სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მსოფლიოში ყველაზე აბუჩად აგდებული კაცის დამღუპველი პრივილეგია
    რებეკა სოლნიტი
    22.08.2017

    იყო და არა იყო რა, იყო ერთი შეძლებული ოჯახი. შეეძინათ ვაჟი, რომელსაც იმდენად თავზე საყრელად ჰქონდა ყველაფერი, რომ სანატრელი აღარაფერი დარჩა, მაგრამ შეპყრობილი იყო უკიდეგანო, დაუოკებელი, ხარბი ნატვრით და ნატრობდა ერთს: ჰქონოდა მეტი და იღებდა მეტს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი და მეტი უნდოდა დაუსრულებლად.

    ეს წითური კიბორჩხალა წყვილი გაცრეცილი ბრჭყალით ოკეანის ფსკერზე ხრავდა, გლეჯდა, ძირს უთხრიდა ყველაფერს, მაგრამ მაინც ვერ იკლავდა მადას. თავად იყო კიბორჩხალა-ასთაკვი, თან ასთაკვებით მოფუთფუთე ფაცერი - ასთაკვების დამჭერი. თან ტერმიტი, თან ტირანი, განაგებდა თავის წვრილ-წვრილ იმპერიებს.

    როგორც იშვა, ხელი წაჰკრეს, თან დიდძალი ფული ანდეს, წარმატება გაუნაღდეს. ისიც ასე მოძრაობდა - ყაჩაღებში, თაღლითებში, მიიღეს და ანებივრეს, არ ბოჭავდნენ არაფერში, სანამ ასე აწყობდათ, რადგან იმათ სარბიელზე, მთავარია, როგორც ჩანს, ერთმანეთის გატანა პირადული ერთგულებით მანამ, სანამ ორგულობა იჩენს თავს. და მათ არ სწამთ არც წესის და არც კანონის და არც თავად ბიბლიის.

    ჰო-და, შვიდი ათეული წლის განმავლობაში სწორედ ასე იკმაყოფილებდა დაუცხრომელ მადას და სარგებლობდა სრული განუკითხაობით - მოტყუებით, თაღლითობით, კუთვნილ ხელფასს ჰპარავდა შრომით გათანგულ ადამიანებს, ბნელ საქმეებს ხლართავდა, მერე აღარ აგვარებდა, ნადავლს ხარბად იტაცებდა, სხვებს კი გაკოტრებულს ტოვებდა.

     მას დიადი საქმეების შემოქმედად იაზრებდნენ, მაგრამ ვაი, რომ თითქმის ყველაფერს ანადგურებდა. ყიდულობდა სახლებს, ქალებს, კომპანიებს, მერე ყველას ერთნაირად ეპყრობოდა, თითქოს თავიდან ხელს უწყობდა, მერე დეზერტირობდა, კოტრდებოდა და განქორწინდებოდა. ისე დადიოდა სასამართლო განხილვებზე, როგორც ძველი ტყის მჭრელი გადარბის ერთი ხის მორიდან მეორეზე, შეშის სახერხი ქარხნისკენ ტივტივით მცურავ მორებზე, მაგრამ როგორც კი ფინანსურ გამრიგებელთა ბნელ სამყაროში გადაინაცვლა, იქაური კანონები მორყეული დახვდა, ხოლო მათი აღსრულება კიდევ უფრო მოიკოჭლებდა, ამიტომაც არ ჩაძირულა.

    მაგრამ მის გაუმაძღრობას არ ჰქონდა საზღვარი და კიდევ უფრო მეტს ნატრობდა და სანაძლეო დადო, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი კაცი გახდებოდა. რაც მთავარია, სანაძლეო მოიგო, ჰოდა, იმას რაღას დაგიდევდათ, რა იგულისხმებოდა სანაძლეოში.

    როცა მასზე ვფიქრობ, ძველი ზღაპრის პუშკინისეული ვერსია მაგონდება მეთევზეზე და ოქროს თევზზე. მოხუცი მეთევზის ბადეში ოქროს თევზი გაებმება და ლაპარაკს იწყებს. ზღვაში დაბრუნების სანაცვლოდ მეთევზეს ნატვრის ასრულებას შესთავაზებს. მეთევზე არაფერს სთხოვს, თუმცა მოგვიანებით თავის ცოლს უამბობს, როგორ შეხვდა ჯადოსნურ თევზს თევზაობისას.

    მეთევზის ცოლი ქმარს უკან გზავნის, რომ ოქროს თევზს ახალი სარეცხი ტაშტი სთხოვოს. მეორე ჯერზე ქმარს ავალებს - ოქროს თევზმა ქოხმახის ადგილზე ნამდვილი სახლი დაგვიდგასო და მისი ეს ნატვრაც ახდება.

    ამის შემდეგ მეთევზის ცოლი მთლად გადიდგულდება, მადა გაეხსნება. ამჯერად ქმარს თევზთან იმის სათხოვნელად გზავნის, რომ დიდი სასახლის ქალბატონად აქციოს, სადაც მოსამსახურეები ეყოლება, რომლებზეც თავის ნებაზე იძალადებს, მაგრამ ვერც ამით კმაყოფილდება და ქმარს ისევ გზავნის თევზთან სათხოვნელად.

    მოხუცი ზღვის სანაპიროზე მიდის და დარცხვენილი, რაკი, ერთი მხრივ, თხოვნა ერიდება, მეორე მხრივ კი, ცოლის დანაბარების რცხვენია, მუხლმოდრეკილი გადასცემს თევზს ცოლის თხოვნას. ასე ხდება მეთევზის ცოლი დედოფალი და ქმარს ბოიარების და დიდგვაროვნების ხელით გააძევებს სასახლიდან.

    ქმარს ამ შემთხვევაში შეიძლება ცნობიერება ვუწოდოთ - მან იცის, რომ არსებობენ სხვები და საკუთარ თავს სხვებთან კავშირში აღიქვამს, ხოლო ცოლს კი - მომხვეჭელობა, დაუოკებელი მომხვეჭელობა.

    და ბოლოს, მეთევზის ცოლი ზღვაზე და თავად თევზზე გაბატონებას ინატრებს და ამ ნატვრას დაუსრულებლად უმეორებს ქმარს. და მოხუცი ისევ მიდის ზღვასთან, რომ შესჩივლოს თევზს ცოლის ეს უკანასკნელი სურვილი.

    ამ ჯერზე თევზი ხმასაც აღარ ამოიღებს, მხოლოდ კუდს მოიქნევს და როცა მეთევზე უკან შემოტრიალდება, სანაპიროზე თავის ცოლს დაინახავს, ძველი დამსხვრეული სარეცხის ტაშტზე დამხობილს, მათი ძველი, გაუბედურებული ქოხმახის წინ. ეს რუსული ზღაპარი გვაფრთხილებს, რომ გაუმაძღობა და ზედმეტის მონდომება სახიფათოა: მეტისმეტი - რეტის რეტი.

    ბიჭი, რომელიც დედამიწის ყველაზე ძლევამოსილი კაცი გახდა, ან ყოველ შემთხვევაში, დაეპატრონა უძრავ ქონებას, რომელიც მანამდე ვიღაც სხვა მამაკაცების მთელ წყებას ეკავა, მანამდე ოჯახურ ბიზნესს მართავდა და მერე არარეალური შოუს ვარსკვლავად მოგვევლინა, შოუსი, რომელიც ყალბ წარმოდგენას ეყრდნობა, თითქოს ის გაბედული საქმიანი წამოწყებების დიდებული იმპერატორი იყო და არა ტაკიმასხარა, რომელიც წარმატებით ახერხებდა, დინებას მიჰყოლოდა ნებისმიერი ხერხებით და მისი ყოველი საქმე სარკეებიანი დარბაზი იყო, საკუთარი ეგოს შეგრძნების გასამყარებლად, ეგოსი, რომელიც მისი აზროვნების სისტემის ერთადერთი დასაყრდენია და რომელსაც სულ უფრო და უფრო მაღლა სწევდა და რისთვისაც არასოდეს უღალატია.

    ცხოვრებაში ხშირად შევხვედრივარ კაცებს (ქალებს იშვიათად, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არასდროს), რომლებმაც ისეთი ძალაუფლება მოიპოვეს, რომ აღარავინ დარჩათ პირში მთქმელი, ვეღარავინ ეტყოდათ, როდის იქცეოდნენ სასტიკად, არასწორად, ბრიყვულად, აბსურდულად, გულისამრევად.

    და ბოლოს მათ სამყაროში საერთოდ აღარავინ დარჩა, რადგანაც როცა ადამიანს არ სურს გაიგოს, რას გრძნობენ სხვები, რა სჭირდება, რა აკლია სხვებს, როცა ეს არ აღელვებს, გამოდის, რომ უარს ამბობს სხვების არსებობაზე.

    აი, ასეთი სიმარტოვე სუფევს იმ მწვერვალებზე. გეგონება, ეს ჩია, ტვინშეზღუდული ტირანები ისეთ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც არ არსებობს პატიოსანი სარკეები, არ არსებობენ სხვები, არ არსებობს მიზიდულობა და საკუთარი მარცხით გამოწვეული შედეგებისგან ერთგვარი ბუფერული ზონით არიან დაცულები.

    "ეს არხეინი ხალხი იყო", წერდა ფ.სკოტ ფიცჯერალდი ერთ მდიდარ წყვილზე "დიდ გეტსბიში." ყველაფერს ანადგურებდნენ - სულიერს თუ უსულოს, მერე კი მყუდროდ შეიყუჟებოდნენ საკუთარ ფულში ან საკუთარ უკიდეგანო უგულისყურობაში თუ რაღაცაში, რაც საერთო ჰქონდათ და თავიანთი ბნელი საქმეების მოგვარებას სხვებს ანდობდნენ."

    ზოგიერთი ჩვენგანი გარემოცულია მავნე ადამიანებით, რომლებიც მუდამ გვიჩიჩინებენ, რომ არაფრად ვღირვართ მაშინ, როცა განუზომლად ძვირფასები ვართ; რომ სულელები ვართ მაშინ, როცა საოცრად საზრიანები ვართ; და რომ არაფერი გამოგვდის მაშინაც კი, როცა წარმატებას ვაღწევთ.

    მაგრამ საპირისპირო მათი, ვინც ასე გვაცლის ძალას, ისინი კი არ არიან, ვისაც ცაში ავყავართ ან გვეპირფერებიან, არამედ ღირსეული ადამიანები, დიდსულოვანები, ჩვენგან პასუხისმგებლობას რომ მოითხოვენ, ნამდვილი სარკეები, რომლებიც უტყუარად აირეკლავენ იმას, თუ ვინ ხარ და რას აკეთებ.

    სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ ის იყო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "მსოფლიოში ყველაზე აბუჩად აგდებული კაცი." ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, ჩვენ ერთმანეთისთვის სიკეთე მოგვაქვს იმით, რომ ვეხმიანებით ერთმანეთს, დაუფარავად გამოვხატავთ შეუწყნარებლობას უნამუსობის, სულმდაბლობის, მუხანათობის მიმართ; ვითხოვთ, რომ ადამიანებმა, ვისთანაც ვურთიერთობთ, მოგვისმინონ, პატივი გვცენ, გამოგვეხმაურონ - თუ ვიმსახურებთ ამას, თუ თავისუფლები ვართ თავად, თუ გვაფასებენ და ანგარიშს გვიწევენ.

    არსებობს საზოგადოებრივი აზრის გაცვლის დემოკრატია, სადაც შეგვახსენებენ, რომ როგორც ჩვენ გვაქვს სურვილები, შიში და გრძნობები, ასე არიან სხვებიც; ხშირად ვიმეორებ ხოლმე საპროტესტო მოძრაობის მონაწილე მოხუცი ქალის სიტყვებს - "ჩვენ ვიბრძვით ისეთი საზოგადოების შესაქმნელად, სადაც ყველა მნიშვნელოვანია."

    სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს გონებისმიერი და გულისმიერი დემოკრატია, ისევე როგორც მისი ეკონომიკა და მმართველობის სისტემა. წელს ჰანა არენდტი გასაკვირად საჭირბოროტო გახდა და მისი წიგნებიც კარგად იყიდება, განსაკუთრებით "ტოტალიტარიანიზმის სათავეები".

    მასზე სრულიად გამორჩეული ესე გამოქვეყნდა ("ლოს ენჯელესის წიგნების მიმოხილვაში"), ხოლო რადიო შოუში ("ჩვენს ყოფაზე") საინტერესო საუბარი გაიმართა ლინდსი სტოუნბრიჯსა და კრისტა ტიპეტს შორის.

    სტოუნბრიჯი აღნიშნავს, რომ არენდტი ხაზს უსვამს საკუთარ თავთან შინაგანი დიალოგის მნიშვნელობას კრიტიკული გაორებისთვის, როცა ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი კრიტიკულად დაკითხოს - და მაშინ მეთევზესა და მის ცოლს შორის ნამდვილ საუბარზე შევძლებდით გვეთქვა: "ადამიანები, რომელთაც ამის გაკეთება შეუძლიათ, მერე მართლა შეძლებენ სხვა ადამიანებთან დიალოგის წარმართვას და შემდეგ სხვა ადამიანებთან მსჯელობასაც.

    დასასრული

    და ის, რასაც ავტორმა "ბოროტების ბანალურობა" უწოდა, იყო სხვისი ხმის გაგონების უუნარობა, უუნარობა საკუთარ თავთან დიალოგის წარმართვისა, ან თუნდაც წარმოსახვა იმისა, რომ შეიძლება საუბარი გააბა და ემსჯელო მთელ სამყაროს, ზნეობრივ სამყაროს."

    ზოგიერთი ადამიანი ძალაუფლებას სწორედ ამის ჩასახშობად იყენებს და ცხოვრებას განაგრძობს საკუთარი ეგოსა და პიროვნული მნიშვნელობის სულ უფრო გადაგვარებული, გზასაცდენილი აზროვნებით შექმნილ ვაკუუმში.

    ეს უდაბურ კუძულზე დარჩენილი კაცის შეშლილობას ჰგავს, სადაც მხოლოდ მლიქვნელებითაა გარშემორტყმული, რომლებიც ემსახურებიან და სასმელსა და საჭმელს არ აკლებენ. ეს იმას ჰგავს, კაცს ისეთი კომპასი ჰქონდეს, რომელიც ჩრდილოეთს იქით მიუთითებს, საითაც მის მფლობელს აწყობს.

    ესაა ოჯახის ტირანი, პატარა ბიზნესის ტირანი, უშველებელი წარმოების ტირანი ან ერის ტირანი. ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება ხშირად რეალობის აღქმას უკარგავს მას, ვინც ძალაუფლებას ფლობს. ან გადააგვარებს: ნარცისიზმით, სოციოპათიითა და ეგომანიით შეპყრობილი ადამიანებისთვის არ არსებობენ სხვები.

    საკუთარ თავსა და სხვებს ჩვენ წარუმატებლობასთან და სირთულეებთან შეჯახებისას შევიცნობთ; ვეჩვევით სამყაროს, რომელიც ყოველთვის ჩვენი საკუთარი თავის გარშემო არ ტრიალებს; და ვისაც ამასთან გამკლავება არასოდეს უცდია, ფიცხია, უნიათოა, სუსტია, განსხვავებულ აზრს ვერ გუობს, დარწმუნებულია, რომ აუცილებლად და ყოველთვის თავისი უნდა გაიტანოს.

    მდიდარი ბავშვები, ვისაც კოლეჯში შევხვედრივარ, ისე ეხლებოდნენ აქეთ-იქით, თითქოს სურდათ, კედლები ჰქონოდათ ირგვლივ; ისე დახტოდნენ, თითქოს უნდოდათ, დედამიწის მიზიდულობა შეეგრძნოთ და ისე დავარდნილიყვნენ ძირს, ან თუნდაც ფსკერზე, მაგრამ მშობლები და პრივილეგია მუდამ უსაფრთხოების ბადეებს სტყორცნიდა და ბუფერებს უქმნიდა, კედლებს რბილი ბალიშებით უპირკეთებდნენ და დაცვენილ ნატეხებს კრებდნენ ძირიდან ისე, რომ მათი შვილების ყოველ ქმედებას აზრი ეკარგებოდა და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არაფრის მომტანი იყო.

    ისე დატივტივებდნენ, როგორც ასტრონავტები კოსმოსში. თანასწორუფლებიანობა ღირსებას გვინარჩუნებს. ჩვენი ახლობლები გვეუბნებიან, ვინა ვართ და როგორ ვიქცევით და ამით პირად ცხოვრებაში ისეთსავე სამსახურს გვიწევენ, როგორსაც თავისუფალი პრესა უწევს ცოცხალ, მოქმედ საზოგადოებას.

    უთანასწორობა შობს მატყუარებს და ყალბ წარმოდგენებს. უმწეონი იძულებულები არიან, იპირფერონ - სწორედ ამის გამო მოიხვეჭეს მონებმა, მსახურებმა და ქალებმა მატყუარების რეპუტაცია. და ძლევამოსილნი სულ უფრო სულელდებიან იმ ტყუილებით, რომელთაც თავად მოითხოვენ ქვეშევრდომებისგან და იმით, რომ სულაც არ ადარდებთ სხვების ბედი, ვინც არარსებულია მათთვის, ვინც სათვალავშიც არაა, ვინც გააჩუმეს ან გაწვრთნეს პირფერობაში. აი, რატომაა, რომ მე ყოველთვის ვაწყვილებ პრივილეგიას უგულისყურობასთან.

    უგულისყურობა განდგომის პრივილეგიის სახეობაა. როცა სხვების არ გესმის, როცა მათზე არც ფიქრობ, ისინი არარსებულები ხდებიან და ადამიანი რჩება უკაცრიელ სამყაროში მხოლოდ საკუთარი თავის ამარა. და უეჭველია, აღეძვრება საშინელი შიმშილის გრძნობა, ოღონდ არც კი იცის, რის მიმართ, თუკი აღარ შეუძლია იმაზე ფიქრი, რომ სხვებიც არსებობენ, ოღონდ ისე, რომ გულწრფელად აღელვებდეს მათი არსებობა.

    ეს ისეთი რამის არქონაა, რომელზე ლაპარაკიც ჭირს, რადგან სრულიად უჩვეულო საუბრის თემაა. ადამიანი, რომელმაც ინატრა, ამქვეყნად ყველაზე ძლევამოსილი კაცი გამხდარიყო, ბედნიერი შემთხვევითობის, ჩარევებისა და მთელი რიგი ბედის უკუღმართობის წყალობით ნატვრის ახდენას ეღირსა.

    ეჭვი არაა, მან ალბათ ისიც წარმოიდგინა, რომ მეტი ძალაუფლება მეტ პირფერობას, უფრო დიდებულ იმიჯს, მისი ბრწყინვალების უკეთ ამრეკლავ დიდ სარკეებიან დარბაზს გულისხმობდა.

    მაგრამ ძალაუფლება და სახელოვნება არასწორად გაიგო. მან დააშინა მეგობრები და ნაცნობები, ცოლები და მსახურები და უკუაგდო ფაქტები და ჭეშმარიტება; დაიჟინა, რომ თავად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ისინი, თავად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისინი ან მისი თანამდებობა და რომ თანამდებობაც მისი ნების აღმსრულებელი უნდა იყოს.

    თუმცა ასე არ მოხდა, მაგრამ იმ ადამიანებმა, ვინც მან დააშინა, თავი მოიკატუნეს, თითქოს მართლა ასე მოხდა. ან იქნებ ეს მარტო იმისი ბრალია, რომ ეს კაცი ქორვაჭარია, რომელიც ხან რას წამოაყრანტალებს და ხანაც - რას და იმწამსვე ავიწყდება საკუთარი წამონაროში. დამშეულ სულს ყოველთვის რაღაც ახალი უნდა და არა ის, რაც ბოლოს იგემა.

    და აი ასე, მან წარმოიდგინა, რომ ძალაუფლება ებოძა და დიდება მოიხვეჭა, მეფე მიდასივით, რომლის ერთი ხელის შეხებაც საკმარისი იყო ყველაფრის ოქროდ გადასაქცევად.

    მაგრამ პრეზიდენტის ძალაუფლება ისეთივეა, როგორიც ოდითგანვე იყო: ესაა თანამშრომლობითი ურთიერთობის სისტემა, ძალაუფლება, რომელიც ეყრდნობა ხალხის მზაობას, განახორციელოს პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანებები და რომელიც მომდინარეობს კონკრეტული პრეზიდენტის მზაობიდან, პატივი სცეს სამართლის უზენაესობის პრინციპს, ჭეშმარიტებას და ხალხს.

