"ტრამპმა, პათოსით, რომ იცავს საკუთარ ქვეყანას, უფრო დიდი ხიფათი შეუქმნა აშშ-ს"
ეკატერინე ბასილაია
02.02.2017

 აშშ-ში დონალდ ტრამპის მეორე სამუშაო კვირა ქუჩებსა და აეროპორტებში საპროტესტო აქციებით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ამტკიცებს, საემიგრაციო განკარგულება ქვეყნის დაცვას უკავშირდება და არა მუსლიმების მიუღებლობასო, მის გადაწყვეტილებას არა მარტო აქციაზე გამოსულები აკრიტიკებენ მწვავედ, არამედ თავად სენატორებიც და ევროკავშირის ლიდერებიც. კეთდება პროგნოზები, რომ ტრამპის გეგმებმა დიდი ეროზია გააჩინა ევროკავშირი-აშშ-ს ურთიერთობებში.

თან, ეს გამოცხადებული საემიგრაციო ომი შესაძლოა აშშ-ს საპირისპიროდაც შეუტრიალდეს და სახიფათო პროცესები გააქტიუროს, მათ შორის ტერორისტული აქტების სახითაც.

ამ საფრთხეზე ტრამპი თანაგუნდელმა სენატორებმა ლინდსი გრემმა და ჯონ მაკკეინმა გააფრთხილეს. მათი ერთობლივი განცხადებით, ქვეყანაში მუსლიმანთა შესვლის აკრძალვა ტერორისტთა მობილიზებას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

ამერიკელების ნაწილი პრეზიდენტის იმ განკარგულებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, 90 დღის განმავლობაში ქვეყანაში შესვლა 7 მუსლიმური ქვეყნის: ირანის, ერაყის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებს ეკრძალებათ. პლუს, 120 დღით ჩერდება მუსლიმი ლტოლვილების მიღებაც.

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ტრამპი "ცეცხლს ეთამაშება", რადგან მის ამ საეჭვო გადაწყვეტილებაში რისკები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი და თუ ის ამ რადიკალურ ნაბიჯებს გააგრძელებს, არა მარტო საკუთარი ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით აღმოჩნდება იზოლაციაში.

მისი თქმით, მუსლიმების არ შეშვება ქვეყნის დაცვის გარანტის ვერ შექმნის, რადგან ისლამური ექსტრემიზმი იმდენად ძლიერად არის მოდებული ყველგან და მათ შორის აშშ-ში, რომ სულაც არ არის აუცილებელი ტერორისტული აქტი ვიზით შესულმა ტერორისტმა განახორციელოს.

"აშშ არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იფარებდა იმიგრანტებს და ათეული წლების განმავლობაში მხარს უჭერდა უმცირესობების უფლებებს, მათ შორის რელიგიური უმცირესობების, ახალ კი ტრამპის ამ ნაბიჯით სახიფათო გამოწვევების წინაშე დგება თავად აშშ-ის იმიჯი. ეს ყველაფერი სარისკოა და მას უკურეაქცია უკვე მოჰყვა კიდეც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის მოკავშირეების მხრიდან", - აღნიშნავს კაკაჩია.

ტერორიზმის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას თქმით, ტრამპის საგარეო პოლიტიკის მთავარი გზავნილი ტერორიზმთან ბრძოლა იყო და ეჩქარება, რომ ეს პოლიტიკა აღმატებით დონეზე აიყვანოს, რის გამოც ევროკავშირის მხრიდან სერიოზული დაპირისპირებაც გამოიწვია.

"ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა საკმაოდ მძაფრად გააკრიტიკეს ტრამპის ეს მიდგომები და შესაძლოა ამან ევროკავშირ-აშშ-ს ურთიერთობებზეც იქონიოს დიდი გავლენა. ამ ურთიერთობების ეროზია უკვე ნათელია", - ამბობს მაისაია, რომელიც აშშ-ევროკავშირის ურთიერთობის დაძაბვის გარდა პროგნოზირებს იმას, რომ ტერორისტული ორგანიზაციები - "ისლამური სახალიფო" და "ალ-ქაიდა" ტრამპის ამ ნაბიჯებს აშშ-ს წინააღდეგ საკუთარი პროპაგანდისტული ომის გასაძლიერებლად გამოიყენებენ და შეიძლება ამერიკამ ამის გამო რამდენიმე სერიოზული დარტყმა მიიღოს, ტერორისტული აქტების სახითაც.

"აშშ-ს განხორციელებულ ბოლო ტერაქტებზე, იგივე ორლანდოს ტერაქტზეც პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახალიფომ" აიღო. ეს ნიშნავს, რომ "დაეშს" ჰყავს საკმაოდ ღრმად შენიღბული ქსელური ჯგუფები, რომლის ამოქმედებას სჭირდება გარკვეული იდეოლოგიური და პოლიტიკური ბიძგი და ტრამპი ამ ნაბიჯებით ამ ჯგუფებს აძლევს კიდეც გააქტიურების საშუალებას.

"ტრამპის ამ ნაბიჯებს ტერორისტები ხელიდან არ გაუშვებენ და ამ სიგნალს სათავისოდ გამოიყენებენ. ვიზების დაბლოკვა ტერორიზმს ვერ შეაჩერებს", - აღნიშნავს მაისაია.

