნების მოტივით თავისი ჯარების დიდი გადაადგილება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ნამდვილი საომარი ოპერაციის ჩასატარებლად გამოიყენა და ამდენად, ახლაც დიდია მსგავსი საფრთხე.

    გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დე ლეენი ამბობს, რომ რუსეთსა და ბელარუსში სამხედრო წვრთნების შესახებ ნატო-ს მოკავშირეების შეშფოთება გასაგებია. "ბილდთან" ინტერვიუში მან თქვა, რომ პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა უნდა იგრძნონ ალიანსის სოლიდარობა. მინისტრმა აღიარა, რომ ბელარუსმა მოიწვია დამკვირვებლები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ისინი თავისუფლად გადაადგილების უფლებას და სამხედრო პერსონალისთვის კომუნიკაციის შესაძლებლობას.

    ამირან სალუქვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, რუსეთის მტკიცებით, სწავლებაში მხოლოდ 13 000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს, ეს რეალური არ არის, რადგან წინა ამგვარ სწავლებასთან შედარებით მასშტაბები გაორმაგებულია.

    "იზრდება პირადი შემადგენლობის რაოდენობა, იზრდება მონაწილე ტექნიკის რაოდენობა. მაგალითად, 2015 წლისა და 2017 წლის სწავლებებს შორის 2-ჯერ მეტი რკინიგზის ვაგონია შეკვეთილი ტექნიკის გადასაზიდავად - თუ იყო 1 000-ზე მეტი, წელს არის 2 000-ზე მეტი ვაგონი. ანუ, ორჯერ მეტი ტექნიკა და საბრძოლო მასალები გადაიტანეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ რამეზე მეტყველებს. სწავლების მასშტაბი ორჯერ არის გაზრდილი," - ამბობს სალუქვაძე.

    ბრიგადის გენერალი, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის შიშის მიუხედავად, გამორიცხავს, ეს სწავლება ნატო-ს წევრი ქვეყნების მისამართით საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდოს.

    "რუსეთმა რომ ამხელა არმადა დაძრას დასავლეთისკენ, ეს მსოფლიოს ბირთვულ ომამდე მიიყვანს და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ომის ინდიკატორებს ვერ ვხედავ," - აღნიშნავს სალუქვაძე, თუმცა აგრესიული პოლიტიკისა და ანექსიის გაგრძელების ხიფათს ხედავს უკრაინის მიმართულებით.

    "რაც შეეხება უკრაინას, აქ სხვა სცენარით მიდის ყველაფერი. თუ რუსეთს ადრე საუბარი ჰქონდა დონბასის რეგიონზე, დღეს ყველა წამყვან არხზე უკრაინის ფრაგმენტაციაზეა საუბარი. ყირიმის გარდა კიდევ სამ ნაწილად დაშლის რუკა გამოაქვეყნეს წამყვან არხზე, რომელიც თითქოს სოციალური გამოკითხვის შედეგად იყო შედგენილი.

    "ეს არის რუსეთის მიზანი, რის პროპაგანდასაც საკუთარი არხებიდან ეწევა. ჩემს პროგნოზად ჩათვალეთ, რომ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის გეგმები უფრო და უფრო მძიმე იქნება," - დასძენს სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter