სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამირან სალუქვაძე თვლის, რომ რუსული დაჯგუფების გაზრდა ბელორუსიის სუვერენიტეტს შეზღუდავს
    ნინო ქეთელაური
    25.08.2017

    "ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე სრულიად შესაძლებელია, რომ ბელორუსიაში რუსული დაჯგუფება გაიზარდოს და აქტიური საშუალებები განლაგდეს. ეს საკმაოდ შეზღუდავს ბელორუსიის სუვერენიტეტს", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ უკრაინული სცენარის ბელორუსიაში განხორციელებასთან დაკავშირებით შიში არსებობს.

    "რეზონანსი" ანალიტიკოსს სექტემბერში დაგეგმილ რუსულ სწავლებებზე გაესაუბრა.

     ამირან სალუქვაძე: როგორც წესი, სწავლების მთავარი მიზანი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, სამხედრო ხელოვნების დახვეწა, საბრძოლო გამოცდილების დანერგვაა ჯარში.

    რუსეთი აქტიურად აანალიზებს სირიაში მიღებულ საბრძოლო გამოცდილებას, იწერება უამრავი ნაშრომი ამ თემაზე და, ჩვენგან განსხვავებით, მიღებულ გამოცდილებას ნერგავენ როგორც ჯარში, ასევე სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებში.

    რა თქმა უნდა, სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ძალის დემონსტრირებაა, რასაც ღიად არავინ აცხადებს, მაგრამ ის, თუ როგორ იქნება რუსულ მედიაში აღნიშნული სწავლებები გაშუქებული, მკაფიოდ შეგვეძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ მასში დემონსტრაციული მოქმედებების შემადგენელი კომპონენტი ჭარბად იქნება წარმოდგენილი.

    "რეზონანსი": ამ რაოდენობის რუსული ჯარის ნატო-ს საზღვრებთან განლაგება რა საფრთხეების შემცველია?

    ა.ს: მინდა გითხრათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ძალები და საშუალებები სწავლებების ჩატარების გარეშეც უკვე არის განლაგებული ნატო-ს რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან.

    რატომღაც, დასავლეთი ყირიმისა და დონბასის შემდეგ, გამოფხიზლდა და ახლა შეამჩნიეს რუსეთის მზარდი სამხედრო პოტენციალი. ზემოთ ჩამოთვლილი ძალებიდან ერთი არმიის და რამდენიმე დივიზიის გაშლა ბოლო 1-2 წლის განმავლობაში მოხდა.

    გარდა ასეთი მასშტაბური სამხედრო ძალისა, საფრთხეს რიტორიკა და საინფორმაციო პოლიტიკა წარმოადგენს.

    "რ": არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთი თავისი ჯარის ნაწილს ბელორუსიაში სამუდამოდ დატოვებს, რამდენად საფუძვლიანი ეჭვია?

    ა.ს: რუსეთს ბელორუსში გააჩნია მართვისა და დაზვერვის საშუალებები, კერძოდ, მძლავრი რადარი სარაკეტო შეტყობინების შესახებ, ასევე - კავშირგაბმულობის კვანძი.

    ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე სრულიად შესაძლებელია, რომ ბელორუსში რუსული დაჯგუფება გაიზარდოს და აქტიური საშუალებები განლაგდეს. ეს საკმაოდ შეზღუდავს ბელორუსის სუვერენიტეტს.

    შიში უკრაინული სცენარის ბელორუსში განხორციელებასთან დაკავშირებით ბელორუსში არსებობს. ამის შესახებ უამრავი პუბლიკაციაა გამოქვეყნებული.

    არა მგონია, ბელორუსის პრეზიდენტს სურვილი ჰქონდეს, რუსული ჯარი განალაგოს თავის ტერიტორიაზე. თუმცა, შესაძლოა, ეს ზეწოლის შედეგად მოუწიოს, რაც სამოკავშირეო ხელშეკრულებით შეიფუთება.

    "რ": როგორც წესი, მსგავს სწავლებებს რუსეთი გარკვეულ ქმედებებს მიაყოლებს ხოლმე, ამ მხრივ რა მოლოდინი არსებობს?

    ა.ს: ამ სწავლებების შემდეგ რუსეთის მხრიდან დასავლეთის მიმართულებით სამხედრო აგრესიის საფრთხეს არ მოველი.

    ზოგადად, ნატო-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ინდიკატორებს ამ ეტაპზე, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ. რა მოხდება ხვალ ან ზეგ, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

    დასასრული

    დღეს რუსეთი გაცილებით აგრესიულად და მკაფიოდ აცხადებს, რომ არ დაუშვებს ნატო-ს გაფართოებას. საქართველოს რომ თავი დავანებოთ, სხვა მაგალითს მოვიყვან. ყირიმში აშშ სამხედრო ფლოტის ბაზის მშენებლობას გეგმავდა - დღეს ყირიმი რუსეთის მიერ ანექსირებულია.

    ამჟამად ამერიკული სამხედრო საზღვაო ბაზა ოდესის ოლქში, ქ.ოჩაკოვოში შენდება, რასაც რუსეთი მწვავედ აღიქვამს და ბოლო პერიოდის თოქ-შოუების განხილვის საგანია. გააგრძელებს რუსეთი ოდესის მიმართულებით ქმედებებს? დიდი ალბათობით, კი.

    თუმცა, ნატო-სთან უშუალო დაპირისპირებაში რუსეთი ჯერჯერობით არ შევა. ნატო-მ უნდა მოახერხოს, აშშ-სთან არსებული ურთიერთობა შეინარჩუნოს, შეეშვას ევროკავშირის არმიისა და სხვა იდეების განხილვას და მეტი რესურსი დაუთმოს ნატო-ს იმ ფორმით გაძლიერებას, რა ფორმითაც ამჟამად არსებობს.

    არც გაფართოებას უნდა შეუშინდეს და გაფართოების პროცედურებიც ისევე უნდა გაამარტივოს, როგორც რუსეთი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. სამწუხაროდ, დღეს ნატო უფრო ბიუროკრატიული და მოუქნელია სამხედრო საკითხებში, ვიდრე რუსეთი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter