სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    15.09.2017

     ოთხმაგი აგენტი - ალი დაბუევი, იგივე ალი ტიმაევი, იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.

    მის მკვლელობის საქმეს უკრაინაში აქტიურად იძიებენ. როგორც "უკრაინსკაია პრავდა" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სამართალდამცველები ვიდეოჩანაწერს სწავლობენ, სადაც ჩანს, როგორ აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდგენელმა პირმა, შემდეგ კი მიწისქვეშა გადასასვლელში მიიმალა.

    შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს კიევის ცენტრში ქართული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანა ააფეთქეს. ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება, ბავშვის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი თემურ მახაურია, დაჭრილი ქალბატონის ვინაობა კი უცნობია. ჯერჯერობით უკრაინის შსს-ში ვერ ადასტურებენ, მანქანაში მყოფი ქალი გარდაცვლილის ცოლია თუ არა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

    მინისტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, ამოქმედდა ასფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მანქანაში იყო მოთავსებული. დაზარალებულია საქართველოს მოქალაქე. მისი ვინაობა დადგენილია, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინული შსს მის ვინაობას არ ამჟღავნებს.

    "ვიცით, რომ გარდაცვლილი კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც თემურ მახაური. მას ჰქონდა მტკიცე კავშირები სხვადასხვა ჩეჩნურ წრესთან. ის დაკავებული იყო არაერთგზის, მათ შორის გასულ წელს უკრაინაშიც დააკავეს. თუ არ ვცდები, მას ბრალად ედებოდა იარაღის უკანონო შენახვა. სასამართლოზე მან გამოძიებასთან შეთანხმების საფუძველზე ბრალი აღიარა და 5 წელი მიესაჯა სასჯელის სამწლიანი გადავადებით. მას თან ჰქონდა დოკუმენტები, რომლებშიც ეწერა, რომ ის იყო შეიხ მანსურის ბატალიონის მებრძოლი," - განაცხადა მინისტრმა.

    გამოძიება მომხდარის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირსა და კრიმინალურ გარჩევებს.

    39 წლის ეთნიკური ჩეჩენი ოთხი ქვეყნის აგენტად არის მიჩნეული. შესაბამისად, სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ - ალი დაბუევი, იგივე ალი ტიმაევი, იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური.

    ჩეჩენი მეამბოხეების ოფიციალური ონლაინმედია "კავკაზ ცენტრი" მოკლულს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტად და "კილერად" მოიხსენიებს.

    თურქული წყაროების მიხედვით კი დაბუევი საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი იყო, რომელსაც საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ოპერატიული პასპორტები ჰქონდა.

    ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსლან პაპასკირი დონბასში, უკრაინის მხარეს იბრძოდა. ამის დასადასტურებლად მოხალისე იულია ფიოდორკო სოციალურ ქსელში მის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. ის ავდეევკაში უკრაინელი სამხედროების ფორმაშია გამოწყობილი.

     "ისინი ჩვენ გვაზღვევდნენ და გვიცავდნენ. შუაღამე იყო და ბოლოს, როგორც იქნა, მივედით და ბიჭებს შევხვდვით, მათ ჰუმანიტარული დახმარება ჩავუტანეთ. სწორედ მაშინ გავიცანი ალი, უფრო სწორად - თემურ მახაური. მე მას თავიდანვე ვენდობოდი, რადგან მასთან ერთად თავს მშვიდად ვგრძნობდი და არაფრის მეშინოდა. ის იმ ადამიანთა შორისაა, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შენს მეგობრად რჩებიან. არ შემიძლია და არ მინდა დავიჯერო, რომ ის აღარ არის. ეს ნამდვილი მებრძოლის სიკვდილია. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები," - წერს იულია ფიოდორკო.

    უკრანული გამოცემა "ცენზორის" მთავარი რედაქტორი იური ბუტოსოვი კი ამბობს, რომ მახაური საქართველოს ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა.

    რედაქტორი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ მახაური თურქეთში მცხოვრები ჩეჩნური თემის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და რუსეთის აგენტურის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, შესაბამისად, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის უხერხული ფიგურა იყო.

    გამოცემის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებმა მახაური კონტროლზე 2012 წელს აიყვანეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთში დაკავებისას, როგორც კი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გაიგეს, რომ მახაური ქართველებისთვის მუშაობდა და მკვლელობებში ჩართული არ იყო, გაათავისუფლეს.

    უკრაინული მედია წერს, რომ ოდესის პოლიციის უფროსად გიორგი ლორთქიფანიძის დანიშვნის შემდეგ მახაური უკრაინაში ჩავიდა, რადგან საქართველოში უსაფრთხოდ აღარ იყო.

    სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით კი, მოკლული მნიშვნელოვანი მოწმე იყო 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში.

    "ეს ადამიანი არის ჩეჩნური წარმომავლობისა, მისი სახელია ალი დაბუევი. შემდეგ ერქვა რუსლან პაპასკირი. ახლა თემურ მახაური იყო, მეტსახელად "ზოონ". ის იყო ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე. საქართველოში გამოჩნდა 2009 თუ 2010 წელს და მას ჰქონდა კუდ-ის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი რუსლან პაპასკირის გვარზე.

    "ის ლაფანყურის მოვლენებში გამოჩნდა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ იმ სამეულიდან ახალგაზრდა ჩეჩნებსა და ქისტებს საქართველოში ეპატიჟებოდა, რომ აქ გაევლოთ წვრთნები და შემდეგ ჩეჩნეთში რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა, ამ სამეულიდან ერთ-ერთი იყო "ზოონი". დანარჩენი ორიდან ერთ-ერთი იყო რაბანი, რომელიც რუსეთის გრუს-ის თანამშრომელი იყო და ეს დასტურდება, რადგან რაბანი ერთადერთი იყო, ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღესტანში გააღწია და მას არაფერი მოუვიდა, დღემდე გადასარევად ცხოვრობს რუსეთში. ამიტომ გაჩნდა ბუნებრივი ეჭვი, რომ "ზოონიც" რუსეთის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული, ეპატიჟებოდა ახალგაზრდებს, რომ ამ ავანტიურაში მიეღოთ მონაწილეობა", - უთხრა "რეზონანსს" არეშიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter