სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამირან სალუქვაძეს მიაჩნია, რომ აშშ-მ უკრაინისთვის იარაღის გადაცემის პროცესი დროში გაწელოს
    ნინო ქეთელაური
    31.08.2017

     

    "უკრაინაზე როგორც მინიმუმ გაგრძელდება მძლავრი საინფორმაციო ზეწოლა. დღეს ყველა წამყვანი რუსული არხების თოქ-შოუების მთავარი თემები უკრაინაა" ,- აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

    მისი თქმით, დონბასში ყოველ დღე და ყოველ ღამე სროლები, მაგრამ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების ინდიკატორები ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას მშვიდი ცხოვრება ექნება. დაპირისპირებები სხვა განზომილებებში, სხვა სფეროებში გაგრძელდება.

    ამირან სალუქვაძე: აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემა მხოლოდ რუსეთის ფაქტორზე არაა დამოკიდებული. ამ პროცესზე თვით უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც ახდენს ზეგავლენას. არაა გამორიცხული, რომ თეთრი სახლი აკვირდება უკრაინაში შიდა სტაბილურობას. თუმცა, რა თქმა უნდა, უკრაინის ფაქტორი გადამწყვეტია. მკითხველმა ალბათ იცის, რომ უკრაინის საკითხში ტრამპმა და პუტინმა პირადი წარმომადგენლები დანიშნეს. დარწმუნებული ვარ, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი სურკოვი ყველანაირად შეეწინააღმდეგება უკრაინის ახალი, განსაკუთრებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით შეიარაღებას. არაა გამორიცხული, რომ აშშ-მ გაწელოს ეს პროცესი და იარაღი მხოლოდ რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში გადასცეს და არა მანამდე.

    "რეზონანსი": რა რეაგირება ექნება რუსეთს?

    ა.ს: გააჩნია კონკრეტულ ვითარებას. სანქციებთან დაკავშირებით დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკასა და რუსეთს შორის ჩიხური სიტუაცია შეიქმნა. რუსეთისთვის სანქციების მოხსნა ყირიმის გამო შეუძლებელი გახდა, რადგან სანქციების მოხსნა არ მოხდება ყირიმის დეოკუპაციამდე, რუსეთი კი ყირიმის დაბრუნებას არ აპირებს. შესაბამისად, რუსეთი შესაძლოა შეაჩეროს ან ვერ შეაჩეროს მორიგმა, უფრო მძლავრმა სანქციებმა, თუ ასეთი სანქციებისთვის დასავლეთი მზად იქნება. თუ კრემლის პოლიტტექნოლოგების და რუპორების, ასევე ე.წ. დნრ-ის და ლნრ-ის რიტორიკას გადავხედავთ, რუსეთი გაჩერებას არ აპირებს. ზახარჩენკოს თითქოსდა თვითნებური განცხადება, რომელიც მალოროსიას შექმნას ეხებოდა, უკან წაიღო, მაგრამ აგრძელებს უკრაინის დაშლაზე საუბარს. ასე რომ, უკრაინაზე როგორც მინიმუმ გაგრძელდება მძლავრი საინფორმაციო ზეწოლა. დღეს ყველა წამყვანი რუსული არხების თოქ-შოუების მთავარი თემები უკრაინაა. თუმცა, ჯერ-ჯერობით, როგორც მინიმუმ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის განახლებამდე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების წამოწყებას რუსეთის მხრიდან არ ველოდები.

    "რ": დონბასში სეპარატისტების ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ეს მოხდა, სამხედრო კონფლიქტი დაუყოვნებლივ დაიწყება - ეს გარდაუვალი იქნება?

    ა.ს: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა შეიარაღების გადაცემა. როგორც უკვე მოგახსენეთ, შესაძლოა ამერიკამ დროში გაწელოს ეს პროცესი. რუსეთი დიდი ალბათობით არ დაელოდება უკრაინის ისეთ დონემდე გაძლიერებას, რა დონეც მისთვის საფრთხის შემცველი იქნება. სანამ ასეთ საფრთხეს ვერ ხედავენ, იგივე პროცესი გაგრძელდება, რასაც ახლა ვხედავთ. ისიც საკითხავია, იქნება თუ არა ეს ტანკების ომი, რომ რუსები ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებმა შეაშინოს და შეაჩეროს. ასე რომ, მხოლოდ ასეთი იარაღის გადაცემა ვერ მოახდენს სათანადო გავლენას ძალთა თანაფარდობაზე. რუსეთი კარგად თამაშობს დროის ფაქტორით.

    "რ": სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო სწავლებების და ახლანდელი "დასავლეთი 2017-ის" სიტუაცია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მაშინ აგვისტოს ომი მოხდა, ახლა ამ ყველაფრით, ძალიან საშიში ტენდენცია იკვეთება თუ არა უკრაინასთან მიმართებითაც?

    ა.ს: ექსპერტების შეფასებებს არ ვეთანხმები, - არანაირად არ ჰგავს 2008 წელს. როგორც შეიძლება მხოლოდ სწავლებებით „დასავლეთი-2017" ვიმსჯელოთ მსგავსებებზე? ასეთი სწავლებები ყოველწლიურად ტარდება. ანალოგიურად საუბრობდნენ შარშან, შარშანწინ. ამავე დროს საერთოდ გამოეპარათ დონბასის და ყირიმის მოვლენები. მერწმუნეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მასშტაბურ სწავლებებს „დასავლეთი-2017" გარდა ძალის დემონსტრირებისა, არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ მოჰყვება. ომი ორ სახელმწიფოს შორის 3 წელი გრძელდება. დონბასში ყოველ დღე და ყოველ ღამე სროლები, მაგრამ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების ინდიკატორებს ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას მშვიდი ცხოვრება ექნება. დაპირისპირებები სხვა განზომილებებში, სხვა სფეროებში გაგრძელდება.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter