ნინო ქეთელაური
30.01.2017

 "თუ ადრე დონალდ ტრამპი ცათამბჯენების, "ტრამპ თაუერების" აღმართვით იყო ცნობილი, ახლა "ტრამპ ვოლის" (ეკგქზ ცფდდ) აშენებითაც გაითქვამს სახელს", - ასე აფასებს აშშ-მექსიკის გამყოფი კედლის მშენებლობას, ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

როგორც ის აცხადებს, კედელი აშენდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ტრამპსა და აშშ-ს ადმინისტრაცაის შორის უთანხმოება არ იქნება.

ამირან სალუქვაძე: დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას. ასე რომ, ძალიან მალე მშენებლობა დაიწყება. მეორე მხარეა, რამდენად ბოლომდე შეასრულებს. თავის ერთ-ერთ გამოსვლაში უკვე არჩეული პრეზიდენტის სტატუსით განაცხადა, რომ ზოგან ღობე იქნება, ზოგან ბადეო.

მოკლედ, კედელი აღიმართება. ეს ძვირადღირებული პროექტია, რომელიც იქნება თუ არა პოლიტიკური ან ეკონომიკური დივიდენდების მომტანი, რთული შესაფასებელია.

ტრამპმა 25 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირება გასცა. ადგილობრივ კომპანიებს წარმოებები ჩინეთში ან სხვა ქვეყნებში რამდენიმე მიზეზის გამო გააქვთ ხოლმე - ძირითადია გადასახადები და იაფი მუშახელი. მექსიკელები ზუსტად იაფ მუშახელს წარმოადგენენ.

"მთელი კვირა": რადგან ამაზე საუბარი ინაუგურაციის შემდეგაც გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ტრამპს სრულიად ეთანხმება?

ა.ს: ადმინისტრაცია სწორედ ამ წინასაარჩევნო დაპირებებით ტრამპის ირგვლივ შეიქმნა. შესაბამისად პირველ პირსა და ადმინისტრაციას შორის ამ ეტაპზე უთანხმოება არ იქნება.

"მ.კ": როგოროც ტრამპი ამბობს, დაანონსებული კედელი ემიგრანტების და ტერორიზმის შეჩერებას ემსახურება - რამდენად რეალურია, რომ ამ კედელმა ეს შეაჩეროს?

ა.ს: ტერორიზმის რა გითხრათ. ტერორისტები სუფთა პასპორტსაც იშოვიან, ან უკვე აშშ-ში მყოფს გამოიყენებენ ტერაქტებისთვის. 11 სექტემბრის მომწყობ ტერორისტებს ხელს ვერც ღობეები შეუშლიდნენ და ვერც ავიაგამანადგურებლები.

რაც შეეხება მიგრანტებს, რა თქმა უნდა, მექსიკელებს გაუჭირდებათ აშშ-ის ტერიტორიაზე არალეგალურად შეღწევა. თუმცა, როგორც რამდენიმე მექსიკელი ტელეინტერვიუებში საუბრობდა, რა ზომის ღობეც არ უნდა ააგონ, იმავე ზომის კიბეს მოვიტან და მაინც გადავძვრებიო.

ალბათ ხვრელების გათხრასაც დაიწყებენ. ამის გამოცდილება არსებობს ახლო აღმოსავლეთში. გაჭირვება მაჩვენე და ხვრელის გათხრას განახებო. ასე გადააკეთებენ ჩვენს ანდაზას მექსიკელები.

"მ.კ": მსგავსი პოლიტიკის გატარება, პირიქით, კიდევ უფრო ხომ არ გააღიზიანებს ისლამურ დაჯუფებებს?

ა.ს: ისლამური დაჯგუფებები უფრო სხვა პოლიტიკის, კერძოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განადგურების დაპირების გამო გააქტიურდებიან. თანამედროვე მსოფლიოში კი მხოლოდ კედლების აგებით ტერორიზმისგან თავს ვერ დაიცავ. ტრამპიც ამას აპირებს, რომ ჩანასახში ებრძოლოს.

"მ.კ": კედლის აშენება რა შედეგებს გამოიწვევს?

ა.ს: ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკვე რთულდება. მექსიკის პრეზიდენტმა ამერიკაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა. ეს სერიოზული დიპლომატიური ნაბიჯია. ძალიან ბევრი ვერ გაბედავდა მსგავს ნაბიჯს. მოკლედ, პირველი დიპლომატიური დაპირისპირება სახეზეა.

ფინანსებს რაც შეეხება, მექსიკამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს ამ პროექტის თანადაფინანსებას. თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ კედელს მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 20%-იანი გადასახადის დაწესებით დააფინანსებს, რაც ბიუჯეტს 10 მილიარდ დოლარს მოუტანს. ეს თანხა კი სრულიად საკმარისი იქნება კედლის ასაშენებლად.

როგორც ჩანს, მექსიკა აშშ-ში საკმაოდ დიდი მოცულობის ექსპოტს ახორციელებს, თუ 20%-იანი გადასახადით 10 მილირიადის მოზიდვაა შესაძლებელი. გადასახადის დაწესება მექსიკურ საქონელს ამერიკულ ბაზარზე არახელსაყრელ პირობებში, ანუ არაკონკურენტულ გარემოში ჩააგდებს და ეს კიდევ ერთ დიდ პრობლემად იქცევა ორ სახელმწიფოს შორის.

"მ.კ": საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რა რეაქციაა მოსალოდნელი?

ა.ს: საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ან დასავლეთის ლიდერებისგან არანაირ სერიოზულ რეაქციას არ მოველი. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ტრადიციული კრიტიკოსი რუსეთიც კი არ აკრიტიკებს ტრამპის გადაწყვეტილებებს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ორმხრივი ურთიერთობა ჩიხში არ შევა.

თანამშრომლობის პირველი მერცხალიც გამოჩნდა: აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე ამ დღეებში რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ისლამური სახელმწიფოს ობიექტები გაანადგურა. თუ დონალდ ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი იქნება, კედლის აშენებას ვერავინ შეამჩნევს.

რაც შეეხება ტრადიციებს, ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა. მსოფლიოსთვის ამერიკული ოცნება უკვე ათეული წლებია არსებობს. კედელი მას ვერ გააქარწყლებს, თუმცა, თვითონ იდეას ნამდვილად ჩრდილს აყენებს.

"მ.კ": კედლის აშენების ინიციატივა ზიანს აყენებს თუ არა აშშ-ს იმიჯს? ის ქვეყანა ხომ თავისუფლებასთან ასოცირდება...

ა.ს: ქვეყნებს შორის კედლის აშენება პირდაპირ არ ასოცირდება თავისუფლებების შეზღუდვებთან. ევროკავშირის ოთხი თავისუფლება, კერძოდ: პირთა, კაპიტალის, საქონლის და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხომ არ გულისხმობს უკონტროლო გადაადგილებას?

სახელმწიფოებს შორის არსებობს საზღვრები. ზოგან საზღვარი გამჭვირვალეა, ზოგან კი მავთულხლართებით და ათასგვარი სენსორებით აღჭურვილი. ამიტომ შეგვიძლია ეს აღვიქვათ როგორც საზღვრის ასეთი სახეობა.

კედლების გარეშეც ამერიკაში მოხვედრა, ვიზის მიღება ადრეც დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ამიტომ ეს კედელი მსოფლიოსთვის მაგ მხრივ არაფერს შეცვლის. საზღვრის ასეთი სახეობა, ანუ კედელი არც დემოკრატიის, სიტყვის, გამოხატვის ან თავისუფლებების შეზღუდვასთანაა შეხებაში. იმედია ასეთი პრობლემები აშშ-ში არ იქნება.

ასეთი კედელი უფრო ბერლინის კედელთანაა ასოცირებული და უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. ორ სახელმწიფოს შორისაც კედლის აშენება არაა მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი. პარალელისთვის, რუსეთმა სომხეთთან უვიზო მიმოსვლას მოაწერა ხელი, თან შიდა პასპორტებით.

მოკლედ, ერთი ცხადია, თუ ადრე დონალდ ტრამპი ცათამბჯენების, "ტრამპ თაუერების" აღმართვით იყო ცნობილი, ახლა "ტრამპ ვოლის" აშენებითაც გაითქვამს სახელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×