"ოპერაცია თავიდან ბოლომდე ქართველების მიერ იყო დაგეგმილი, "სოხუმი" ამიტომაც ეწოდა"
ვახტანგ შამუგია
24.01.2017

 უკრაინის არმიის 54-ე ბრიგადის 25-ე ბატალიონის შემადგენლობაში მყოფმა "ქართულმა ლეგიონმა" დონბასში კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია, სახელად - "სოხუმი" განახორციელა. შედეგად, დასახლებულ პუნქტ სვიატლოდარსკის მიმართულებით, პრორუსმა სეპარატისტებმა ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი დაკარგეს.

სპეცოპერაციის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ქართველი მოხალისეების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ერთი გასროლის გარეშე, უდანაკარგოდ ჩატარდა.

მსოფლიოში, ბოლო პერიოდში მომხდარმა სხვადასხვა რეზონანსულმა მოვლენებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული ვითარება ერთი შეხედვით, მეორე ადგილზე გადაანაცვლა, თუმცა, დონბასში საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება. თანაც, სროლების ინტენსივობა შემაშფოთებლად იზრდება.

ქართულ საზოგადოებაში უკრაინისადმი და მის სამხრეთ აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისადმი მაღალი ინტერესია, რასაც მნიშვნელოვანწილად ისიც განაპირობებს, რომ უკრაინის არმიის შემადგენლობაში საქართველოს ათობით მებრძოლი იბრძვის.

"ჩვენ ვიყავით პირველი გადამღები ჯგუფი, რომელიც სეპარატისტებისაგან ქართველების მიერ განთავისუფლებულ ტერიტორიაზე შევიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი გამაგრება, რაც მინუს 29 გრადუსიან ყინვაში არც თუ ისე ადვილი საქმეა.

"თუმცა, სამხრეთელი, კავკასიელი ბიჭები, რომლებიც იმ ქვეყნიდან არიან, რომლის მზის ქვეშაც მსოფლიოში საუკეთესო ვენახებია, ამ საქმეს თავს მშვენივრად ართმევენ. ისინი ჩვენთვის, უკრაინისათვის იბრძვიან!", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინელი ტელეჟურნალისტი, ანდრეი ცაპლიენკო.

სპეცოპერაცია "სოხუმის" დეტალებზე გაზეთ "რეზონანსს" "ქართული ლეგიონის" მებრძოლი, შოთა კედელაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, ოპერაცია დიდხანს და გულმოდგინედ იგეგმებოდა, რადგანაც მის წარმატებით განხორციელებას უკრაინული მხარისათვის ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

"ოპერაცია თავიდან ბოლომდე ქართველების მიერ იყო დაგეგმილი, "სოხუმი" ამიტომაც ეწოდა. ადგილი, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ, ერთგვარ პლაცდარმს წარმოადგენდა, საიდანაც სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს შეეძლოთ სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოღწევა.

"ამასთან, იქ შემჩნეულნი იყვნენ კონტრაბანდისტებიც, რომლებიც ამ ადგილის გავლით თავის საქონელს ეზიდებოდნენ. ჩვენი ქმედებების შედეგად მათ ეს გზა მოეჭრათ. ჩვენ მათ ალყა უჩუმრად შემოვარტყით.

"ისინი მიხვდნენ, რომ მათ იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა, მოულოდნელად აიყარნენ და უკან დაიხიეს. ალაფის სახით ხელში მათ მიერ დატოვებული გარკვეული რაოდენობის საბრძოლო მასალები ჩაგვივარდა", - თქვა მან "რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, დონბასელი და ლუგანსკელი სეპარატისტები 2015 წლის თებერვალში, მინსკში გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას სისტემატურად არღვევენ. ხშირია საარტილერიო დაბომბვების ფაქტები.

ოპერაცია "სოხუმი" მე-17 სატანკო ბრიგადის მოტომსროლელი ბატალიონისა და 54-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის ძალების მხარდაჭერით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რამდენიმე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. მათ შორის ერთ-ერთი "ქართული ლეგიონის" წევრი, ჯაბა ლელაშვილია.

"ქართული ლეგიონი" უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას 2014 წლის შემოდგომიდან იღებს. მათ ანგარიშზე ათობით წარმატებით განხორციელებული სპეცოპერაციაა. ამ ეტაპზე ისინი 54-ე ბრიგადის 25-ე ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებიან და საკონტრაქტო სამსახურში არიან.

ამ დროის განმავლობაში, პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლას საქართველოს ექვსი მოქალაქე შეეწირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×