მსოფლიოს ახალი გამყოფი ხაზები - "კედლების მშენებლობა ამერიკის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს"
ნინო ქეთელაური
30.01.2017

 ბერლინის კედელთან ასოცირებული უსიამოვნო შეგრძნება - ასე აფასებენ ანალიტიკოსები აშშ-მექსიკის გამყოფი კედლის მშენებლობას, რაც მსოფლიო ლიდერების და ანალიტიკოსების შეშფოთების მიზეზია. მათი შეფასებით, ამით ტრამპი თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას იწყებს, რაც ნიშნავს, რომ ის სხვა დაანონსებული წინადადების სისრულეში მოყვანასაც შეეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ კედლის მშენებლობის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპი გადაწყვეტილების მცდარობაში ადრე თუ გვიან დარწმუნდება და მასზე უარს იტყვის. ნაწილი კი თვლის, რომ კედელი ყველა შემთხვევაში აშენდება.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ კედლის შენება ეს გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა რამდენად გაამართლებს იმ მიზნებს, რომლისთვისაც შენდება, კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან თავის დროზე, "11 სექტემბრის მომწყობ ტერორისტებს ხელს ვერც ღობეები შეუშლიდნენ და ვერც ავიაგამანადგურებლები".

"მოკლედ, კედელი აღიმართება. ეს ძვირადღირებული პროექტია, რომელიც იქნება თუ არა პოლიტიკური ან ეკონომიკური დივიდენდების მომტანი, რთული შესაფასებელია", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება იმას, ტრამპის გადაწვეტილებას აშშ-ს ადმინისტრაცია ეთანხმება თუ არა, სალუქვაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პირველ პირსა და ადმინისტრაციას შორის უთანხმოება არ იქნება.

"ადმინისტრაცია სწორედ ამ წინასაარჩევნო დაპირებებით ტრამპის ირგვლივ შეიქმნა. შესაბამისად, პირველ პირსა და ადმინისტრაციას შორის ამ ეტაპზე უთანხმოება არ იქნება", - ამბობს ამირან სალუქვაძე და განმარტავს, რომ კედლის აშენებით ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება.

"მექსიკის პრეზიდენტმა ამერიკაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა. ეს სერიოზული დიპლომატიური ნაბიჯია. ძალიან ბევრი ვერ გაბედავდა მსგავს ნაბიჯს. მოკლედ, პირველი დიპლომატიური დაპირისპირება სახეზეა", - აცხადებს ამირან სალუქვძე.

"ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი მიიჩნევს, რომ ეს აშშ-ს პოზიცია ნაკლებად არის და ის უფრო ტრამპის პირადი სურვილია.

"არა მგონია, რომ გამყოფი კედლების მშენებლობა ამერიკის ინტერესებში შედიოდეს. იმიტომ, რომ ისევე, როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე, ამერიკაშიც არსებობს მსგავსი გაერთიანება, ე.წ ნაფტა, რომელიც აერთიანებს მექსიკას, აშშ-ს და კანადას. ანუ, მსგავის ინტეგრაციული პროცსები ხდება ამერიკის ტერიტორიაზეც.

"მსოფლიო მიდის გაერთიანებისკენ, საბაჟო ბარიერების გამარტივებისა, თუ გაუქმებისკენ და ამ ვითარებაში, კედლის მშენებლობა არ არის სწორი გამოსავალი. აქედან გამომდინარე, არამგონია, რომ ეს ზოგადად აშშ-ს პოზიცია იყოს, ეს უფრო პრეზიდენტის პირადი განცხადება მგონია", - ამბობს ირაკლი კიკიანი, რომელიც აქვე განმარტავს, რომ პრეზიდენტი ერთპიროვნულ გადაწვეტილებებს ვერ იღებს და ესეც გასათვალისწინებელია.

"აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტი ერთპიროვნულ გადაწვეტილებებს ვერ იღებს, მას სჭირდება კონგრესის თანხმობა. თუმცა, ეს მაინც უფრო სიტყვიერი რიტორიკაა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ კონგრესი რა პოზიციას დაიკავებს", - აცხადებს ირაკლი კიკიანი, რომელიც თვლის, რომ ტრამპი ადრე თუ გვიან გადაწყვეტილების მცდარობაში დარწმუნდება.

"კედლის მშენებლობა, პირველ რიგში ინტეგრაციულ პროცესებს უშლის ხელს. მეორეს მხრივ, ტრამპს სურს წარმოაჩინოს, რომ ის იცავს აშშ-ს ინტერესებს, შიდა ბაზარს, ცოცხალ მუშა ხელს, თუ ადგილობრივ პროდუქციას, რაც პოპულისტური ნაბიჯებია. საბოლოოდ, ის დარწმუნდება, რომ მსგავსი ქმედება ხელს არ შეუწყობს აშშ-ს ტერტორიაზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების განვითარებას", - ამბობს ირაკლი კიკიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×