შოთა თხელიძე
30.01.2017

 დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ამ დროის მოკლე პერიოდში მან რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელთაც, როგორც ამერიკულ, ისევე საერთაშორისო საზოგადოებაში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პირველ სამუშაო დღემდე, ორშაბათამდე, იგი რამე განკარგულების გაცემას არ აპირებდა, რადგან საზეიმო დღეების სამუშაოთი დატვირთვას არ აპირებდა, მაგრამ იგი საქმეს ინაუგურაციის დღიდანვე შეუდგა.

მისი ინაუგურაციის დღე, ტრამპმა პატრიოტული თავდადების ეროვნულ დღედ გამოცხადა, რათა აშშ-ის მოქალაქეებს შორის გამყარდეს კავშირები და ამერიკის ხელისუფლება ხალხის სამსახურში დაბრუნდეს.

ინაუგურაციის საღამოსვე, თეთრი სახლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოცემული კლიმატის სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გაქრა. აღნიშნული აქტი კარბონის ემისიას, განახლებადი ენერგიის გამომუშავებას, დაბინძურების შემცირებას და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას არეგულირებდა.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ ქმედებით ტრამპმა უარი განაცხადა ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე გარემოსადმი მიყენებული ზიანის რეგულირებაზე.

პირველი მთავარი განკარგულება რასაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, მისი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება, ობამას ჯანდაცვის აქტის გაუქმება იყო.

ტრამპის განკარგულებით, სახელმწიფოს ყველა ის ეკონომიკური ხარჯი უნდა მოეხსნას, რასაც ის ინდივიდუალურ ჯანდაცვაზე ხარჯავდა და სანაცვლოდ, ახალი უფრო ეფექტური პოლიტიკა უნდა შემუშავდეს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს დაპირების ნაწილობრივ შესრულებაა, რადგან გამოცემულ აქტში მითითებული არ იყო, როგორ უნდა მოხდეს ამ პოლიტიკის ჩანაცვლება და რომელმა ახალმა სააგენტოებმა უნდა განხორციელოს იგი.

მეორე მისი ქმედება კონგრესის მიმართ გაცემული ბრძანება იყო, რომელიც თავდაცვის მდივნობაზე ჯეიმს მეტისის დანიშვნის გამო, გამონაკლისის სახით იმ აქტის შეჩერებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, ამ პოსტის დასაკავებლად კანდიდატს ბოლოს შვიდი წელი სამხედრო სამსახურში არ უნდა ემსახურა.

შეგახსენებთ, რომ მეტისი შეიარაღებული ძალების გენერლობიდან 2013 წელს გადადგა. ორშაბათამდე მან ე.წ. რეგულაციების გაყინვის აქტიც გამოსცა, რაც მისი წინამორბედის მიერ ბოლო კვირებში მიღებული განკარგულებების მანამდე შეჩერებას გულისხმობს, სანამ მას ტრამპის ადმინისტრაცია არ გადახედავს.

სამუშაო პირველ დღეს, ტრამპმა მეორე მისი მთავარი დაპირება შეასრულა და ტრანს წყნარი ოკეანის შეთანხმებიდან გამოსვლას მოაწერა ხელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეთანხმების რატიფიცირებას კონგრესიც არ აპირებდა.

აღნიშნული შეთანხმება წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო იყო. მისი ყველაზე მსხვილი მოთამაშეები ჩინეთი, კანადა და ავსტრალია არიან. ბუნებრივია, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ს სამომავლოდ ჩინეთთან ურთიერთობა დაეძაბება.

ამავე დღეს, ტრამპმა რეიგანის ადმინისტრაციის დროს გამოქვეყნებული მემორანდუმი აღადგინა, რომელიც ყველა უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციას სახელმწიფო დაფინანსებას უწყვეტდა, თუკი ეს ორგანიზაციები აბორტის გაკეთებას ემხრობოდნენ და ქალთა ამ უფლებას იცავდნენ. ამ გადატწყვეტილებას დასაქმების გაყინვის აქტიც მოჰყვა.

ტრამპის დაპირებებში ფედერალური ბიუროკრატიის შემცირებაც შედიოდა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით საჯარო სამსახურებმა ახალი კადრების მიღება შეაჩერეს. აქტი მხოლოდ სამხედრო სამსახურს არ შეეხება.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა იმ მემორანდუმებს, რომლის მიხედვითაც ახალი და შეჩერებული ნავთობსადენების მშენებლობები განახლდება. პირველ რიგში ეს შეეხება ქისთოუნის მილსადენს, რომელიც 800 000 ბარელ ნავთობს კანადიდან მექსიკის ყურემდე გადაზიდავს. მემორანდუმი შეეხო დაკოტას შემაერთებელ მილსადენსაც, რომლის მშენებლობა გარემოს დაცვის აქტივისტების ძლიერი წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.

მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, ეს გადაწყვეტილება ამ მილსადენის მშენებლობის გაგრძელებას ითავლისწინებს. ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე პირობა დადო, რომ არჩვენების პროცესის გაყალბების გამოსაძიებელ კომიტეტსაც შექმნის, რადგან მისი აზრით, არჩევნებში ბევრმა არალეგალურად და რიგ შემთხვევებში ორ ან მეტ შტატში მისცა ხმა.

კვირის შუა დღეებში პრეზიდენტმა მისი მთავარი დაპირების, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების ბრძანება გასცა, რომლითაც აშშ უკანონო იმიგრაციის ტალღებს შეაკავებს და მის უსაფრთხოებას დაიცავს. ბრძანების მიხედვით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროექტის დიზაინის შექმნა და მისი მაღალი ტექნოლოგებით განხორციელება.

ამასთანავე, ტრამპის გადაწყვეტილებით გასამმაგდება მესაზღვრეების რაოდენობაც და იგი ათი ათასს მიაღწევს.

26 იანვარს ოფიციალურად გაუქმდა 31 იანვრისთვის მექსიკის პრეზიდენტთან ენრიკე პენა ნიეტოსთან დაგეგმილი შეხვედრა. ვიზიტის გაუქმება მისმა ტვიტერის სტატუსმა გამოიწვია, რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნავდა, რომ სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის საბოლოოდ, მექსიკა გადაიხდიდა.

აღნიშნულ სტატუსს, მექსიკის როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრეზიდენტიც გამოეხმაურა და კედლის მშენებლობის ხარჯების მექსიკელების მხრიდან გაწევა სასტიკად უარყვეს.

27 იანვარს ტრამპი პენტაგონს, გენერალი მეტისის თავდაცვის მდივნობის ფიცის დადების ცერემონიალზე ეწვია. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის თავდაცვის და უსაფრთხოების პოტენციალის გაზრდას აპირებს.

იმავე დღეს, მან ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის შვიდ ისლამურ სახელმწიფოს 134 მილიონ მოქალაქეს მინიმუმ მომდევნო 90 დღის განმავლობაში აშშ-ში შესვლა აუკრძალა. ამ ქვეყნების სიაში არიან: ლიბია, ერაყი, სირია, სუდანი, ირანი, სომალი, იემენი. აკრძალვა არ შეეხო რეგიონის იმ ქვეყნებს, სადაც ტრამპს მანამდე ბიზნეს-პროექტები ჰქონდა.

27 იანვარსვე, დონალდ ტრამპმა მისი პირველი საერთაშორისო დონის მიღება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან გამართა. შეხვედრა საკმაოდ მეგობრულ გარემოში გაიმართა. მხარეებმა ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს. მათ ქვეყნების მიერ ეკონომიკური პროტექციონიზმის პოლიტიკის გატარების უპირატესობებს გაუსვეს ხაზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×