    კაცს, რომლის გაცემულ ბრძანებებს შესრულება არ უწერია, ბინძური საცვლებივით გამოუფენენ საკუთარ უძლურებას. ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტის ერთ-ერთმა რჩეულმა ლაქიამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის ძალაუფლებაში ვერავინ ეჭვს ვერ შეიტანს.

    არსებობენ ტირანები, რომლებიც ასეთ განცხადებებს ავრცელებენ და ქვეშევრდომებს შიშის ზარს სცემენ, რადგან უკვე საკმარისი შიში დაამკვიდრეს.

    ჭეშმარიტი ტირანი თანამშრომლობით ძალაუფლებას კი არ ეყრდნობა, არამედ ბრძანების ნამდვილ ძალაუფლებას, რომელსაც ხორცს ასხამენ ავაზაკები, მკვლელები, შტაზი, ეს-ესი ან სიკვდილის ესკადრონები.

    ნამდვილი ტირანი იმორჩილებს მმართველობის სისტემას და აიძულებს, უერთგულოს მას და არა სამართლიანი სასამართლოს სისტემას ანდა ქვეყნის იდეალებს.

    ამ სავარაუდო ტირანმა ვერ შეიგნო, რომ ის მოხვდა სისტემაში, სადაც მთავრობის ბევრი წევრი, და ალბათ უმეტესობა საკანონმდებლო ორგანოში, მისი პარტიის წევრებს გარდა, კანონის უზენაესობის და პრინციპების ერთგული იყო და არა მისი.

    მისი ერთგული ლაქია აცხადებს, რომ პრეზიდენტი დაკითხვას არ ექვემდებარება, ჩვენ კი ვიცინით. მან კარისკაცებივით მიიწვია გამოძიების ფედერალური ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელები და ეროვნული უშიშროების დირექტორი, რათა მითითებები მიეცა მათთვის - მიეჩქმალათ სამხილები, შეეწყვიტათ გამოძიებები და აღმოაჩინა, რომ მათი ერთგულება სულაც არ ნიშნავს მის მიმართ ერთგულებას.

    მისდა საუბედუროდ, აღმოაჩინა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ერთგვარ დემოკრატიას წარმოვადგენთ და რომ შეუძლებელია თავისუფალი პრესის ასე მარტივად გაჩუმება, თავად საზოგადოებაც უარს აცხადებს დაშინებაზე და მასხრად იგდებს მას სრული სერიოზულობით, ყოველ ჯერზე.

    ნამდვილი ტირანი ზღვის გადაღმა, პუშკინის სამშობლოში ზის. ის არჩევნებს აყალბებს თავის ქვეყანაში, მტრებს და მეტოქეებს ტყვიით სპობს, წამლავს, ისე, რომ მათი სიკვდილი იდუმალებით მოცულ უბედურ შემთხვევას დაემსგავსოს - მან დაამკვიდრა შიში, წარმატებით და სტრატეგიულად დააფრთხო სიმართლე.

    თუმცა მასაც შეეშალა და გადააჭარბა, როცა უხეშად ჩაერია ამერიკულ არჩევნებში, და იმან, რაც ეგონა, უხილავი დარჩებოდა, მთელი მსოფლიო აიძულა, გაფაციცებით დააკვირდნენ და გამოიკვლიონ მისი ქმედებები და წარსული და გავლენა, სრული სერიოზულობით, და რისხვითაც კი.

    რუსეთმა, როგორც ჩანს, გაანადგურა ის, რასაც რეპუტაცია და ნდობა ჰქვია; როგორც ჩანს, მთელი სამყაროს წინაშე გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე აშშ-ის და შემდგომ ევროპულ არჩევნებში უხეში ჩარევით.

    ხოლო ამერიკელი ტაკიმასხარას ბრძანებებს არ დაემორჩილნენ, მისმა საიდუმლოებებმა იმ დონეზე გაჟონა, რომ მისი კაბინეტი ვერსალის შადრევნებს დაემსგავსა, ან იქნებ საცერს (ამ გაზაფხულს "უოშინგტონ პოსტში" სრულიად გამაოგნებელი ინფორმაცია გამოქვეყნდა ოცდაათ ანონიმურ წყაროზე დაყრნობით), მის სამუშაო გეგმას ძირი უმცირესობაში მყოფმა პარტიამაც კი გამოუთხარა, რომელსაც, წესით, ძალაუფლების თვალსაზრისით ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო, მოსამართლეებმა პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებების აღსრულება შეაჩერეს და სკანდალებმა ჩირქოვანი გროვებივით და იარებივით იფეთქეს.

    ნაცვლად იმისა, რომ დარჩენილიყო დიქტატორად პატარა დემიმონდების კოსტიუმირებული სანახაობების, სამორინეების და ფეშენებელური საცხოვრებელი კორპუსების, ყალბი განათლების გამცემი ყალბი უნივერსიტეტების, ყალბი "რეალითი" ტელევიზიისა, სადაც ოსტატურად განაგებდა სხვების ყალბ ბედს, მან ყველა ფასეულობის და აზროვნების გამგებლობა განიზრახა და ბედმა ტაკიმასხარად აქცია.

    როგორც დღეს ამ ნაწერიდან ჩანს, ის მსოფლიოში ყველაზე აბუჩად აგდებული კაცია. ქალების დემონსტრაციის შემდეგ, 21 იანვარს, ხალხი ხუმრობს, რომ კაცობრიობის ისტორიაში არც ერთი კაცი არ უარუყვია ასეთი რაოდენობის ქალებს ერთ დღეში; ის მასხარად აიგდეს გაზეთებმა, ტელევიზიებმა, კარიკატურებმა, მილიონობით ანეკდოტის სამიზნე გახდა და მის ყოველ "ტვიტს" უმალ უთვალავი თავდასხმით და შეურაცხყოფით პასუხობენ რიგითი მოქალაქეები, გახარებულები, რომ შეუძლიათ, მწვავე სიმართლე უთხრან გაბღენძილ მბრძანებელს.

    ის იმ ბებერი მეთევზის ცოლია, რომელმაც ამქვეყნად ყველაფრის ფლობა ინატრა, და თავადაც ადრე თუ გვიან ხელცარიელი გავა თამაშიდან.

    მეთევზის ცოლი ძველი გაუბედურებული ქოხმახის წინ გაცილებით გაღარიბებული ზის მას მერე, რაც ამდენი ითხოვა, რადგან ის ამის მერე არა მარტო საკუთარი სიღატაკის ამარა, არამედ საკუთარი შეცდომებისა და გამანადგურებელი ამპარტავნების პირისპირ აღმოჩნდა, რადგან სულ სხვაგვარად შეეძლო ცხოვრების წარმართვა, მაგრამ თავზე დაიმხო ძალაუფლება და დიდება; ასე რომ, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.

    კაცი თეთრ სახლში ზის, შიშველი და ურცხვი, ეგოს ჩირქგროვა, თვალისმომჭრელ სინათლეში, კაცი, რომლის მომხვეჭელობა მის გონებრივ შესაძლებლობებზე ძლიერია, რადგან აზროვნება ახირებული სურვილების თავის ნებაზე მიშვებამ დაუჩლუნგა.

    მან ალბათ იცის, სადღაც, იმ ნიადაგის ქვეშ, რომელზეც ლაღად დასრიალებს, უკვე გაანადგურა საკუთარი იმიჯი და როგორც ოდესღაც დორიან გრეის დაემართა, მასაც შეჭამს საკუთარი ჟანგი თავის დროზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მას ბოლოს მოუღებს, მაგრამ შეიძლება მილიონები ჩაიყოლოს თან.

    ასეა თუ ისე, მან იცის, რომ უფსკრულის ზღურბლს გადააბიჯა, თავი ჰაერის მეფედ გამოაცხადა და ამჟამად თავისუფალ ვარდნას განიცდის. ახლა ერთი ნეხვის გროვა ელოდება მის დაშვებას; ნეხვი მთლიანად მისია; როცა მასში ჩავარდება, ბოლოს და ბოლოს, მასზე იტყვიან, აი, კაცი, რომელმაც თვითონ შექმნა საკუთარი თავიო.

     

    30 მაისი, 2017 

    http://lithub.com

    ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (23.08.2017)
    რა არის ეხლა ეს, ვითომ ახალია რამე, მე მაინც მგონია რომ ლავრენტი არდაზიანი დიდი მწერალია და მისი პერსონაჟები მუდმივად იქნებიან, როგორც ქართულ, ისე მსოფლიო საზოგადოებრივ არენაზე...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter