ანტიკორუფციული დემონსტრაცია - რუსეთში ახალი მოძრაობა დაიწყო
ნინო ქეთელაური
28.03.2017

 რუსეთში საკმაოდ უჩვეულო პროცესები იწყება - ასე აფასებენ პოლიტოლოგები რუსეთის 100-მდე ქალაქში გამართულ ანტიკორუფციულ აქციებს, რა დროსაც მოსკოვში 1033 ადამიანი დააკავეს და მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციის მიზეზი რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგი გახდა, რომელმაც რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით დაგროვილი ქონების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. აქციაზე თავად ნავალნიც დააკავეს, რომელიც მოგვიანებით "ტვერსკოის" სასამართლომ არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. თუმცა, როგორ რუსი ოპოზიციონერი აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აქციის ჩატარების უფლება ჰქონდათ.

"ჩვენ მივმართეთ მოსკოვის მთავრობას აქციის შესათანხმებლად. კანონის შესაბამისად, ჩვენთვის სამი დღის განმავლობაში პასუხი უნდა გაეცათ, ან შემოეთავაზებინათ ალტერნატიული ადგილი, მაგრამ ეს არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ გვქონდა უფლება, აქცია იმ ადგილას ჩაგვეტარებინა, რომელიც თავდაპირველად მოვითხოვეთ", - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ. რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, აშშ, ისევე, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური, რუსეთის მთავრობას მათი დაუყოვნებლივ გაათავისუფლებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, აქციის მონაწილეების დაკავება და აქციის ჩატარების აკრძალვა სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი მიტინგების ჩატარების უფლების დარღვევაა. "

" პოლიციის მიერ რუსეთში ჩატარებული ოპერაციები, კერძოდ, აქციის დარბევის მცდელობა და ასობით მოქალაქის დაკავება, მათ შორის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დარღვევაა.

" პოლიციის მიერ რუსეთში ჩატარებული ოპერაციები, კერძოდ, აქციის დარბევის მცდელობა და ასობით მოქალაქის დაკავება, მათ შორის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დარღვევაა.

"რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები დაიცვას, მათ შორის ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების განხორციელება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები", - ნათქვამია ევროკავშირის მიმართვაში, რის საპასუხოდაც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს მათ მოწოდებებზე რეაგირებას.

"ჩვენ არ დავეთანხმებით ამ მოწოდებას, არ გავითვალისწინებთ მას. ევროპის საბჭოს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები არ ნიშნავს საკუთარი კანონმდებლობის უგულებელყოფას", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, რუსეთში დაწყებული პროცესები საკმაოდ უჩვეულოა, მაგრამ რა გაგრძელება მოჰყვება, რთული სათქმელია, რადგან მოსკოვის პოლიტიკა არასდროს არის პროგნოზირებადი.

"რუსეთში აშკარად იგრძნობა ეიფორია. სოციალური ქსელებით, ასევე, რუსეთის ობიექტური მედია, ყველა იუწყება, რომ ასე იწყება რევოლუცია, ნავალნი უკვე ლიდერი გახდა და ა.შ - რაც ერთი მხრივ, მართალიც არის. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც საქმე პუტინს ეხება, იმასაც წერენ, რომ ის იძულებით დათმობაზე არასდროს მიდის", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ რუსეთი კორუფციის მაჩვენებლით ლიდერია და ეს ყველამ იცის, მაგრამ მსგავსი მასშტაბური დემონტრაციებით საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყო.

"რუსეთში ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო. ერთი მხრივ, გასაკვირიც კი. რუსეთში კორუფციის ინდექსი რომ საკმაოდ მაღალია, ეს მგონი, ყველამ იცოდა.

"საერთაშორისო კორუფციის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კორუფციის ექსპორტიორიც კი არის. მისი გავლენით კორუფცია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა იგივე ცენტრალური აზრიის ქვეყნებში თუ უკრაინაში. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად ეს მოვლენა ცოტა ამოვარდნილია კალაპოტიდან", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

როგორ პოლიტოლოგი აღნიშნავს, რუსეთის საზოგადოებაში ნელ-ნელა მწიფდება აზრი, რომ სახელმწიფოსთვის და ბიზნეს სექტორისთვის კორუფციის ჩამოშორება აუცილებელია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ის არის დასავლური სანქიების გავლენის ქვეშ.

"როგორც ჩანს, თუ აქამდე ეს ხელისუფლების საქმედ ითვლებოდა და ამას კოსმეტიკურად აკეთებდა, ამისთვის რამდენიმე მინისტრიც დასაჯეს და გადააყენეს, მაგრამ არ არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ სისტემურად შებრძოლებოდნენ, ახლა უკვე საზოგადოებაშიც ყალიბდება აზრი, რომ საჭიროა ამ კორუფციული სისტემის ჩამოშლა, რადგან ეს ზიანს აყენებს როგორც ქვეყნის ინსტიტუტებს, ისე თვითონ მოსახლეობას და ქვეყნის იმიჯს.

"და აქ შეიძლება მეორე ვარიანტიც დავუშვათ. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს რუსეთში პოლიტიკაში სტაგნაციაა, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ამ სტაგნაციის დროს ახალ მოძრაობას ჩაუყარონ საფუძველი და მოსინჯონ, საზოგადოება რამდენად მზად არის ცვლილებებისთვის.

"იმიტომ, რომ ისეთი ავტორიტარული მმართველობის დროს, როგორიც რუსეთშია, არავითარი შანსი არ აქვს ოპოზიციას, რომ ხელისუფლება შეცვალოს, თუნდაც ადგილობრივი მმართველობის დონეზე. ამიტომაც ცდილობენ, გაიგონ, არის თუ არა საზოგადოებაში დაკვეთა, რა მოჰყვება ამ პროცესებს, რომ მერე უკვე სხვა ღონისძიებებზე იფიქრონ", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

მისივე შეფასებით, აქციების მასშტაბები საკმაოდ დამაფიქრებელია, რაც რუსეთის ხელისუფოლების ქმედებებსაც შეეტყო.

"ეს მასშტაბები ძალიან დამაფიქრებელი იყო, რადგან რაც ბოლო წლებში აქციები ყოფილა, ძირითადად მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში იყო, ახლა ეს სიტუაცია შეიცვალა, რამაც ხელისუფლებაც შეაფიქრიანა და მათი რეაქცია სწორედ ამიტომაც იყო ასეთი მკვეთრი", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

რაც შეხება მოვლენების განვითარებას, პოლიტოლოგის შეფასებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა რეაქცია მოჰყვება საზოგადოების მხრიდან.

"ეს დამოკიდებულია იმაზე, რუსეთის საზოგადოების მხრიდან რა რეაქცია მოჰყვება, მხარს დაუჭერს თუ არა, როგორც აუცილებელ და საჭირო ღონისძიებას. თუ მზაობა საზოგადოებისგან არ წამოვიდა, მაშინ ალბათ ხელისუფლება მოახერხებს ამის ჩახშობას და პროცესები ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×