ვახტანგ შამუგია
26.01.2017

 მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეში თავის პოზიციებს იბრუნებს. ამის ნათელი მაგალითი მოლდოვის რესპუბლიკაა, რომლის სათავეშიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსი, იგორ დოდონი მოვიდა.

პრეზიდენტის რანგში იგორ დოდონის პირველი ვიზიტი, 16-17 იანვარს, მოსკოვში შედგა. იქ იგი თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ეს ბოლო ცხრა წლის მანძილზე მოლდოველი ლიდერის პირველი სტუმრობა იყო კრემლში. შეხვედრა მეგობრულ ვითარებაში წარიმართა, თუმცა პუტინის სიტყვებიდან ჩანდა, რომ ის კიშინიოვისაგან მისი მიმართულებით უფრო შესამჩნევ ნაბიჯებს ელოდება.

"სამწუხაროდ, ბოლო წლებში მოლდოვური პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში თითქმის ორჯერ შემცირდა. ამას თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბოლო პერიოდში კიშინიოვი სულ უფრო ნაკლებად ეკონტაქტებოდა მოსკოვს, რაც მოლდოვას ევროინტეგრაციულ გეგმებთან იყო დაკავშირებული. შედეგად, მოლდოვამ დაკარგა ძალიან დიდი ბაზარი, სადაც მისი საქონელი ტრადიციულად დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ახალ, ევროპულ ბაზარზე კი დამკვიდრება მან ამ დრომდე ვერ შესძლო," -თქვა პუტინმა თავის მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა თავის მხრივ, გამოთქვა სურვილი რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა-გაღრმავებაზე. მისი განცხადება მოლდოველი პოლიტიკოსების ნაწილმა ერთგვარ თავის მართლებად შეაფასა.

"ჩვენ აღნიშნულ საკითხს ძალიან პრაგმატულად ვუდგებით. მე ჩემს თანამოაზრეებსა და თანაპარტიელებთან ერთად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოწერის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ვმართავდით ხალხმრავალ საპროტესტო აქციებს. ამ ხელშეკრულებამ ჩვენს ქვეყანას არანაირი პლიუსი არ მოუტანა. იმედი მაქვს, რომ მოლდოვას სოციალისტური პარტია საპარლამენტო უმრავლესობას უახლოეს მომავალში მოიპოვებს და ამ ხელშეკრულების ანულირებას დაუყოვნებლივ მოახდენს," - განაცუხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა იგორ დოდონმა.

მისივე თქმით, მოლდოვას აქვს სურვილი ევრაზიულ კავშირში დამკვირვებელი სტატუსის მოპოვებისა. მანვე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ანატოლი შალარუ, რომელიც, დოდონის თქმით, იცოდა რა მოლდოვის რესპუბლიკის ნეიტრალური სტატუსის შესახებ, "ნატო-ს ეთამაშებოდა" და ქმნიდა ილუზიას იმისა, რომ კიშინიოვი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისაკენ მიისწრაფოდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა მოლდოვის ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი ბრაგოში, რაც მოლდოვას ხელისუფლებაში არსებული შიდადაპირისპირების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. პრორუს პრეზიდენტ დოდონს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პავლე ფილიპი და მინისტრთა კაბინეტი უპირისპირდება. ეს უკანასკნელნი ქვეყნის პროდასავლური კურსით განვითარებას უჭერენ მხარს.

2017 წლის იანვრის დასაწყისში პრეზიდენტ იგორ დოდონის ვიზიტმა არაღიარებულ დნესტრისპირეთის მოლდოვეთის რესპუბლიკაში მოლდოვური საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. კიშინიოვმა რეგიონზე კონტროლი 1992 წელს წარმოებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაკარგა. დოდონმა დნესტრისპირელ სეპარატისტთა ახალარჩეულ ლიდერს, ვადიმ კრასნოსელსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა რეგიონში დისლოცირებულ რუს სამშვიდობოებს შეეხო. თუ კი ამ დრომდე ოფიციალური კიშინიოვი მოითხოვდა მათი საერთაშორისო მისიით ჩანაცვლებას, დღეს უკვე პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა. როგორც აღმოჩნდა. დოდონს რუსი მშვიდობისმყოფელების საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

მოლდოველი პოლიტოლოგების აზრით, იგორ დოდონს ქვეყნის საგარეო ვექტორის ასე მარტივად, 180 გრადუსით შებრუნება გაუჭირდება. პრორუსილი და პროევროპული განვითარების კურსის მომხრეთა რაოდენობა ადგილობრივ საზოგადოებაში თითქმის თანაბარია.

"მოლდოვა, მისდა სამწუხაროდ, რუსეთზეა დამოკიდებული. ენერგორესურსებით რესპუბლიკა რუსეთისგან მარაგდება, იქვეა დასაქმებული ასიათასობით მოლდოველი, რომელიც აქ საკუთარ ოჯახებს არჩენს. შესაბამისად, ჩვენს საწინააღმდეგოდ მოსკოვს უამრავი ბერკეტი აქვს. ამასთან, პროევროპულად განწყობილმა ლიდერებმაც ვერ გაამართლეს რიგითი ამომრჩევლების იმედები, რადგანაც მათი აბსოლუტური უმრავლესობა კორუფციონერი ეგოისტი გამოდგა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოლდოველებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, კვლავ რუსული გავლენის ქვეშ სურთ დაბრუნება. შესაბამისად, დოდონის იდეა, დაითხოვოს პარლამენტი და გამოაცხადოს რეფერენდუმი სრული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, დიდ წინააღმდეგობასა და სირთულეებს წააწყდება," - თქვა "რეზონანსთან" საუბრისას მოლდოველმა პოლიტოლოგმა ანტონიუ გუცანმა.

მოლდოვის პრეზიდენტი რეფერენდუმის გამართვას დნესტრისპირეთის არაღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკის სტატუსის განსასაზღვრადაც გეგმავს. მისი თქმით სახელმწიფოში ამ საკითხისადმი ერთსულოვანი მიდგომა უნდა იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×