შოთა თხელიძე
23.01.2017

 17-20 იანვარს შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში რიგით 47-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ფორუმის თემა "მგრძნობიარე და პასუხიმგებლიანი მმართველობა" იყო.

ფორუმში მსოფლიოს 99 ქვეყნიდან 3000-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. დელეგატებს შორის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური სფეროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და მსხვილი კორპორაციების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. მონაწილეებს შორის იყო გაეროს ახალი გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, საერთაშორისო მონეტარული ფონდის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი და წამყვანი ევროპული ბანკის პრეზიდენტები. ფორუმის ფარგლებში 400-მდე სესია გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობა პირველად ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიიღო, რომელმაც გახსნა კიდევაც ოთხდღიანი ღონისძიება. მისი ფორუმზე გამოჩენა ჩინეთის გლობალურ დონეზე მზარდი გავლენის მანიშნებელი იყო, იმ ფონზე როდესაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იზოლაციონისტურ პოლიტიკის მიმდევარია და ლოზუნგით "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" ინაუგურაციის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას მისი ხედვა ცხადად დააფიქსირა.

ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეიც ესწრებოდა, რომელსაც ბრექსიტის საკითხზე მნიშვნელოვანი ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწია. შეხვედრებში მონაწილეობა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს არ მიუღია.

ფორუმზე ოთხი ძირითადი თემა გამოიკვეთა. პირველი გლობალიზაციის პროცესს ეხებოდა. საკითხი ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოჭრა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალიზაციის და საერთაშორისო ვაჭრობის პროცესის გაგრძელებას, რადგან მსოფლიოს მომავალი განვითარება მხოლოდ ამ გზით მიიღწევა და რომ ყველაფერი გლობალიზაციის ბრალი არ არის.

პრეზიდენტმა ირიბად გააკრიტიკა აშშ-ის და ბრიტანეთის პოლიტიკური ხედვები: ეკონომიკური პროტექციონიზმი, სავაჭრო ტარიფების დაწესება, ადგლობრივი მუშახელის ხელშეწყობა და ა.შ. და დასძინა, რომ ყოველივე ეს ნაციონალიზმის გაღვივებაა. მისი თქმით, მას არასდროს უცდია ჩინური კომპანიების ხელოვნური ხელშეწყობა და რომ ჩინეთის ხედვა მულტიეთნიკური შრომითი ძალის დასაქმებაა.

დასავლელი პოლიტიკოსების გასაკვირად, სი ძინპინმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების პრობლემასაც. მისი თქმით, გლობალური დათბობა საფრთხის შემცველია და მეცნიერული დასკვნების უგულებელყოფამ შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს პლანეტა. მან ირიბად გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა, მისი საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდგომ ერთ-ერთი პირველი ბრძანება რაც გასცა, ბარაქ ობამას მიღებული კლიმატის რეგულირების აქტის გაუქმება იყო.

მეორე საკითხი ტრამპსა და ზოგადად, დასავლურ სამყაროში პოპულიზმის ზრდას შეეხებოდა. აღნიშნულ საკითხზე მრავალი პანელ-დისკუსია გამიართა. მომხსენებლები საუბრობდნენ მემარჯვენე პოპულიზმის აღზევებაზე ამერიკასა და ვეროპაში, რომელიც საზოგადოებებში შიშის დათესვას ემსახურება.

დისკუსია შეეხებოდა ბინძური პოლიტიკის წარმოებას, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ჰაკერულ კიბერშეტევებს და ა.შ. მიუხედავად გამალებული მსჯელობებისას, იშვიათად ახსენებდნენ დონალდ ტრამპის სახელს. ამის გარდა, აშშ-ის უკვე ვიცე-პრეზდენტმა ჯო ბაიდენმა პირადად ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა გლობალური საფრთხეების ზრდაში და მსოფლიო პრობლემების შექმნაში.

მესამე ძირითადი საკითხი შრომის ავტომატიზებას შეეხებოდა. ტექნოლოგიების ზრდამ და პროდუქტის რობოტები-მანქანებით წარმოებამ მნიშვნელოვნად შეამცირა დასაქმებულთა რიცხვი. თვითონ ტრამპი და ბრექსიტის მომხრეები ამ პრობლემას აპელირებდნენ, ადგილობრივმა მუშახელმა სამუშაო დაკარგა. ამას გარდა, მცირდება ისეთ ადამიანთა რიცხვიც ვინც უახლესი ტექნოლოგიების წარმოებაში კვალიფიციურია.

ფორუმზე მსხვილი კომპანიების წარმომადგნელებს მექანიზაციის პროცესით გამოწვეულ მშრომელთა რეალურ ყოფით პრობლემებზე მოუწიათ მსჯელობა; თუ როგორ უნდა მოახერხონ და ადამიანები სამუშაო პოზიციებზე შეინარჩუნონ.

მეოთხე და ბოლო თემა ბრექსიტის საკითხს მოიცავდა. პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი ერთგული რჩება მისი ევროპელი მეგობრების, გლობალიზაციის და ტრანს-ატლანტიკური ალიანსის, მაგრამ დელეგატების ეჭვები თუ როგორ უნდა განხოციელდეს ეს პრაქტიკაში კვალვ ეჭვ ქვეშ დარჩა. მათი ინტერესი ბრექსიტი პროცესი იყო, თუ როგორ განხორციელდება და რა შედეგებს მოიტანს ის როგორც ევროპული კავშირისთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის.

მეიმ მსოფლიო პოლიტიკურ ელიტას გლობალიზაციისგან მომდინარე საფრთხეების გამკლავებისკენ მოუწოდა და პოლიტიკის შეცვლა ურჩია. მან სიამაყით განაცხადა, რომ ბრიტანეთმა თავისუფალი ბაზრის და თავისუფალი ვაჭრობის სფეროში მსოფლიო ლიდერობა იტვირთა.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ტერეზა მეი გააფრთხილა, რომ ბრექსიტის შემთხვევაში ბრიტანეთი მსხვილი კორპორაციების სამოთხედ იქცევა, სადაც საშუალო და მუშათა კლასი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

ფორუმს ესწრებოდა ცნობილი უნგრელი მილიარდერი ჯორჯ სოროსიც, რომელმაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. იგი თვლის, რომ ტერეზა მეის მთავრობა დიდხანს ვერ გაძლებს, რადგან ბრიტანული ფუნტის გაუფასურება და ინფლაციის ზრდა ხელფასების შემცირებას გამოიწვევს, რაც ადრე თუ გვიან ბრიტანელ მოქალაქეებს მიახვედრებს, რომ იმედები გაუცრუვდათ. მან ასევე დასძინა, რომ ბრექსიტის პროცესი გრძელი, ბრიტანეთისთვის მტკივნეული და დამაზარალებელი იქნება.

სოროსმა ხაზი გაუსვა ევროპის კავშირში მიმდინარე ანტი-ევროპული პარტიების მზარდ მხარდაჭერასაც, რაც ძირითადად მოსახლეობის პოლიტიკური პროცესებიდან გარიყულობამ და გაუცხოებამ გამოიწვია.

მილიარდერმა ფილანტროპმა აშშ-ში დონალდ ტრამპის პოლიტიკის გარდაუვალი მარცხიც ივარაუდა. მან ტრამპი დიქტატორული ტიპის ლიდერებს შეადარა და სურვილი გამოთქვა, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა და მასში შემავალი ინსტიტუციები ამას არ დაუშვებენ.

ოთა თხელიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×