სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    19.06.2017

     ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის შემოღებული სანქციები ამერიკისა და მოსკოვის ურთიერთობაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის კონგრესის მიერ მომზადებული ახალი სანქციები კოლაფსს არ გამოიწვევს და რუსეთს ჩიხში არ შეიყვანს.

    როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, პუტინისთვის სანქციები მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ფაქტთან დაკავშირებით კონგრესში თავიდანვე გაისმა მსგავსი განცხადებები.

    შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორებმა 14 ივნისს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას 98-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 2 იყო. დოკუმენტი ამჯერად მხარდასაჭერად წარმომადგენელთა პალატას წარედგინება.

    აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიზეზად ადამიანის უფლებების დარღვევა, უკრაინაში აგრესია, სირიის რეჟიმის შეიარაღება და ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კიბერთავდასხმა სახელდება.

    როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები მოსკოვს ჩიხში არ შეიყვანს.

    "მნიშვნელოვანია, რომ რაც უნდა მოხდეს, აღარაფერი ვთქვათ... როგორი გადაწყვეტილებაც უნდა იყოს მიღებული, ეს ჩიხში არ ჩაგვაყენებს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და აქვე დასძინა, რომ ახალი სანქციები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაზე აისახება.

    "ეს, რა თქმა უნდა, აშშ-რუსეთის ურთიერთობას გაართულებს", - აღნიშნა პუტინმა.

    ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი საქციების შესაძლო დაწესების საკითხი გააკრიტიკა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, ანგელა მერკელი სენატის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს "უცნაურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ევროპის ეკონომიკას არ უნდა შეეხოს.

    "ეს არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვეწინააღმდეგებით სანქციების ექსტრატერიტორიულ ეფექტს, რომელიც მესამე ქვეყნებზე ახდენს გავლენას", - განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

    აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის, როგორი იქნება რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე თეთრი სახლის პოზიცია და ხომ არ დაადებს ამ ინიციატივას პრეზიდენტი ტრამპი ვეტოს.

    ამერიკის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთვის. მისი თქმით, ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ დაანონსდა, როცა გამოვლინდა, რომ რუსეთი, შესაძლოა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ყოფილიყო ჩარეული.

    "კონგრესში საუბარი იყო, რომ თუ გამოძიება დაადგენდა, რომ რამე კავშირი იყო ტრამპის გამარჯვებასა და რუსეთს შორის, იგი სანქციებს მიიღებდა. მოვლენებმა დაგვანახა, რომ კონგრესის ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის არჩევნებში და, ბუნებრივია, შეერთებული შტატების ხელისუფლება ამას უყურადღებოდ არ დატოვებდა.

    "რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, მგონი, ეს არც მათთვის იყო სიახლე. ისინი ელოდნენ, რომ ამერიკის საარჩევნო პერიოდში ამ ამბის გახმაურებას გარკვეული შედეგები ექნებოდა. თუმცა იმედოვნებდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეძლებდნენ ურთიერთობის მოგვარებას და მის სხვა რელსებზე გადაყვანას.

    "მაგრამ, როგორც ჩანს, ტრამპის გარემოცვაშიც ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და რუსეთის ოპტიმიზმი არ გამართლდა. აქედან გამომდინარე, რუსეთი ალბათ მზად იყო ასეთი სცენარისთვის," - აცხადებს პოლიტოლოგი და აქვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, როგორ გაგრძელდება ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა.

    "ბევრი რამ ალბათ ნათელი მას შემდეგ გახდება, რაც გამოძიება, რომელიც ტრამპის გარემოცვის მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, დასრულდება. ერთდროულად ძალიან ბევრი სახის გამოძიებაა დაწყებული და მათი დასრულების შემდეგ უფრო ნათელი გახდება ყველფერი.

    "ახლა, ფაქტია, რომ, რეალურად, ტრამპს არაფრის თავი არ აქვს, რადგან ბრალდებების მოხსნასა და უარყოფაზეა გადასული - მას რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა რუსეთთან, ამის დარწმუნებას ცდილობს ტრამპი. აქედან გამომდინარე, რთულია პროგნოზი", - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter