პენტაგონმა რუსეთთან ურთიერთობაში თანამშრომლობიდან შეკავების რეჟიმზე გადასვლა გამოაცხადა
ეკატერინე ბასილაია
25.03.2017

 პენტაგონი მოსკოვს უკვე ღიად ემუქრება და აცხადებს, რომ აშშ ლიდერის ისტორიულ როლს იბრუნებს და რუსეთთან თანამშრომლობის ფორმატიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების შეკავებაზე გადასვლას აანონსებს. კონკრეტულად კი, აშშ-ის ევროპის სარდლობა ევროპის კონტინენტზე სამხედრო პოტენციალის გაზრდასა და რუსეთზე მეტად სწრაფი ტემპებით მოდერნიზებას იწყებს, რომ რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში გამოიყენოს.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ცივი ომი ფორმალურ ფაზაში გადავიდა. როგორც 1946 წელს ქალაქ ფულტონში უკვე გადამდგარმა უინსტონ ჩერჩილმა თავისი მოხსენებით საფუძველი დაუდო ცივ ომს, ასევე კერტის სკაპაროტიმ, რომელიც ნატო-ში აშშ-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, ამ განცხადებით გვაუწყა ახალი ცივი ომის დაწყება", - ასე აფასებს პენტაგონიდან გახმოვანებულ გნცხადებებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, ნატო ახლა იწყებს გამოფხიზლებას და აღქმას, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგე არის რუსეთი და რუსული აგრესიის შესაკავებლად რეალური ნაბიჯების გადადგმაც უკვე დაიწყება.

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ბოლო 2 წელია, ურთიერთობის ის მდგომარეობა, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორისაა, გაცილებით უარესი გახდა, ვიდრე ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, ცივი ომის დროს.

"არ ვგულისხმობ კარიბის კრიზისს, როდესაც მსოფლიო ბირთვული ომის წინაშე იდგა. მე ვგულისხმობ 70-80-იან წლებს, როცა ცივი ომი აქტიურ ფაზაში გადავიდა. ბოლო 2 წლის რიტორიკა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაუბრუნდა 70-80-იან წლების პერიოდს. დიდი ხანია, ცივი ომი დაიწყო," - ამბობს სალუქვაძე.ცნობისათვის, ხუთშაბათს აშშ-ს კონგრესში სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის მოსმენაზე გამოსვლისას ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალმა, გენერალმა კერტის სკაპაროტიმ განაცხადა, რომ "რუსეთი პარტნიორიდან ანტაგონისტად იქცა, ვინაიდან ცდილობს, კვლავ გლობალური ძალა გახდეს" და ამას აშშ დაუპირისპირდება.

მან აღნიშნა, რომ "რუსეთი პარტნიორიდან ანტაგონისტად გადაიქცა და ცდილობს, კვლავ იქცეს მსოფლიო ზესახელმწიფოდ" და რომ "რუსეთის პერიფერიაზე მდებარე ქვეყნები, უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით, იბრძვიან მოსკოვის გამანადგურებელი საქმიანობისა და სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ". ამის საპასუხოდ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულ სარდლობას რუსეთთან თანამშრომლობიდან აქცენტი უკვე შეკავებასა და თავდაცვაზე გადააქვს.

"შესაბამისად, ჩვენი დოქტრინის, ჩვენი გეგმების, ჩვენი სამხედრო მზადყოფნის კორექტირებას მოვახდენთ, რათა არსებული საფრთხეების შესაბამისი იყოს. მოკლედ რომ ითქვას, ჩვენ დავუბრუნდებით ისტორიულ როლს, საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში მეთაურის ადგილს და ყურადღებას გავამახვილებთ შეკავებასა და თავდაცვაზე," - აღნიშნა ამერიკელმა მთავარსარდალმა.

სკაპაროტი მიიჩნევს, რომ ევროპის სარდლობის, მისი ძალებისა და საშუალებების მოდერნიცაზიისა და გაძლიერების ტემპები უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მოწინააღმდეგეების შეიარაღებული ძალების და "მოწინააღმდეგეებში" უპირველესად იგულისხმა რუსეთი.

გენერალმა დააზუსტა, რომ ამ მხრივ, პირველ რიგში, მისი დაჟინებული მოთხოვნაა, ევროპულ სარდლობაში სადაზვერვო, სახმელეთო და სამხედრო-საზღვაო პოტენციალის მოდერნიზება მოხდეს.

ასევე კონტინენტზე მოხდეს დიდი მოცულობის აშშ-ის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შენახვა რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევისათვის და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების გამაგრება.

სკაპაროტიმ ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთში სტრატეგიული ბირთვული ძალების მოდერნიზაციის გაგრძელებაზე გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია და აშშ-მა აუცილებლად უნდა უპასუხოს რუსეთის მხრიდან ბირთვულ შეიარაღებაზე არსებული ხელშეკრულების დარღვევას.

სკაპაროტის გამოსვლით რუსული მედია უკმაყოფილებას არ მალავს. მოსკოვში არ მოეწონათ გენერლის პასუხი შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს ვაშინგტონიდან ე.წ. ლეტალური, სასიკვდილო შეიარაღების კიევისთვის შესაძლო გადაცემას, რაზეც სკაპაროტიმ განაცხადა - "ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ უკრაინის შეიარაღებული ძალები".

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, პუტინის რეჟიმი აშკარა აგრესიით ცდილობს, ევრაზიულ სივრცეზე სრულ ჰეგემონობას მიაღწიოს, რეგიონში არავინ შემოუშვას და ის ამისთვის ყველა მიმართულებით ყველანაირი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ახორციელებს. იმ ზონებშიც შეიჭრა, რომელიც ნატო-ს უსაფრთხოების მთავარი სამოქმედო არეალია.

ამბობს, რომ რუსეთი უკვე დაემუქრა ბალტიის სახელმწიფოებს. უფრო მეტიც, რუსეთის მიერ აშშ-ზე ჰაკერული შეტევა - ჰიბრიდული ომის ელემენტების გამოყენება აშშ-ს წინააღმდეგ არის ის მიდგომა, თუ როგორ აპირებს რუსეთი გლობალურ თამაშს.

ამას ემატება ცხინვალის რეგიონის სახელწოდებაზე 9 აპრილის რეფერენდუმიც, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიის ანექსიას და რომ რუსეთი საქართველოზე პირდაპირ შეტევაზე გადმოდის.

კრემლის ასეთ ქმედებებს კი აშშ უპასუხოდ დიდხანს ვერ დატოვებდა. ამიტომაც პენტაგონი უფრო და უფრო გააქტიურდება და აშშ ევროპაში აუცილებლად გაზრდის და გააუმჯობესებს სამხედრო პოტენციალს, მათ შორის უკრაინასაც ბოლოს და ბოლოს მიაწვდის ლეტალურ შეიარაღებასაც.

"ცივი ომის პერიოდში ევროპის კონტინენტზე განთავსებული იყო აშშ-ის 40 000-მდე სამხედრო მოსამსახურე და ახლა ამერიკელი გენერალი აანონსებს, რომ ცივი ომის სტრატეგიის კონცეფციას დაუბრუნდნენ. აშშ-მა პროცესი უკვე დაიწყო კიდეც, როდესაც 4 მოტორიზებული ბატალიონი განათავსა ბალტიის სახელმწიფოებსა და პოლონეთში და როგორც ჩანს, რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ახლა უნდა დაველოდოთ რუსეთის მორიგ ნაბიჯს," - აღნიშნავს მაისაია.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათავსა დამრტყმელი შეიარაღება, ჩვენ ახალი საშიში ცივი ომის ეპიცენტრში მოვექეცით.

"ამერიკა-რუსეთი დაიწყებენ ბრძოლას, თუ ვინ რომელ ტერიტორიაზე რა გავლენას მოიპოვებს, ვინ რომელ ტერიტორიებზე დაასწრებს კონტროლს და ჩვენ ამ ომის ეპიცენტრში მოვექეცით," - დასძენს მაისაია.

ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევიდან ეიფორია იყო რუსულ პოლიტიკურ ბომონდში, მოლოდინი ჰქონდათ, რომ აშშ-სთან ურთიერთობას დაათბობდნენ, თუმცა ვხედავთ, რომ პირიქით, ტენდენციები გამწვავებისკენაა და თვლის, რომ პენტაგონიდან გახმოვანებული ეს განცხადებაც მორიგი მკაცრი განცხადებაა ბოლო ორი წლის გამოუცხადებელი ცივი ომის პირობებში.

"რუსეთი არ მალავს, რომ სანქციების მოხსნა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის დაბრუნება სურს. თუმცა არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ ევროპის ყველა სახელმწიფოშია აქტიური. თუკი სადმე არჩევნები ტარდება, რუსულ ფაქტორს ყველა ხედავს.

"სანამ რუსეთი არ შეცვლის თავის ძალისმიერ პოლიტიკას და თავისი პოლიტიკის გატარებას უფრო ცივილიზებული გზებით არ დაიწყებს, რუსეთ-დასავლეთს შორის დაპირისპირება ყოველთვის იქნება.

"აშშ-დან გაკეთებული ეს განცხადებაც მორიგი მკაცრი განცხადებაა. ეს ახალი არ არის. ამ დაპირისპირების გამო შარშან მიიღეს გადაწყვეტილება ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში სახმელეთო ქვედანაყოფების შეყვანისა. პლუს შავი ზღვის აუზში ნატო-ს გააქტიურება დაიწყო. ამ ყველაფრის გაგრძელებას ვხედავთ დღეს.

"კი, რუსეთშიც და ევროპაშიც იყო მოლოდინი, რომ აშშ-რუსეთს შორის დათბებოდა ურთიერთობა, თუმცა ასე არ ხდება და ეს მოლოდინიც იყო. ტენდენციები გამწვავებისკენაა. ცივი ომის მდგომარეობა არსებობს 2 წელია და თუ რუსეთმა არ შეცვალა რიტორიკა, ეს უფრო და უფრო გაღვივდება," - მიიჩნევს სალუქვაძე.

მისი თქმით, ნატო გვიან რეაგირებს რუსულ საფრთხეზე და თუკი ახლა ნატო სამხედრო რესურსების სწრაფ მოდერნიზებას დაიწყებს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

"ბოლო წლებში რუსეთი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს შეიარაღების და ტექნიკის განახლებაზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 50%-ზე მეტად განაახლა ყველა სახეობის შეიარაღება და ტექნიკა, ესაა სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო. ძველის ნაცვლად 50% ახლად გამოშვებული შეიარაღება და ტექნიკა აქვს, ან ძველი ტექნიკის მოდერნიზაცია შეძლო. ასეთი ტემპებით გადაიარაღებას მსოფლიოში ვერც ერთი არმია ვერ ახერხებს. როგორც ჩანს, დასავლეთში ამ კუთხით დაფიქრდნენ და ამას გააკეთებენ," - ამბობს სალუქვაძე და დასძენს, რომ ასეთი გამალებული შეიარაღების ფონზე, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ისე გეგმაზომიერად ახორციელებს გავლენის სფეროების აღდგენის სტრატეგიულ მიზნებს, ეს კარგის მომტანი არ არის და ჩვენ დამშვიდების საშუალებასაც არ გვაძლევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×