ავდეევკის რაიონში გასული 3 დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება
სალომე სარიშვილი
01.02.2017

 უკრაინაში დაძაბულობის ახალი ტალღა დაიწყო. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში, კერძოდ კი ავდეევკის რაიონში გასული 3 დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. უკრაინის სამთავრობო ჯარსა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრორუსულ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის ბრძოლას მსხვერპლი ორივე მხარიდან მოჰყვა, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ უკრაინულ და რუსულ მედიაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

უკანასკნელი ცნობებით, უკრაინელი გარდაცვლილი ჯარისკაცების რაოდენობა 5-ზე მეტს აღემატება, ხოლო დაჭრილების რაოდეობა ბევრად მეტია. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ინფორმაციით კი 29 და 30 იანვარს 78 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, 76 კი დაიჭრა.

უკრაინული სააგენტო "უნიანის" ცნობით, 29 იანვარს, გამთენიისას, "ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტის მიმდებარე, ე.წ. ავდეევკის "პომზონაზე" შეტევა მიიტანეს, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევის მოიგერიება შეძლეს.

სააგენტოს ცნობით, საბრძოლო მოქმედებებს ოთხი უკრაინელი მებრძოლი იმ დღესვე შეეწირა, თორმეტი კი დაიჭრა. როგორც "უნიანი" წერს, ავდეევკის იერიშის დროს ორი მშვიდობიანი მოქალაქეც დაშავდა. გუშინ კი "ბოევიკებმა" ელექტრომომარაგების ხაზი დააზიანეს და ქალაქი წყლის და ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დატოვეს.

საბრძოლო მოქმედების განახლებაზე განცხადება ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრმაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 29 იანვარს ავდეევკის მიდამოებში საარტილერიო და სატანკო ცეცხლის შედეგად ორი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

 უკრაინის თავდაცვის მინისტრის სტეპან პოლტორაკის განცხადებით, უკრაინის შეირაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავეს. ამასთან, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, სეპარატისტების მხრიდან 15 "ბოევიკი", მათ შორის, ქვეითი ბატალიონის მეთური ზედმეტსახელად "კონსული" დაიღუპა აღსანიშნავია, რომ "კონსული" ილოვაისკსა და დებალცევოში სახელგანთქმული დაჯგუფება "სომალის" მეთაურის, "გივის" მოადგილე იყო.

რუსულ მედიაში ცნობები განსხვავებულია - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებების წამოწყებაში უკრაინის ჯარს ადანაშაულებენ და ბატალიონის მეთაურის დაღუპვასაც ამ წამოწყებას უკავშირებენ.

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ხელისუფლებამ ასევე უკრაინის ჯარი დონეცკის დაბომბვაში დაადანაშაულა, რომლის შედეგადაც მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიჭრა.

გუშინვე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ავდეევკაში საგანგებო სიტუაციის გამო, გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერის" პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ განაცხადა. მისი თქმით, ავდეევკაში სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

"პრეზიდენტმა, ავდეევკაში საგანგებო სიტუაციის გამო, გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა," - წერს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×