სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    15.09.2017

     "ამის არ გრცხვენიათ? იცით, მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი და ჩემი პრეზიდენტობისას უშიშროების სამსახურს ავუკრძალე პირადი ცხოვრების ჩანაწერების გაკეთება, ჯაშუშებისაც კი," - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მისი პირადი ცხოვრების ჩაწერის მცდელობასა და უკანონო თვალთვალში ამხელს და პოროშენკოს ამ თვალთვალის დაგეგმვის გამო ვლადიმირ პუტინსა და ასლან აბაშიძეს ადარებს.

    4 დღეა, რაც სააკაშვილმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა მხარდამჭერების დახმარებით და მისი ყოველდღიური შეხვედრები მხარდამჭერებთან და მისი განცხადებები უკრაინაში ყველაზე მთავარ თემად იქცა.

    მან გუშინ ქალაქ ჩერნოვცში მხარდამჭერებთან გამოსვლისას დააანონსა, რომ კიევში ჩავა 19 სექტემბერს, მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს, მანამდე კი უკრაინის რამდენიმე ქალაქში უნდა გაემგზავროს.

    "კიდევ რამდენიმე ქალაქში გავემგზავრები, შემდეგ კი კიევში გადავალთ. 19 სექტემბერი, როგორც მითხრეს, კიევის მფარველის, მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა. კიევი სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ! ჩვენ ყველანი კიევში გადავალთ და იქ ვიქნებით. ეს დასაწყისი იქნება," - განაცხადა სააკაშვილმა.

    ამ ანონსის შემდეგ კი ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა პოროშენკო უკანონო თვალთვალშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს მისი დაშინების მცდელობაა, რისიც არ ეშინია და კიევში ჩასვლას ვერავინ გადააფიქრებინებს.

    მისი მტკიცებით, ქალაქ ჩერნოვცის იმ სასტუმროს ნომერში, სადამ ამჟამად ცხოვრობს, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება სცადეს და ეს მისმა დაცვის თანამშრომელმა აღკვეთა.

    "ჩემი დაცვის თანამშრომელმა უცხო პირების შემოჭრა აღკვეთა, რომლებიც უკრაინის უშიშროებიდან იყვნენ. თან ჩემოდნები ჰქონდათ და ნომერში შემოსვლას ცდილობდნენ. ისინი შემდეგ ჩემი ნომერის ქვემოთ მდებარე ნომერში მოთავსდნენ. ჩვენი ხალხი გაჰყვა მათ. შემდეგ ისინი იმ ნომერიდან წავიდნენ, თუმცა ნივთები დატოვეს," - განაცხადა სააკაშვილმა და ვიდეომიმართვის დროს ნაპოვნი ნივთებიც აჩვენა.

    "რაღაც სპეციალური მოწყობილობებია, როგორც მესმის, მიყურადებისთვის. რაღაც დისკებია, სადაც წერენ ამ ყველაფერს. ეს, როგორც მესმის, კამერაა," - აღნიშნა სააკაშვილმა.

    მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მტერმა აღმოსავლეთი საზღვარი გაარღვია, ხელისუფლება მისი პირადი ცხოვრების ჩაწერითაა დაკავებული.

    "პეტრ ალექსეევიჩ, გინდათ უყუროთ, თუ როგორ დადის სააკაშვილი საპირფარეშოში? თქვენი ცხოვრება არ გყოფნით და ჩემი პირადი ცხოვრებით ხართ დაინტერესებული, თუნდაც ჩემი სექსუალური ცხოვრებით? მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს. ამით დაკავებული იყო პუტინი. ასეთი ასლან აბაშიძე გვყავდა საქართველოში.

    "ამის არ გრცხვენიათ? იცით, მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი და ჩემი პრეზიდენტობისას, უშიშროების სამსახურს ავუკრძალე პირადი ცხოვრების ჩანაწერების გაკეთება, ჯაშუშებისაც კი. ერთხელ მომიტანეს ერთი-ერთი აგენტის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, რომლის გამოყენებაც ჩვენს სპეცსამსახურებს უნდოდათ. მე ვუთხარი, გაანადგურეთ ახლავე და ცხოვრებაში არასოდეს გააკეთოთ მსგავსი ჩანაწერი, თუნდაც ეს მტერი იყოს, ოთახებში, საპირფარეშოებსა თუ სააბაზანოებში. და თქვენ? არც გაბედოთ იმის თქმა, რომ ეს თქვენი გაკეთებული არ არის," - განაცხადა სააკაშვილმა.

    სააკაშვილის ამ ბრალდებაზე კიევში საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა და ჯერ უცნობია ისიც, უკრაინის ხელისუფლება დააკავებს სააკაშვილს თუ ოდესის გუბერნატორს საპროტეტსო აქციების აგორების საშუალებას ბოლომდე მისცემს.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მეორედ მიმართა, გარკვეული არ არის, მოხდება თუ არა ექსპრეზიდენტის დაპატიმრება და საექსტადიციო პროცედურების დაწყება. თანაც, ორი დღის წინ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე დენის ჩერნიშევმა ტელეკომპანია "112"-თან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის ექსტრადირების არანაირი საფუძველი არ არსებობს. "სანამ ქართული სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე განაჩენს არ გამოიტანს, ექსტრადირება არ მოხდება."

    ჯერჯერობით ოფიციალური კიევის მხრიდან მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა მოხდა სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიმართ.

    სააკაშვილთან ერთად პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში მონაწილე 69 პირს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმები შეუდგინეს.

    "დღეისთვის შედგენილია ოქმი 69 პირისთვის, რომლებიც არიან იდენტიფიცირებულნი," - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა.

    სლობოდიანის განმარტებით, საზღვრის გარღვევის მონაწილე 14 ადამიანი - ძირითადად, მედიის წარმომადგენლები, შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაბრუნდნენ და შესაბამის ოქმებს ხელი მოაწერეს.

    უკრაინელმა მესაზღვრეებმა 12 სექტემბერს ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ ოქმი მიხეილ სააკაშვილსაც ჩააბარეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელიც მოაწერა.

    სს-ის საქმეს ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს ედავებიან. გუშინ მას ოქმი რესტორანში ყოფნის დროს ჩააბარეს და საყვარელიძე დაკითხვაზე ორშაბათს 10 საათზეა დაბარებული.

    კონკრეტულად საქმე სს-ის კოდექსის მე-3 მუხლითაა აღძრული: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ჯგუფური არეულობის მოწყობა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter