სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები აღმოსავლეთ ევროპის ნაცვლად კავკასიის სიახლოვეს განლაგდება
    ბექა ქურხული
    19.09.2009

    გერმანულ გამოცემა "დოიჩე ველე"-ს სიტყვა-სიტყვით მოჰყავს გერმანიის კანცლერის სიტყვები: "აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას განვიხლავ, როგორც იმედის მომცემ სიგნალს, რომელიც მიმართულია რუსეთთან არსებული წინააღდეგობების დასაძლევად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ირანიდან მომავალი საფრთხისადმი ერთიანი წინააღმდეგობის სტრატეგიის შექმნას", - განაცხადა მერკელმა.
    გერმანიის კანცლერი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მოახერხებს ირანთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას, აუცილებლობის შემთხვევაში კი - ერთიანი სანქციების მიღებასაც.
    აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადების შემდეგ, რომ აშშ აღარ აპირებს პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას, მალევე გახმიანდა აშშ-ის ადმინისტრაციის ახალი გადაწყვეტილება, რომ რაკეტსაწინააღდეგო სისტემები, სავარაუდოდ, "კავკასიის სიახლოვეს" განთავსდება.
    იგივე "დოიჩე ველე" აქვეყნებს ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებასაც. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე მიესალმა აშშ-ს გადაწყვეტილებას, უარი თქვას აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებაზე. "აღნიშნული ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც პოზიტიური ნაბიჯი", - აცახდებს ნატოს გენერალური მდივანი. იქვე კვლავ არის აღნიშნული, რომ შეერთებული შტატები რაკეტსაწინააღდეგო სისტემებს კავკასიაში განალაგებს.
    აშშ-ს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც მიესალმა. მან ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა: "მოხარული ვარ, რომ ამერიკა ასეთი პასუხისმგებლობით ეკიდება ჩვენთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებას". მედვედევმა ისიც აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის, ამ თემაზე დიალოგი განაგრძოს.
    "აშშ-სა და რუსეთის ერთობლივი საქმიანობისათვის კარგი პირობები ყალიბდება. მე განვიხილე ეს თემა აშშ-ს პრეზიდენტთან ობამასთან საუბრისას ლონდონსა და მოსკოვში. ჩვენ შევთანხმდით და დავაფიქსირეთ ერთობლივი განცხადებები", - აცხადებს დიმიტრი მედვედევი და აღნიშნავს, რომ "ორ ქვეყანას შორის ერთობლივი საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი".
    რუსეთის პრეზიდენტმა იმედიც გამოთქვა, რომ 23 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტთან დანიშნულ შეხვედრაზე მხარეები ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ, სტარტეგიული სტაბილურობის, მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესახებაც.
    საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზმა აშშ-ს გადაწყვეტილებას, უარი თქვას ჩეხეთსა და პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებაზე, "აღმატებული" უწოდა. "იმედი მაქვს, რუსეთი ღირსეულად შეაფასებს აშშ-ს პირველი პირის ბარაქ ობამას აღნიშნულ ნაბიჯს", - განაცხადა სარკოზიმ.
    "ეს აღმატებული გადაწყვეტილებაა ყველანაირი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, რომ ჩვენი რუსი მეგობრები სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებენ", - იმედოვნებს სარკოზი.
    აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გამოწვეულ საერთო ევროპულ აღფრთოვანებას კვერს უკრავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნიც.
    "ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ობამას გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ნაბიჯი ასახავს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ნდობის განმტკიცების პროცესს", - განაცხადა ბრაუნმა.
    საინტერესოა თავად იმ ქვეყნების პოზიციაც, რომლებშიც აშშ-ს უარი თქვა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებაზე. "ჩეხეთს არ აქვს არანაირი მიზეზი, რომ აშშ-სთან ურთიერთობა შეცვალოს", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იან ფიშერმა. "ვიმედოვნებ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთერთობა კვლავ საუკეთესო იქნება. ჩვენ მოკავშირეები და სოლიდური პარტნიორები ვართ".
    ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა კი აღნიშნა, რომ "აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი მათთვის, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს ბოლო თვეების მოვლენებს".
    "დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს ეს ნაბიჯი არ ნიშნავს ურთერთობის გაცივებას ჩეხეთთან", - აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი.
    პოლონეთის პრეზიდენტმა დონალდ ტუსაკმა კი ობამას გადაწყვეტილებას "ამ ქვეყნისა და მისი პრეზიდენტის პრეროგატივა" უწოდა.
    მოსკოვისა და დასავლეთ ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელების კმაყოფილებას აშშ-ს გადაწყვეტილების გამო არ იზიარებს ნატოში რუსეთის წარმომადგენელი დიმიტრი რაგოზინი. რუსეთის ხელისუფლებას რაგოზინი მეტი სიფხიზლისაკენ მოუწოდებს და თვლის, რომ კრემლი არ უნდა ჩავარდეს ეიფორიაში ბარაქ ობამას განცხადების გამო.
    "არ ვისურვებდი, რომ ერთგვარ ბავშვურ ეიფორიაში ჩავვარდეთ. გემები, რომლებზეც იქნება სტრატეგიული რაკეტები განთავსებული, სხვადასხვა ადგილას განლაგდებიან და საბოლოო ჯამში რუსეთსა და აშშ-ს შორის გარკეული დაპირისპირების შემთხვევაში შესაძლოა ჩევენამდეც მოაღწიონ", - აცხადებს რაგოზინი და დასძენს, რომ ამერიკელებმა სტრატეგიული ადგილების თვალსაზრისით გაცილებით ხელსაყრელი მდებარეობა აირჩიეს, ვიდრე მათ ადრე ჰქონდათ.
    აშშ-ს გადაწყვეტილების შესახებ, უარი თქვას აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაზე, "რეზონანსმა" კომენტარი სთხოვა პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს.
    სოსო ცისკარიშვილი: "თავად ის ფაქტი, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელები და თავად კრემლიც, საერთო აღფრთოვანებით შეხვდნენ ბარაქ ობამას ამ გადაწყვეტილებას, მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ევროპაც და რუსეთიც კარგა ხანია, ელოდნენ ამერიკის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმას. აშშ-ს ადმინისტრაციას ახასიათებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, სადაც ეს შესაძლებელია და, თუ ასეთი საქციელი ხელს შეუწყობს დაძაბულობის მოხსნას. თუმცა იგივე დიმიტრი რაგოზინი, რომელიც მოსკოვის წარმომადგენელია ნატოში, არ იზიარებს რუსეთისა და ევროპის ქვეყნების სიხარულს, ობამას გადაწყვეტილების გამო, და თვლის, რომ ამ ნაბიჯით რუსეთისათვის საფრთხე არ შემცირებულა.
    რაც შეეხება რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების კავკასიაში განლაგებას, საქმე ისაა, რომ აშშ-ს და მის ინტერესებს სადღეისოდ ირანი გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე რუსეთი - აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც საუბარია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების კავკასიაში განლაგებაზე, ბუნებრივია, ჩვენ აქ ჩრდილოკავკასიას ვერ ვიგულისხმებთ. სავარაუდოდ, საუბარია ამიერკავკასიაზე, უფრო კი - თურქეთზე. საგულისხმოა, რომ ამ დღეებში აშშ-ს სენატში შევიდა კანონპროექტი, სადაც განხილულია თურქეთისათვის მრავალი მილიარდი დოლარის იარაღის მიწოდების საკითხი. საუბარია არა მხოლოდ "მიწა-ჰაერის" სისტემის, არამედ უფრო მძლავრ ჰაერ და რაკეტსაწინააღდეგო სისტემებზე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კავკასიის სიახლოვეს განლაგებაზე საუბრისას თურქეთი იგულისხმება. შესაძლებელია, განიხილებოდეს აზერბაიჯანის ვარიანტიც. საქართველოზე კი რა გითხრათ? ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული სიმცირისა და სხვადასხვა შიდა პრობლემების გამო მსგავსი გადაწყვეტილების ვარიანტი მინიმალურია".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter