"მსოფლიო ომის სამზადისში - გორბაჩოვის მოწოდება ტრამპსა და პუტინს
სალომე სარიშვილი
30.01.2017

 "დღეს ამერიკა და რუსეთი ე.წ უსაფრთხოების დილამის წინაშეა, რადგან ორივე მათგანმა სამხედრო მუსკულების დემონსტრირება დაიწყო, მათ შორის, მასობრივი განადგურების შეიარაღების კომპონენტების წარმოჩენითაც", - ამგვარია სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასება იმ განცხადებაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა ამერიკულ პრესასთან საუბრისას გააკეთა და სადაც თქვა, რომ მისი ვარაუდით, მსოფლიო ომის მზადების მსგავსად გამოიყურება.

ჟურნალ "ტაიმს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გორბაჩოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირს, დონალდ ტრამპს, ბირთვული ომის დაგმობისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით, პოლიტიკის მილიტარიზაციისა და შეიარაღების ახალი რბოლის ფონზე.

"მსოფლიო დღეს პრობლემებითაა გადატვირთული. პოლიტიკოსები დაბნეულები და დაკარგულები ჩანან", - განაცხადა მან. ასევე თქვა, რომ დღეს არცერთი პრობლემა არაა ისეთი საგანგაშო, როგორც პოლიტიკის მილიტარიზაცია და შეიარაღების გაუმჯობესების გაუნელებელი სურვილი. გორბაჩოვის განცხადებით, დამანგრეველი პროცესის შეჩერება უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

"არსებული ვითარება ძალიან საშიშია. ნატოსა და რუსეთის შეიარაღება, რომელიც აქამდე დისტანციაზე ვითარდებოდა, ახლა კრიტიკულ მანძილზე მიუახლოვდა ერთმანეთს", - აღნიშნა ინტერვიუში პოლიტიკოსმა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ დღევანდელი გეოსტრატეგიული ფონის გათვალისწინებით, ბირთვული დარტყმების რეალური ალბათობა მათლაც არსებობს. მისივე თქმით, "ახალი ცივის ომის" დაიწყებამ, ასევე ახალი დაპირისპირების სერიოზული ტალღა გამოიწვია, რამაც საზოგადოება ფაქტობრივად ბირთვული დაშინების დონემდე მიიყვანა.

"ფაქტობრივად, დღეს არის ისეთი სიტუაცია, როგორიც 1938 წლის პერიოდში იყო, ყოველ შემთხვევაში ბევრი არაფერი გვიკლია. ჩვენ ვართ პერიოდში, როდესაც ნატო და ამერიკა ბირთვული დაშინების სტრატეგიის კონტექსტს უპირისპიდებოდა.

"პრინციპში. დღესაც იგივე მეორდება, შემთხვევითი არ იყო, რომ დონალდ ტრამპმა პირველივე საგარეო პოლიტიკური ინიციატივად ბირთვული განიარაღების თემა წამოაყენა.

"შესაძლოა მას ბევრ რამეში მივედავოთ, მაგრამ ვიტყოდი, რომ ამავდროულად საკმაოდ რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკოსია. ტრამპმა სწორად განსაზღვრა ის დინამიკა, რითაც ამერიკა და რუსეთი თავიანთი დაპირისპირების ზღვარზე მიდიოდა.

"ანუ, დღეს ამერიკა და რუსეთი ე.წ უსაფრთხოების დილამის წინაშეა, რადგან ორივე მათგანმა სამხედრო მუსკულების დემონსტრირება დაიწყო, მათ შორის მასობროვი განადგურების შეიარაღების კომპონენტების წარმოჩენითაც", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ვახტანგ მაისაია.

სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით, აშშ-ს ახალ პრეზიდენტს აქვს შანსი ეს სიტუაცია განმუხტოს, თუმცა მისივე თქმით, თუკი მან ეს მოახერხა, შესაძლოა ვითარება ჩინეთთან გააუარესოს.

"ყველაფერი იქითკენ მიემართებოდა, რომ ჩინეთმა სამი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო დივიზია რუსეთის წინააღმდეგ განალაგა, მაგრამ ეს ასე არაა - ჩინეთმა ბალისტიკური რაკეტები სწორედაც რომ ამერიკის წინააღმდეგ მიმართა. ანუ, უკვე ამერიკასა და ჩინეთს შორისაც დაიწყო ერთგვარი ბირთვული დაპირისპირების ძალიან აგრესიული ფაზა.

"ამას ჩრდილოეთ კორეის ანალოგიური გააქტიურებაც მოჰყვა, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთი და კორეა ამერიკას უკვე უპირისპირდება. შესაბამისად, თუკი ამერიკა-რუსეთს შორის ეს დილემა მოიხსნა, სახეზე სხვა ახალი დაპირისპირება გვაქვს.

"ამდენად, გორბაჩოვის მოსაზრებებს, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სრულად ვიზიარებ, ეს რეალობაა და ამის თქმის საფუძველს ჩემი კომპეტენცია, საკმაოდ სერიოზული წყაროები მაძლევს", - გვითხრა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×