საგულისხმოა, რომ ტრამპის მიერ მუსლიმების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს აშშ-ს ქუჩებშიც აკრიტიკებენ, კონგრესშიც და მსოფლიოშიც.

საპროტესტო აქციები გაიმართა აეროპორტებში, სადაც იმიგრანტები დააკავეს და ასევე ბოსტონში, ფილადელფიასა და ნიუ-იორკში, სადაც მომიტინგეებმა მსვლელობა მოაწყვეს ტრამპ თაუერთან და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს და პრეზიდენტს სიძულვილის რიტორიკაში დასდეს ბრალი.

პრეზიდენტის განკარგულება გააკრიტიკეს კონგრესშიც. "რესპუბლიკელმა" სენატორმა ჯონ მაკეინმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ასეთი ნაჩქარევი პროცესი საფრთხის შემცველია, რადგან ის ეხება "მწვანე ბარათის" მფლობელებსაც და დაუცველ მიგრანტებსაც.

"ვშიშობთ, რომ ეს ბრძანება ტერორიზმის ბრძოლის გზაზე იქნება საკუთარი თავისთვის მიყენებული ზიანი. ამ მომენტში, ამერიკელი ჯარისკაცები ერაყელ პარტნიორებთან ერთად იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად. მაგრამ ეს ბრძანება ერაყელ პილოტებს უკრძალავს, დაბრუნდნენ არიზონას სამხედრო ბაზაში, რათა ვეომოთ საერთო მტერს.

"ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში თავად მუსლიმების უმრავლესობაა, რომლებმაც უგულებელყვეს სიძულვილის აპოკალიპტური იდეოლოგია. ეს ბრძანება აგზავნის სიგნალს, შესაძლოა მიზანმიმართულად, რომ ამერიკას არ სურს, ქვეყანაში მუსლიმები შევიდნენ. ამიტომაც, გვეშინია, რომ ეს ბრძანება ტერორისტების რეკრუტირებას უფრო დაეხმარება, ვიდრე ჩვენს უსაფრთხოებას გააუმჯობესებს", - დაწერა მაკკეინმა.

კანადამ შეერთებული შტატების აეროპორტებში გაჩერებულ ემიგრანტებს დროებითი თავშესაფარი შესთავაზა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი ტრამპის გადაწყვეტილებას გაუმართლებელი ნაბიჯი უწოდა. ირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა და ქვეყანაში ამერიკის მოქალაქეებს შესვლას უკრძალავს. ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას აპირებს ერაყიც.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ტრამპის ამ რადიკალური ნაბიჯის გამო ბევრი სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება და უკვე ვნახეთ კიდეც ბევრი კრიტიკა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, იგივე კონგრესმენებიდან, მედიიდან და ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისა თუ მსახიობებისა და მომღერლებისგან.

ასევე ვნახეთ, რომ სასამართლომ პრეზიდენტის ბრძანება ნაწილობრივ შეზღუდა და ვიზისა და მწვანე ბარათის მფლობელები ქვეყანაში შეუშვა. თუმცა რა შედეგებს მოიტანს ეს პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში, ამის თქმა კაკაჩიას უძნელდება.

პროგნოზირებს, რომ ამ ყველაფერს გარკვეული ნეგატიური ფასი ექნება, შესაძლოა ისიც, რომ მუსლიმურ ქვეყნებში ქრისტიანთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

"თუ ტრამპმა ბოლომდე მიიყვანა გეგმა, ეს გარკვეულ ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს. მთლიანობაში აშშ-ს ცუდი იმიჯი ჰქონდა ისლამურ სამყაროში და კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-სა და ისლამურ სამყაროს შორის ურთიერთობებს. ბუნებრივია ამ თემას ექნება გარკეული ფასი", - დასძენს კაკაჩია.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ტრამპის წინააღმდეგ დაპირისპირება კრიტიკულ ზღვრამდეა მისული. ამბობს, რომ მუსლიმური ქვეყნების გაღიზიანებას იწვევს ისიც, რომ ტრამპმა პროისრაელური კურსი აიღო, ამას კი ემატება საემიგრაციო პოლიტიკაც.

"ტრამპს ახალი მოწინააღმდეგეებიც კი გამოუჩნდება მუსლიმური სამყაროდან. თვით აშშ-მოკავშირეებთან, იგივე თურქეთთანაც კი შეიძლება გაუფუჭდეს ნდობა. ირანმა უკმაყოფილება საპასუხო ზომებით უკვე გამოხატა.

"ირანი შეიძლება გახდეს პირველი საშიში ქვა, რომელმაც ეს გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და მის მიდგომას სხვა მუსლიმური სახელმწიფოები აჰყვეს და ამან შეიძლება აშშ-სა და სტრატეგიულ ისლამურ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დაძაბვაც გამოიწვიოს. საუბარია პაკისტანზე, ეგვიპტეზე, მათ შორის იორდანიაზეც და თურქეთზეც. ტრამპმა, პათოსით, რომ იცავს საკუთარ ქვეყანას, უფრო დიდი ხიფათი შეუქმნა აშშ-ს", - დასძენს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×